საქართველოს ბანკის სათავო ოფისი

საქართველოს ბანკის სათავო ოფისი (ყოფილი საავტომობილო გზების სამინისტროს შენობა) — 1975 წელს აიგო არქიტექტორების, ზურაბ ჯალაღანიასა და გიორგი ჩახავას პროექტის მიერ. ნაგებობა გამოირჩევა პოსტკონსტრუქტივისტული მოდერნისტული სტილით. ეს მონუმენტური შენობა, რომელსაც ნიუ-იორკ ტაიმსმა უწოდა „დასავლეთისთვის მოულოდნელი აღმოჩენა, რომელმაც მრავალი სტანდარტული კლიშე დაამსხვრია გვიანდელ საბჭოთა არქიტექტურაზე“[1], ამ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ნიმუშია თბილისში. 1980 წელს ამ შენობის პროექტირებისა და მშენებლობისათვის ავტორებს სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს პრემია მიენიჭათ. 2007 წელს შენობა საქართველოს ბანკმა შეიძინა.

ისტორია რედაქტირება

საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობა აგებულია 1975 წელს. სტილისტურად დაკავშირებულია საბჭოთა კონსტრუქტივიზმისა და იაპონური მეტაბოლიზმის არქიტექტურულ ტენდენციებთან.

საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობას, რომელიც ერთი შეხედვისთანავე საკუთარი ორიგინალური ფორმებით იპყრობს ყურადღებას, თავის დროზე არც ზუსტი ანალოგი და არც რაიმე დედანი გააჩნდა. მისი ოთხივე ფასადი იოლად აღსაქმელია, რომელიც, ერთი მხრივ, ხისტი კონსტრუქციულობითა და გეომეტრიულობით გამოირჩევა, მაგრამ, ამავდრულად კომფორტულად არის განთავსებული ლანდშაფტში, რასაც წლების განმავლობაში კიდევ უფრო ამძაფრებდა მისი მწვანე, მცენარეებით დაფარული ფასადები. სამი განსხვავებული საწყისის — გეომეტრიულობის, ფორმალიზმისა და ლანდშაფტურობის სინთეზი, გარეგნულადაც საინტერესოს ხდის ნაგებობას, რომლის მთავარი ორიგინალურობაც არც ვიზუალურ ესთეთიკაში, არამედ არქიტექტურულ გეგმაში მდგომარეობს. სწორედ განსხვავებულმა იერმა და წარმატებით განხორციელებულმა ორიგინალურმა კონცეფციამ განაპირობა შემდეგი რეზონანსი: 1977 წელს ჟურნალ Domus-ის 577-ე ნომერში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც თბილისის ახალ არქიტექტურულ ნაგებობას ეხებოდა. აღნიშნული შენობა, როგორც არქიტექტურული შედევრი, შევიდა ცნობილი საგამომცემლო სახლის, TASCHEN-ის ახალ გამოცემაში Frédéric Chaubin, Cosmic Communist Constructions Photographed[2]. ყოფილი გზების სამინისტროს შენობა შეტანილია ბევრ წიგნში, სამეცნიერო ნაშრომში, კატალოგსა თუ პოპუალრულ გამოცემაში. უახლესი სტატია გამოქვეყნებულია 2011 წლის 7 თებერვალს „გარდიანში“[3].

ორიგინალური - მარტივი შეფასებაა, რომელიც ქართველი არქიტექტორების პროექტის უნიკალურობას და წარმატებულ რეზონანს ვერ განაპირობებდა. ჩნდება კითხვა, მაინც რატომ და როგორ გახდა აღნიშნული შენობა საბჭოთა არქიტექტურის ვარსკვლავი, როგორც მას ხელოვნებათმცოდნეები და კრიტიკოსები უწოდებდნენ. ნაგებობა წარმოადგებს ურთიერთგადამკვეთ პარალელეპიპედს, რომელიც ამოდის ერთმანეთისგან შორს მდგომ სამ ოთხკუთხა მოცულობაზე. შენობა მთლიანად იკავებს საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას, მეტად რელიეფურ სივრცეში. ფაქტობრივად მთაშია ჩაშენებული და აქცენტს აკეთებს საინჟინრო ტექნოლოგიების, არქიტექტურულ-გეომეტრიული ფორმებისა და ბუნების სინთეზზე. მკვლევარები სხვადასხვა პერიოდის ურბანისტულ კულტურაში ეძებენ 1975 წელს თბილისში აგებული ამ ნაგებობის იდეის საფუძვლებს, იმას თუ რას შეიძლებოდა მოეხდინა არქიტექტორების გავლენა, ვიდრე ასეთ ექსპერიმენტს ჩაიფიქრებდნენ. რთული და ალოგიკური იქნება გავექცეთ საბჭოთა არქიტექტურის გამოცდილებას, რომელიც 20-იანი წლებიდან იწყებს ათვლას და 70-იან წლებამდე თავისებური ექსპერიმენტებისა და ტენდენციების გამოცდილებით მოდის. 20-იანი წლები ის პერიოდია, საიდანაც ყველაზე მეტად უნდა საზრდოობდეს საქართველოს ბანკის ამჟამინდელი სათავო ოფისის შენობის ფორმა და იდეური ჩანაფიქრი.

კუბი და სხვა სიახლეები რედაქტირება

მართალია დასავლეთში მინის არქიტექტურაში გამოყენების უკვე დიდი ხნის ისტორია არსებობს, პოსტსაბჭოთა ქალაქებში მისდამი ინტერესი XXI საუკუნის დადგომასთან ერთად გაიზარდა. თუკი მანამდე მინისგან მზადდებოდა დამატებითი არქიტექტურული აქსესუარები, ანდა ობიექტები ინტერიერისთვის, თანამედროვეობაში მინამ ჩაანაცვლა სხვა საშენი მასალა, რომლითაც არქიტექტურული კონსტრუქციები შენდება.

მინის კონსტრუქცია, რომელიც საქართველოს ბანკის ახალი სათავო ოფისის შესასვლელად წარმოგვიდგება, არის 12, 377 მეტრის სიგანის კუბი. მისი სიმაღლე 11 მეტრია.კუბის იდეა წარმოიშვა რეცეფციისთვის შეზღუდული სივრცის არსებობის გამო. შენობის კოშკების პირველი სართულების ფართი არასაკმარისი იყო მისაღებისა და მოსაცდელი სივრცისთვის. ამიტომ არქიტექტორების წინაშე დადგა ამოცანა, შეექმნათ ალტერნატიული სივრცე ბანკის სათავო ოფისში მოსულ ადამიანებთან დიალოგისთვის.

არქიტექტორებმა მონახეს გამოსავალი - მიწისქვეშა სართული, რომელიც დააპროექტეს, როგორც მისაღები.ვიზიტორთა ნაკადი იქ იმ ესკალატორებით ხვდება, რომლის ღიობიც მინის კუბით არის გადახურული. კუბის კონსტრუქცია სიგრძე-სიგანეში იმეორებს ძირითადი ნაგებობის კოშკების ზომებს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება