საქართველოს მთავრობის დადგენილება
საქართველოს მთავრობის დადგენილება — საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტი, რომელიც მიიღება საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად[1][2][3]. საქართველოს მთავრობის დადგენილების მომზადების, მიღებისა და ძალაში შესვლის წესი განისაზღვრება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს მთავრობის რეგლამენტით[2][3].
მოქმედების სივრცე
რედაქტირებასაქართველოს მთავრობის დადგენილება მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და შესასრულებლად სავალდებულოა, თუ თუ თვით ამ აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი[4][5].
საქართველოს მთავრობის დადგენილება მიიღება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. დადგენილებაში უნდა მიეთითოს, თუ რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული იგი[2].
საქართველოს მთავრობა დადგენილებას იღებს იმ შემთხვევაშიც, თუ შესაბამისი საკითხი მოწესრიგებული არ არის საქართველოს საკანონმდებლო აქტით და მისი მიღება გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკითხი განეკუთვნება სხვა ორგანოს უფლებამოსილებას)[6]. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, ნორმატიული აქტის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომლითაც გათვალისწინებული იქნება საქართველოს მთავრობის ან სხვა ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ შესაბამის საკითხზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღების/გამოცემის უფლებამოსილება. თუ საქართველოს პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს არ მიიღებს მისი წარდგენიდან სამი თვის ვადაში, საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალადაკარგულად ითვლება. ამასთან, საქართველოს მთავრობას აღარ აქვს უფლება, იმავე საკითხზე მიიღოს დადგენილება[7].
მომზადება, მიღება და ამოქმედება
რედაქტირებანებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება მთავრობის მიერ, ფორმდება მთავრობის სამართლებრივი აქტის სახით. მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამის პროექტს საკითხის შესწავლის შემდეგ შეიმუშავებს ინიციატორი უწყება, რომელსაც მთავრობის წინაშე ეკისრება მის შედეგებზე პასუხისმგებლობა[8].
მომზადება
რედაქტირებასაქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამის პროექტს საკითხის შესწავლის შემდეგ შეიმუშავებს ინიციატორი უწყება. პროექტის ინიციირების უფლება აქვთ შემდეგ უწყებებს: საქართველოს სამინისტროებს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრების აპარატებს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ქ. თბილისის მერიას, სახელმწიფო რწმუნებულების — გუბერნატორების ადმინისტრაციებს, იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებსაც არ ჰყავთ მაკონტროლებელი (გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული რელიგიური გაერთიანებებისა), საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელ დაწესებულებას ან სხვა დაინტერესებულ იურიდიულ პირს, შესაბამისი დარგობრივი სამინისტროს ან მთავრობის ადმინისტრაციის მეშვეობით[9].
სამართლებივი აქტის ინიციირებას ახორციელებს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე[10]. თვითმმართველი ქალაქები და მუნიციპალიტეტები პროექტის ინიცირებას ახორციელებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ან შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მეშვეობით[11].
ინიციატორი უწყება მთავრობის რეგლამენტით დადგენილი წესით შემუშავებულ სამართლებრივი აქტის პროექტს ელექტრონული ფორმით (.pdf ფაილის სახით) და მთავრობის წევრებს შესათანხმებლად უგზავნის „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის[შენიშვნა 1] მეშვეობით[12].
ინიციატორი უწყება სამართლებრივი აქტის პროექტს შეიმუშავებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პროექტს თან უნდა დაერთოს თანდართული ფორმის განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება წარდგენილი პროექტის არსი, ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ, მისი მიღების მიზეზი და მიზანი, საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი აქტის მოკლე ვადებში მიღების (გამოცემის) დასაბუთება, მოსალოდნელი შედეგი, იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რომლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება. განმარტებით ბარათში აღინიშნება აგრეთვე პროექტის ავტორი (ავტორები) და წარმდგენი[13].
მიღება
რედაქტირებამთავრობის წევრები ვალდებული არიან, პროექტის ინიციირებიდან 5 დღის განმავლობაში სპეციალურ ველში დააფიქსირონ პროექტის თაობაზე მთავრობის წევრის პოზიცია „ეთანხმება“ ან „არ ეთანხმება“[14]. მთავრობის წევრები ვალდებული არიან, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთონ პროექტის თაობაზე საკუთარი უწყების დასაბუთებული შენიშვნები, თუ ეთანხმებიან პროექტს, მაგრამ აქვთ გარკვეული შენიშვნები ან არ ეთანხმებიან პროექტს[15]. მთავრობის წევრების მხრიდან შენიშვნების არსებობისას ინიციატორი უწყება ამ შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში, ვალდებულია მთავრობის კანცელარიაში წარადგინოს პროექტის კორექტირებული ვერსია[16].
პროექტი შეთანხმებულად ითვლება, ხოლო შეთანხმების პროცედურა — დასრულებულად, თუ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში დაფიქსირდა არანაკლებ 12 მთავრობის წევრის დადებითი პოზიცია („ეთანხმება“), მათ შორის, სავალდებულოა საქართველოს საქართველოს იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების დადებითი პოზიციის დაფიქსირება[17]. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი არ ჩაითვლება მასთან შეთანხმებულად[18].
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს კონსტიტუცია. ციტირების თარიღი: 2014-05-31. დაარქივებული 2014-04-01 საიტზე Wayback Machine.
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი.
- „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი. ციტირების თარიღი: 2014-05-31. დაარქივებული 2014-03-30 საიტზე Wayback Machine.
- „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილება. ციტირების თარიღი: 2014-05-31. დაარქივებული 2014-03-29 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირებაშენიშვნა
რედაქტირება- ↑ „ელექტრონული მთავრობის პროგრამა — პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობის სხდომის გამართვის გარეშე იძლევა სამართლებრივი აქტის ელექტრონულად მიღების საშუალებას.
წყარო
რედაქტირება- ↑ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-5 პუნქტი.
- ↑ 2.0 2.1 2.2 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი.
- ↑ 3.0 3.1 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი.
- ↑ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი.
- ↑ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი.
- ↑ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი.
- ↑ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი.
- ↑ საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
- ↑ საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი.
- ↑ საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი.
- ↑ საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი.
- ↑ საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი.
- ↑ საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
- ↑ საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი.
- ↑ საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი.
- ↑ საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი.
- ↑ საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი.
- ↑ საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი.