საქართველოს კულტურის სტრატეგია 2025
კულტურის სტრატეგია 2025 — საქართველოს მთავრობის სტრატეგიული დაგეგმვის გრძელვადიანი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ხედვას, ძირითად მიზნებსა და ამოცანებს კულტურის სფეროსთვის. სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებაზე პასუხისმგებელი უწყებაა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო[1]. სტრატეგიის ზოგადი ხედვაა კულტურის ეკონომიკური გავლენის გაძლიერება, საზოგადოების კეთილდღეობის მხარდაჭერა და კულტურული მემკვიდრეობის, ხელოვნების, კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბება. საქართველოს კულტურის სტრატეგია ათწლიანია და საჭიროების შემთხვევაში, ექვემდებარება ყოველწლიურ გადახედვას და განახლებას, დასახული მიზნების განსახორციელებლად. სტრატეგია ითვალისწინებს ქვეყნის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებსა და მათში ასახულ პრინციპებს, „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას“ და სხვა საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს.
საქართველოს კულტურის სტრატეგია 2025 | |
---|---|
დეტალები | |
შექმნის თარიღი | 2016 წ. |
ავტორი | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო |
სტრატეგიის შემუშავების პროცესი
რედაქტირებაევროკავშირის აქტიური დახმარებით, საჯარო მმართველობის რეფორმირების კონტექსტში[2], 2014 წლის ბოლოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებასთან დაკავშირებით და პროცესის კოორდინაციის მიზნით დააფუძნა სტრუქტურული ქვედანაყოფი – კულტურის პოლიტიკის სამმართველო[3]. 2015 წლის 30 იანვარს ჩატარებულ კონფერენციაზე[4], საზოგადოებას წარედგინა „საქართველოს კულტურის სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევი“[5], რომელშიც აისახა ინფორმაცია სტრატეგიის შემუშავების პროცესის, ძირითადი მიმართულებების, პრინციპების, ვადებისა და გარემოებების შესახებ. სტრატეგიის შემუშავების პროცესის ძირითადი პრინციპების: საჯაროობის, გამჭვირვალობისა და საზოგადოების ჩართულობის შესაბამისად, შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი[6] და ფეისბუკის გვერდი[7].
მეთოდოლოგია
რედაქტირებასტრატეგიის შემუშავებისას, ინფორმაციის შეგროვების ეტაპზე, გამოყენებულ იქნა კვლევის თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდები. კულტურისა და შემოქმედებით სფეროში არსებული პრობლემური საკითხების გამოვლენის მიზნით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამართულ საჯარო შეხვედრებზე[8] (28 საჯარო შეხვედრა, თბილისსა და რეგიონებში. საერთო ჯამში, მონაწილეობა მიიღო 1588 მოქალაქემ) ჩატარდა ფოკუს-ჯგუფები. გარდა ამისა, ჩატარდა ინტერნეტ გამოკითხვა, ოფიციალური წერილები გაიგზავნა სხვადასხვა სამთავრობო უწყებასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, კულტურის სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანიზაციასთან, პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან. პირველადი წყაროების ანალიზის შედეგად გამოვლენილ იქნა პრობლემები, შემუშავდა ე. წ. პრობლემების ხე[9] და განისაზღვრა ამ პრობლემათა გადაჭრის გზები.
ზემოაღნიშნული წყაროების გარდა, მოხდა მეორადი წყაროების განხილვა, შესწავლილ იქნა პოლიტიკის დაგეგმვის სახელმძღვანელო დოკუმენტები, სხვა ქვეყნების კულტურის პოლიტიკის დოკუმენტები, კულტურის სტრატეგიებთან დაკავშირებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, კონვენციები[10] [11] [12] [13] [14] [15].
ზემოხსენებული კომპონენტების ანალიზი გახდა კულტურის სტრატეგიის ზოგადი ხედვის, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის საფუძველი, რომელიც ასახულია კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში.
სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობისას, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს ევროკავშირის წამყვანმა ექსპერტებმა, კულტურის პოლიტიკის დარგში - რაგნარ სიილმა[16], ტიმ უილიამსმა[17], მილენა დრაგიშევიჩმა[18].
სტრატეგიის მიზნები და ამოცანები
რედაქტირებასტრატეგიის დოკუმენტი გაყოფილია ორ ძირითად ნაწილად. პირველ ნაწილში საუბარია სტრატეგიულ მიმართულებებზე, იმ ძირითად მიზნებსა და ამოცანებზე, რომლებიც საერთოა კულტურის ყველა დარგისთვის. მეორე ნაწილში ასახულია სპეციფიკური ამოცანები კულტურის სხვადასხვა დარგის მიხედვით.
