სარკინედიდი მცხეთის უბანი, მცხეთის კალოუბნის დასავლეთით მდებარე ე. წ. ჯოჯოხეთის ხევიდან შიომღვიმის მისადგომებამდე — სავანეთის ქედსა და გრძელ მინდორზე. ძველი ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით, სარკინე დიდი მცხეთის უბნად ან დამოუკიდებელ ქალაქად არის მიჩნეული. არქეოლოგიური გათხრები არ იძლევა საფუძველს მცხეთის დედაქალაქობის ხანაში, ან უფრო გვიან, სარკინე დამოუკიდებელ ქალაქად მივიჩნიოთ. არქეოლოგიურმა ძიებამ (ნ. ღამბაშიძე) და გათხრებმა (ა. აფაქიძემ გ. გობეჯიშვილი, ა. ბოხოჩაძე, ა. სიხარულიძე) ძველი დედაქალაქის ლითონის სახელოსნო უბნის 2 ნაწილი გამოავლინა:

  • ლითონის (რკინის, ტყვიის) საწურ და სადნობ ქურათა ნანგრევები გრძელ მინდორზე
  • უბნის სამლოცველო-კულტის ადგილი სავანეთის ქედზე, სადაც 50-იანი წლების I ნახევარში დიდი კარიბჭე გათხარეს (გ. გობეჯიშვილი), 70-იან წლებში აქ აღმოჩნდა ტერაკოტული ნიღბები (ა. ბოხოჩაძე), ხოლო 1980 — კარიბჭიდან ქედის ტოტს აყოლილი ალიზის გალავანი (ა. სიხარულიძე, ა. აბუთიძე).

როგორც არქეოლოგიური აღმოჩენები გვიჩვენებს, ელინისტურ და მომდევრო ხანაში სახელოსნო უბანი და საკულტო ადგილებიც გალავან-კოშკებითა და კარიბჭით ყოფილა გამაგრებული. სახელოსნო უბანზე აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ლითონის წიდა, რკინის ქვისაგან გამოწურული ლუგვი („სადედნე“ და „სახელადე“) რკინა; რკინის საწური ბრძმედისა და ლითონსადნობი ქურის ნანგრევები; ერთ ქურაში რკინას წურავდნენ, მეორეში — ტყვიას ადნობდნენ, მესამეში — სპილენძს. სახელოსნოს დასავლეთ ნაწილში საოქრომჭედლო ყოფილა გამართული. აღმოჩენილია საოქრომჭედლო ტვიფრები და მცირე ტიგელები, რკინის გამოსაწური ქურის ძირზე დარჩენილია რკინის წიდა, ხოლო ტყვიის გამოსადნობი ქურის ძირზე თითქმის სუფთა (98%) ტყვიაა დაღვენთილი.

მრავალფეროვანია სარკინის სახელოსნოების ნაწარმი: რკინის ცულები, ქვის სათლელების ნამზადები, რკინის ნაირნაირი ხელსაწყო-იარაღი, ქურის გამოსაწმენდი რკინისტარიანი ნიჩაბი, ბრინჯაოს ისრისპირები, რომლებიც ხანძრის დროს ხელახლა გადამდნარა. როგორც ჩანს, სარკინე დედაქალაქს ამარაგებდა ლითონის იარაღით, აბჯღით და საოქრომჭედლო ნაწარმითაც.

ალიზის ზღუდეებისა და კოშკების, ქვათლილებით ნაგები კარიბჭისა და რკინის ბჭის კარის, ჩუქურთმიანი ხუროთმოძღვრული ელემენტების, მელითონეთა სახელოსნოებისა და საკულტო-სასახიობო ტერაკოტული ნიღბების აღმოჩენა მიუთითებს „მუხნარით კერძი ქალაქის“ ამ უბნის მნიშვნელობაზე. არქეოლოგიური აღმოჩენები ცხადყოფენ, რომ სარკინე ტიპურია დიდი მცხეთის სხვა უბანთა (არმაზციხე, წიწამური, საპიტიახშო და სხვა) გვერდით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • აფაქიძე ა., მცხეთა — ქართლის სამეფოს ძველი დედაქალაქი, თბ., 1959;
  • მისივე, ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში, წგნ. 1, თბ., 1963;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970;