საპოტისებრნი (Sapotaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. მეტწილად მარადმწვანე ხეები და ბუჩქებია. აქვთ კიდემთლიანი და მორიგეობით განლაგებული ფოთლები. ყვავილები ხშირად ორსქესიანია, უმრავლესობისა წვრილია, ეული ან კონებად შეკრული. ნაყოფი კენკრაა.
უმეტესობას ახასიათებს კაულიფლორია. ოჯახში 60-მდე გვარის 800 სახეობაა, გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში. ყოფილ სსრკ-ში მხოლოდ ნამარხი ფორმებია ცნობილი. დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს გუტაპერჩის შემცველ მცენარეებს (Palaquim-ის და Payena-ს გვარები). ბევრის (Achras, Lucuma და სხვა) ნაყოფი იჭმება. ზოგის (Butarospermum და სხვა) თესლიდან ხდიან საჭმელ და ტექნიკურ ზეთს. ბევრ სახეობას (მათ შორის ხერკინის სახელით ცნობილს) ძვირფასი მერქანი აქვს.