8 სტრატეგიული მიმართულება:
- ცნობიერების ამაღლება და განათლება;
- კულტურაზე წვდომა და კულტურული მრავალფეროვნება;
- კულტურა და საჯარო პოლიტიკის სხვა სფეროები;
- შრომის ანაზღაურება და სოციალური გარანტიები;
- კულტურის ინფრასტრუქტურა;
- კულტურის დაფინანსება;
- კულტურის მმართველობა;
- კულტურა, კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიები და მათი საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაცია.
სტრატეგიულ მიმართულებებში წარმოდგენილია ის მოსალოდნელი შედეგები, რომელთა მიღებასაც, საქართველოს მთავრობა გეგმავს 2025 წლისთვის. აღნიშნული ნაწილში ჩამოთვლილი მიზნები და ამოცანები ეხება კულტურისა და შემოქმედების სფეროს ყველა დარგს. შედეგების მისაღწევად სტრატეგია მიზნად ისახავს – კულტურის სფეროს საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას; მთელი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას კულტურისა და შემოქმედებით სფეროზე, მის წვლილზე საზოგადოების კეთილდღეობისა და მდგრად განვითარებაში; კულტურული მრავალფეროვნების დაცვას; კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას საზოგადოების ყველა წევრისთვის, განურჩევლად სქესის, რელიგის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, ქოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; კულტურასა და საჯარო პოლიტიკის სხვა დარგებს, სხვა სექტორებს შორის კავშირის გაღრმავებას; კულტურის დარგისთვის სახელმწიფო დაფინანსების გაზრდას, დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციასა და საშეღავათო მექანიზმების შემუშავებას; კულტურის დარგში დასაქმების მიმზიდველი გარემოსა შესაბამისი სოციალური გარანტიების სისტემის შექმნას; კულტურის ინფრასტრუქტურის — შენობა-ნაგებობებისა და მატერიალურ ტექნიკური ბაზის, შესაბამისი სივრცეების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განვითარებასა და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდას; კულტურის მმართველობის კარგი მმართველობის პრინციპების მიხედვით წარმართვას, კვლევების ხელშეწყობასა და სტატისტიკური მონაცემთა ბაზების განვითარებას; კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებას და კულტურის საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას.
სპეციფიკური ამოცანები დარგების მიხედვით, დაჯგუფებულია შემდეგ 3 საკითხში:
- კულტურული მემკვიდრეობა (ზოგადი ამოცანები, მატერიალური მემკვიდრეობა, არამატერიალური მემკვიდრეობა, ბიბლიოთეკები და არქივები, მუზეუმები, ტრადიციული რეწვა);
- მედია და მაუწყებლობა;
- ხელოვნება (არქიტექტურა, აუდიოვიზუალური სექტორი, დიზაინი და მოდა, ლიტერატურა, მუსიკა, სადადგმო და სანახაობითი ხელოვნება, სახვითი ხელოვნება;
მოცემულ ნაწილში გამოყოფილია თითოეული დარგისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ გამოკვეთასა და დაკონკრეტებას. კულტურული მემკვიდრეობის ნაწილის ამოცანები ეხება მატერიალური, არამატერიალური და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებას; შესაბამისი სამართლებრივი ბაზის დახვეწას, განახლებას და კანონის აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებას; ქალაქგეგმარების პროცესში ძეგლების საკითხების გათვალისწინებას; ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების საზოგადოებრივ და კულტურულ ცენტრებად ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას; კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხში არქივების როლის გაზრდას; რეწვის ტრადიციების შენარჩუნებასა და შემდგომი თაობებისთვის გადაცემას და ა.შ.
მედიისა და მაუწყებლობის ნაწილი მიზნად ისახავს – მედიის როლის გაზრდას კულტურის განვითარებასა და მის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში; კულტურაზე ორიენტირებული სხვადასხვა ფორმატის მედიასაშუალების შექმნის ხელშეწყობას; უმაღლესი სასწავლებლების მხარდაჭერას კულტურის ჟურნალისტიკის პროგრამების განვითარებაში და ა.შ.
