საქინა ახუნდზადე
საქინა მირზა ეიბათ ყიზი ახუნდზადე (აზერ. Səkinə Mirzə Heybət qızı Axundzadə; დ.1865, ყუბა - გ. 1927, ყუბა) — პირველი აზერბაიჯანელი ქალი დრამატურგი და რომანისტი, საზოგადო მოღვაწე, მასწავლებელი, აზერბაიჯანული ენის სახელმძღვანელოების ავტორი, ბაქოს მუსლიმ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების აქტიური წევრი[1][2].
საქინა ახუნდზადე | |
---|---|
აზერ. Səkinə Axundzadə | |
სრული სახელი | აზერ. Səkinə Mirzə Heybət qızı Axundzadə |
დაბადების თარიღი | 1865 |
დაბადების ადგილი | ყუბა, ბაქოს გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 1927 |
გარდაცვალების ადგილი | ყუბა, აზერბაიჯანის სსრ |
საქმიანობა | დრამატურგი, თარჯიმანი, პედაგოგი |
ენა | აზერბაიჯანული |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ჟანრი | დრამა, ტრაგედია, კომედია, რომანი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასაქინა ახუნდზადე დაიბადა 1865 წელს ქალაქ ყუბაში დიდგვაროვან ოჯახში. მამამისი მირზა ეიბათი იყო გამოჩენილი აზერბაიჯანელი მეცნიერისა და განმანათლებლის აბასყული-აღა ბაკიხანოვის მიერ შექმნილი რუსული ლიტერატურული საზოგადოების აქტიური წევრი. ის ასევე პოეტი იყო. ლექსებს წერდა ფსევდონიმით ფედა. ასეთ კულტურულ გარემოში აღზრდის წყალობით საქინას ბავშვობიდანვე გაეღვიძა სიყვარული ლიტერატურის, თეატრისა და ხელოვნებისადმი[1].
ახალგაზრდა ასაკში ყუბაში დაქორწინდა კაცზე სახელად თალიბი. მათ შეეიძინათ ქალიშვილი. საქინა ახუნდზადე გოგონების განათლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და ცდილობდა ამ მხრივ მათი განვითარებისთვის ხელი შეეწყო, რაშიც მისი მეუღლე მას ღიად მხარს უჭერდა. ეს არ მოსწონდათ კონსერვატიულად განწყობილ მოსახლეობის ნაწილს და შედეგად, თალიბი ერთ-ერთმა ყაჩაღმა მოკლა. რამდენიმე წლის მერე ახუნდზადე მეორედ ქმნის ოჯახს. ამჯერად ის ყუბაში რუსული ენის მასწავლებელს, მუჰამედ აღაბეკოვის ცოლი ხდება. აღაბეკოვთან ქორწინების წლებში საქინამ თავის სახლში გახსნა უფასო სკოლა გოგონებისთვის. მალე წყვილს შეეძინათ ვაჟი, იუსიფი, მოგვიანებით ცნობილი როგორც პროფესორი და დოცენტი განჯის უნივერსიტეტში, იუსიფ აღაბეკოვი, რომელიც 1937 წელს დაექვემდებარა რეპრესიებს და დახვრიტეს. გადის რამდენიმე ხანი და ახუნდზადეს მეორე ქმარი, მუჰამედ აღაბეკოვი კვდება[3].
ბაქოში მოღვაწეობის წლები
რედაქტირება1900 წელს საქინა ახუნდზადე ბაქოში მიიწვია ნავთობმწარმოებელმა და მილიონერმა მეცენატმა ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევმა, რომელმაც შეიტყო მისი საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ ყუბაში[3]. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ახუნდზადე შარიათსა და ლიტერატურას ასწავლიდა ბაქო თაღიევის სახელობის მუსლიმთა გოგონათა სკოლაში. როგორც თეატრმცოდნე ყულამ მამმადლი წერს, საქინა ახუნდზადეს დროს თეატრებში ქალის როლებს მამაკაცი მსახიობები თამაშობდნენ. ამიტომ ქალ მაყურებლებს, მათ შორის საქინა ახუნდზადეს, პიესების ყურება შეეძლოთ მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილი ადგილიდან და თან ჩადრით.
