სარიყამიშის ტბა
სარიყამიშის ტბა (თურქმ. Sarygamyş köli; უზბეკ. Sariqamish ko‘li) — გაუდინარი მწარე-მლაშე ტბა თურქმენეთსა და უზბეკეთში. მდებარეობს სარიყამიშის ქვაბულის ცენტრალურ ნაწილში, ზღვის დონიდან 5 მ-ზე, დაახლოებით კასპიისა და არალის ზღვებს შორის. ტბის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი უზბეკეთს ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი თურქმენეთშია. ტბის ფართობი ცვალებადია და დამოკიდებულია ხორეზმის ოაზისიდან მომდინარე კოლექტორულ წყლებზე.[1]
სარიყამიშის ტბა | |
---|---|
სარიყამიშის ტბა 2001 წლის დეკემბერში | |
კოორდინატები: 42°00′00″ ჩ. გ. 57°20′00″ ა. გ. / 42.00000° ჩ. გ. 57.33333° ა. გ. | |
მდებარეობა | თურქმენეთი უზბეკეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 5 მ |
სიგრძე | 120 კმ |
სიგანე | 40 კმ |
ფართობი | 3955 კმ² |
მოცულობა | 12 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 8,2 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 40 მ |
მარილიანობა | 15–20 ‰ |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
1977 წლისთვის ტბის ზედაპირის ფართობი შეადგენდა დაახლოებით 1500 კმ²-ს, მარილიანობა დაახლოებით 7 ‰-ს, ყოველწლიურად ტბაში ჩადიოდა 4 კმ³-მდე წყალი.[2] 1985 წლისთვის ტბის ზედაპირის ფართობი გაიზარდა 3200 კმ²-მდე. როდესაც დამყარდა შედარებით მუდმივი წყლის დონე, მარილიანობა გაიზარდა და მიაღწია 15–20 ‰-ს.[1]
ტბა გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. სიგრძე 100–120 კმ, ხოლო სიგანე 30–40 კმ აღწევს. საშუალო სიღრმეა 8,2 მ. სიღრმე მატულობს აღმოსავლეთ ნაპირისაკენ. ტბას აქვს ციცაბო დასავლეთი ნაპირი. აღმოსავლეთიდან ერთვის არხი-კოლექტორი. აღმოსავლეთ ნაპირზეა მინერალური თერმული წყლების წყარო.[1]
ტბაში არის თევზი, მათ შორის კობრი, ლოქო და გველთავა. განვითარებულია თევზჭერა. სახელწოდება „სარიყამიში“ თურქული წარმოშობისაა და აღნიშნავს „ყვითელ ლელქაშს, ლერწამს“.[3]