ხელოვნების ნაწილის ამოცანები ეხება არქიტექტურის ინსტიტუციურ და სამართლებრივ დამკვიდრებას კულტურის სფეროში; აუდიოვიზუალური სექტორის განვითარებას, ვიდეოთამაშებისა და მულტიმედიის ინდუსტრიის ინტერნაციონალზიაციის ხელშეწყობას; ლიტერატურის, საგამომცემლო სექტორის გაძლიერებას, მოსახლეობაში კითხვის უნარ-ჩვევების განვითარებას; სამუსიკო განათლების სისტემის გაუმჯობესებასა და მუსიკალური კოლექტივების მხარდაჭერას; სახვითი ხელოვნების მხარდაჭერასა და შესაბამისი საგამოფენო სივრცის შექმნას; სანახაობითი და საშემსრულებლო ხელოვნების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების გაძლიერებას,მათი საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობას, ეროვნული დრამატურგიის, ქორეოგრაფიის მხარდაჭერას და ა.შ.
სტრატეგიის განხორციელება და სამოქმედო გეგმა
რედაქტირებაკულტურის სტრატეგიის დოკუმენტის დამტკიცების შემდგომ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო შეიმუშვებს მისი განხორციელების სამოქმედო გეგმას. ყოველი წლის ბოლოს მოხდება სამოქმედო გეგმის შეფასება და შემდგომი წლის სამოქმედო გეგმაში აქტივობების განახლება. სტრატეგიის განხორციელების პროცესის შუალედურ (2020 წლისათვის) და დასკვნით ფაზებში (2025 წლისთვის) მიღწეული შედეგების შესაფასებლად, მომზადდება სტრატეგიის განხორციელების შუალედური და საბოლოო ანგარიშები.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მოამზადა დოკუმენტის სამუშაო ვერსია სამუშაო ვერსია[19]. დოკუმენტის დახვეწის პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, სამინისტრომ დაგეგმა რეგიონული და დარგობრივი შეხვედრების პროცესის მეორე ციკლი. ამასთან ერთად, დოკუმენტი გასაჯაროვდა და ხელმისაწვდომია კულტურის სტრატეგიის ვებგვერდზე, სამოქმედო გეგმის ნიმუშთან და სხვა თანდართულ მასალებთან ერთად[20], შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება მისი გადმოწერა, შესაბამისი კომენტარების დართვა და გაგზავნა სამინისტროსთვის.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურის სტრატეგიის ვებგვერდი დაარქივებული 2016-01-11 საიტზე Wayback Machine.
- სტრატეგიის შემუშავების პროცესში გამართული შეხვედრების ოქმები დაარქივებული 2016-02-24 საიტზე Wayback Machine.
- კულტურის სტრატეგიასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია დაარქივებული 2016-02-24 საიტზე Wayback Machine.
- ევროკავშირის ექსპერტის, რაგნარ სიილის ინტერვიუ კულტურის პოლიტიკის საკითხთან დაკავშირებით.[მკვდარი ბმული]
- თინათინ ზურაბიშვილი (2006) თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში[მკვდარი ბმული]
- ლია წულაძე (2008) რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში[მკვდარი ბმული]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო[მკვდარი ბმული]
- ↑ საჯარო მმართველობის რეფორმირება
- ↑ კულტურის პოლიტიკის სამმართველო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-24. ციტირების თარიღი: 2016-02-02.
- ↑ 30 იანვრის კონფერენციაზე[მკვდარი ბმული]
- ↑ „საქართველოს კულტურის სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევი“
- ↑ სპეციალური ვებგვერდი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-24. ციტირების თარიღი: 2016-02-02.
- ↑ ფეისბუკის გვერდი
- ↑ საჯარო შეხვედრები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-24. ციტირების თარიღი: 2016-02-02.
- ↑ ე. წ. პრობლემების ხე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-21. ციტირების თარიღი: 2016-02-02.
- ↑ „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო), 1948 წლის 10 დეკემბერი
- ↑ „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი“, გაერო, 1976 წლის 3 იანვარი
- ↑ „კონვენცია კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვის და შენარჩუნების შესახებ“, იუნესკო, 2005 წლის 20 ოქტომბერი
- ↑ „კონვენცია მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“, 1972 წლის 16 ნოემბერი
- ↑ „კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“, იუნესკო, 2003 წლის 17 ოქტომბერი
- ↑ „ლანდშაფტების ევროპული კონვენცია“, ევროსაბჭო, 2000 წლის 20 ოქტომბერი; და სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო ინსტრუმენტებს, ანგარიშები, კვლევები და სხვა მასალები
- ↑ რაგნარ სიილი[მკვდარი ბმული]
- ↑ ტიმ უილიამსი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-23. ციტირების თარიღი: 2016-02-02.
- ↑ მილენა დრაგიშევიჩი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-27. ციტირების თარიღი: 2016-02-02.
- ↑ დოკუმენტის სამუშაო ვერსია[მკვდარი ბმული]
- ↑ სტრატეგიის დოკუმენტი და თანდართული მასალები[მკვდარი ბმული].