საყავრის წმინდა გიორგის ეკლესია

საყავრის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრის ცენტრში. თარიღდება IX-X საუკუნეებით.

საყავრეს წმინდა გიორგის ეკლესია

ეკლესია დარბაზულია (9,7 × 5,6 მ), ნაგებია ქვიშაქვის მოზრდილი ქვებით. არქიტრავიანი შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდში სარკმლის მარცხნივ, სამკვეთლოსთან დამაკავშირებელი შესასვლელია, მარჯვნივ — მცირე ზომის სწორკუთხა ნიში. აფსიდს გასდევს დაბალი საფეხური. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილი იყო კანკელით (შემორჩენილია ორნამენტული ქვები). ეკლესიის დასავლეთისა და სამხრეთის კედლებში თითო სარკმელია, დარბაზის გრძივ კედლებზე — თითო პილასტრი. დასავლეთ კედელზე კრონშტეინებზე დაყრდნობილი დეკორატიული თაღია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც შუაში ეყრდნობა საბჯენ თაღს. დარბაზის კედლებს გასდევს ერთი საფეხური.

ინტერიერი თავდაპირველად მთლიანად ყოფილა მოხატული. შემორჩენილი ფრაგმენტები შეჭვარტლულია. მოხატულობა გაირჩევა მხოლოდ საკურთხეველში. იგი ორ რეგისტრადაა დაყოფილი. კონქში გამოსახულია ვედრება, ქვემოთ — ეკლესიის მამები, სარკმლის გვერდით — წმინდანთა გამოსახულებები. უფრო ქვემოთ მხატვრობა საკმაოდ დაცილებულია იატაკიდან და მოჩარჩოებულია ორნამენტული ზოლით (მოტივი გაურკვეველია). ორმაგი ორნამენტული ზოლის ნაშთები შეიმჩნევა დარბაზის კედლებზეც. მხატვრობა შესრულებულია გაწაფული ხელით. წმინდანთა გამოსახულებები საკურთხეველში ხასიათდება მონუმენტურობით, დახვეწილი პროპორციებით, ოსტატური ნახატით.

ეკლესიის სამხრეთ კედლის შელესილობის ქვედა ფენაზე შემორჩენილია სხვა ქრონოლოგიური ფენის პრიმიტიული გამოსახულებები. მათი ნაწილი (ირემი, ადამიანი, ხელის მტევანი, ცალკეული გეომეტრიული ფიგურები) ამოკაწრულია კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში. აქვე შეიმჩნევა წითური ოქრას მკრთალი ლაქები. კედლის დასავლეთ მონაკვეთში ამავე ფერის კონტურით შესრულებული დიდთვალებიანი ადამიანის თავია. გამოსახულებათა უშუალობა, ცოცხალი ნახატი მიუთითებს, რომ ქვედა ფენის მხატვრობა შესრულებულია გაცილებით უფრო ადრე (სავარაუდოა X ს.), ვიდრე ზედა ფენისა.

შენობის ფასადებს გასდევს ცერად წაკვეთილი პროფილის ლავგარდანი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით. ეკლესიისათვის დასავლეთიდან და სამხრეთიდან გვიანდელ ფეოდალურ ხანაში მიუშენებიათ ეგვტერი და სათავსი. ეგვტერი სამხრეთ კედელზეა მიშენებული (დასავლეთ სათავსზე რამდენადმე უფრო ადრე) ნახევარწრიული თაღედით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარის ზემოთ და აფსიდში თითო სარკმელია. ეგვტერი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც ებჯინება თაროსებრ კრონშტეინებზე დაყრდნობილ ორ თაღს. დასავლეთ კედელში დატანებული კარით ეგვტერი უკავშირდება დასავლეთ სათავსს, რომელსაც უკავია ეკლესიისა და ეგვტერის მთელი დასავლეთ ფასადი. სათავსიც ეკლესიის დასავლეთ კედელზე სვეტებზე დაყრდნობილი შეისრული თაღითაა მიშენებული. სათავსის დასავლეთისა და სამხრეთის კედლებში თითო სარკმელია. გადახურულია არასწორი ფორმის კამარით, რომელიც აგებულია თავდაპირველი კამარის ნაცვლად. ძველი გადახურვიდან შემორჩენილია ერთი საბჯენი თაღი, რომელიც თაროსებრ კრონშტეინებს ეყრდნობა. დასავლეთ კედელზე შემორჩენილია ერთი კრონშტეინი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.