ახუნდზადეს მემუარების მიხედვით, იგი ცდილობდა ეპოვა გზა, რომ ქალები მოეზიდა თეატრში და აეძულებინა მამაკაცები არ ჩაეცვათ ქალის სამოსი. ახუნძდზადეს მიერ დაწერილი პირველი პიესა იყო „მეცნიერების სარგებელი“ (ანუ „მეცნიერების სარგებლობის შესახებ“). ამის შემდეგ მან შექმნა პიესა „სიმართლის სიტყვა მწარეა“. ამ დრამებში ბევრი ქალი პერსონაჟი იყო. ორივე სპექტაკლის რეჟისორი თავად საქინა ახუნდზადე იყო. მან ყველა როლი დაურიგა მასწავლებლებსა და სტუდენტებს. სპექტაკლის დღეს აუდიტორიაში ასევე მხოლოდ ქალები იყვნენ[1].
საქინა ახუნდზადემ ასევე თარგმნა რამდენიმე ნაწარმოები თურქული ლიტერატურიდან აზერბაიჯანულ ენაზე და მათ სცენაზე დადგმაშიც მიიღო მონაწილეობა. აზერბაიჯანის სცენაზე დაიდგა მის მიერ მომზადებული დრამა „ძალადობის ნაყოფი“, რომელიც დაწერილია ფრანგი კომპოზიტორის ლეო დელიბესის ოპერის „ლაქმეს“ მიხედვით[4] და ნამიკ ქემალის ნაწარმოებიდან „უბედური ბავშვი“. ეს ორი სპექტაკლი მრავალი წლის განმავლობაში იდგმებოდა აზერბაიჯანის თეატრის სცენებზე. ასევე 1914 წელს ჰუსეინ არაბლინსკის მიერ ტფილისში პირველად დაიდგა სპექტაკლი „ძალადობის ნაყოფი“.
საქინა ახუნდზადემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აზერბაიჯანელი გოგონების თეატრის გაცნობაში. შექმნილ ნამუშევრებში იგი ცდილობდა გაევრცელებინა აზერბაიჯანელი გოგონების თავისუფლების იდეა, გაეღვიძებინა მათი სიყვარული ცოდნისა და მეცნიერების მიმართ. თუმცა, მუსლიმი გოგონების განათლების სფეროში ახუნდზადეს საქმიანობა ხშირად გარკვეულ სირთულეებს უქმნიდა მას. კონსერვატიულად მოაზროვნე ხალხი გოგონების სცენაზე თამაშის წინააღმდეგი იყო.
საქინა ახუნდზადე თავისუფლად ფლობდა არაბულ და სპარსულ ენებს და კარგად იცნობდა აღმოსავლურ ლიტერატურას. იგი იყო პირველი ქალბატონი, რომელმაც დაწერა რომანი. 1918 წელს ფოლკლორული მოთხრობის საფუძველზე დაწერილი რომანში „უფლისწული აბულფაზი და რენა“, ავტორი აყენებს აზერბაიჯანელი ქალების ცხოვრებაში ცრურწმენებისგან გათავისუფლების იდეას. ლიტერატურულ ფორმაში მან თავის შემოქმედებაში ასახა თავისუფლების სული. ჯამში ახუნდზადემ დაწერა ხუთი პიესა და ერთი რომანი[1].
საქინა ახუნდზადე ასევე იყო 1922-1923 წლებში გამოცემული წიგნის „ახალი თიურქული ანბანის“ თანაავტორი[1].
ცხოვრების ბოლო წლები
რედაქტირებასიცოცხლის ბოლო წლებში საქინა ახუნდზადეს მძიმე ავადმყოფობა აწუხებდა. იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა ბაქო და გადასულიყო მშობლიურ ყუბაში. იმდროინდელი ცნობილი აზერბაიჯანელი მსახიობები ხშირად ჩადიოდნენ ყუბაში მის მოსანახულებლად[1].
ახუნდზადე გარდაიცვალა 1927 წელს ყუბაში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Керимов И. С. (азерб.)рус.. Становление и развитие азербайджанского театра: Конец XIX — начала XX в.. — Б.: Элм, 1991. — 292 с. გვ. 168
- ↑ Фаизов С. Ф. Движение мусульманок России за права женщин в 1917 г: страницы истории / Ответственный редактор Д. В. Мухетдинов. — Нижний Новгород: НИМ «Махинур», 2005. — С. 86. — 106 с.
- ↑ 3.0 3.1 Əri qətlə yetirilən, oğlu güllələnən Azərbaycanın ilk qadın dramaturqunun FİLM KİMİ HƏYATI
- ↑ Bir səmanın üç ulduzu - Ulduz Əliyeva, Səkinə Axundzadə və Göyərçin xanım...