საღმრთო გუდანის ჯვარი

საღმრთო გუდანის ჯვარი — საკულტო ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდანის ჩრდილო - აღმოსავლეთით, 200 მეტრზე. იგი აგებულია XIX საუკუნის დასასრულს – ძველი საკულტო ნაგებობების შემორჩენილ საძირკველზე. შედგება ფიქლით ნაგები და ერთმანეთზე მიდგმული ოთხი სწორკუთხა ნაგებობისგან. ჩრდილო–დასავლეთით ბეღლის კარია. შესასვლელი მას აღმოსავლეთიდან აქვს. შიგნით აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებს ფიქლის ქვის ჩამოსაჯდომი გასდევს. ბეღლის კარს დასავლეთიდან პატარა ორსართულიანი ნაგებობა ბეღელი ეკვრის. მისი I სართული უსარკმლო ოთახია, რომელსაც შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს. II სართულის შესასვლელი აღმოსავლეთ კედელშია გაჭრილი. ჩრდილოეთით ერთი სწორკუთხა სარკმელია. სათავსის შუაში შემორჩენილია კერის რამდენიმე ფიქლის ფილა. კერაზე ჩამოშვებულია ქვაბის ჩამოსაკიდებელი ჯაჭვი. კედლებთან ხის სავარძლები დგას. თუნუქის ორფერდა სახურავი და სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზეა მოწყობილი. ჩრდილოეთის ფასადზე, შესასვლელის თავზე, ვინმე ვასო ბურდულის მიერ ამოკაწრული წარწერაა: „მე ავაშენე და ხალხს დარჩეს.“ ბეღლის კარის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეზე მიდგმულია ორსართულიანი, მოგრძო შენობაა. I სართულს ჩრდილოეთით შესასვლელი და ერთი სწორკუთხა სარკმელი აქვს, აღმოსავლეთით ბუხარი და ერთი ნიში. მიწურ იატაკზე კერაა მოწყობილი. ამ სართულზე, რომელსაც სადიასახლისოს უწოდებენ, ქალები არ დაიშვებოდნენ და მამაკაცები „დიასახლისობდნენ.“ II სართულს შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. ჩრდილოეთ კედელში სარკმელია, სამხრეთისაში - ორი კარი, მათ შორის მარჯვენა სამხრეთიდან მიშენებულ პატარა სათავსში გადის, რომელსაც დამოუკიდებელი შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. საღმრთო გუდანის ჯვარი ხევსურეთის ყველაზე მნიშვნელოვანი სალოცავი იყო.

ლიტერატურა

რედაქტირება