სანქტ-პეტერბურგის კომედიის თეატრი

აკიმოვის სახელობის სანქტ-პეტერბურგის კომედიის აკადემიური თეატრი (რუს. Санкт-Петербургский академический театр Комедии имени Н. П. Акимова) — აკადემიური თეატრი, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა და აყვავდა ნიკოლაი პავლეს ძე აკიმოვის ხელმძღვანელობით. ოფიციალური დაარსების თარიღია 1929 წლის 1 ოქტომბერი. მას ამჟამინდელი სახელი 1989 წლიდან აქვს.

სანქტ-პეტერბურგის კომედიის თეატრი
Санкт-Петербургский академический театр Комедии имени Н. П. Акимова
ზოგადი ინფორმაცია
ქვეყანა რუსეთი
ქალაქი სანქტ-პეტერბურგი
მისამართი ნევის გამზ. №56[1]
კოორდინატები 59°57′00″ ჩ. გ. 30°20′00″ ა. გ. / 59.95000° ჩ. გ. 30.33333° ა. გ. / 59.95000; 30.33333
დაიწყო 1 ოქტომბერი, 1929
არქიტექტორ(ებ)ი გავრილ ბარანოვსკი
საიტი
akimovkomedia.ru

1904-1935 წლები

რედაქტირება

ელისეევის ვაჭრების სახლის მეორე სართულზე თეატრის დარბაზი (აშენდა 1904 წელს, არქიტექტორი გ.ვ. ბარანოვსკი) ყოველთვის არსებობდა. 1904 წლიდან დარბაზი იჯარით გადაეცემოდა სხვადასხვა თეატრალურ ჯგუფებს: დედაქალაქის „ნევის ფარსს“, „თანამედროვე თეატრს“, ვალენტინ ლინის ანტრეპრიზას.

1929 წელს შენობა გადაეცა 1925 წელს შექმნილ სატირის თეატრს, რომელმაც ცოტა ხნით ადრე მიიღო სახელმწიფო სტატუსი. 29 ოქტომბერს დავიდ გუტმანის ხელმძღვანელობით დასმა, რომელშიც შედიოდა უტიოსოვის ჯაზ-თეატრი, ითამაშა სპექტაკლი ვასილი შკვარკინის პიესის მიხედვით „შულერი“.

1931 წელს სატირის თეატრი შეუერთდა თეატრ „კომედიას“, რომელიც შეიქმნა 1925 წელს თეატრ „პასაჟის“ ბაზაზე და ხელმძღვანელობდა სტეპან ნადეჟდინი. „კომედიის“ რეპერტუარი ორიენტირებული იყო იმ პერიოდის მსახიობის ელენა გრანოვსკაიას პიროვნებაზე, რომელიც, ძირითადად, ლირიკულ-კომედიური ჟანრის მსახიობი იყო. თეატრში ძირითადად იდგმებოდა სალონური კომედიები, ვოდევილები და იმ წლებში პოპულარული საესტრადო მიმოხილვები. გრანოვსკაია, რომლის მუდმივი პარტნიორი იყო ალექსანდრ არდი, ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა ახალ თეატრს, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში ეწოდებოდა ლენინგრადის სატირისა და კომედიის თეატრი. ძველებურად ისევ დგამდა ვოდევილებსა და საესტრადო მიმოხილვებს, ასევე ვ. პ. კატევის, ვ. ვ. შკვარკინის, ვ. მ. კირშონის პირველ საბჭოთა კომედიებს.

1935 წლისთვის თეატრის პოპულარობა დაეცა. კულტურის სამმართველოში გადაწყდა, „ლენინგრადის ყველაზე ცუდი თეატრი“ სახელმძღვანელოდ გადაეცათ ნიკოლაი აკიმოვისთვის, იმ დროისთვის უკვე ცნობილი თეატრის მხატვრისთვის, მაგრამ რომელსაც აქტივში მხოლოდ ერთი სარეჟისორო ნამუშევარი ჰქონდა — სენსაციური სპექტაკლი, ვახტანგოვის სახელობის თეატრში დადგმული „ჰამლეტი“. დადგენილ ვადაში — ერთ წელიწადში — ნიკოლაი პავლეს ძე დასთანხმდა თეატრის მოწესრიგებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დახურვა ემუქრებოდა. არავინ ელოდა, მაგრამ ზუსტად ერთ წელიწადში, თეატრი მთელს ლენინგრადში „ქუხდა“.

 
სცენა სპექტაკლიდან „საშინელი სამსჯავრო“ (1939)

ნ. პ. აკიმოვს არ ეშინოდა ექსპერიმენტების. მან ჩამოაყალიბა ახალი დასი: დაშორდა თეატრის წამყვან მსახიობს გრანოვსკაიას, უარი თქვა ლეონიდ უტიოსოვის ჯაზ-თეატრის მომსახურებაზე, ჩამოიყვანა ახალგაზრდა მსახიობები, თეატრალური სტუდიის „ექსპერიმენტის“ (რომელსაც თავად 1934 წლამდე, დახურვამდე. ხელმძღვანელობდა) წევრები: ალექსანდრე ბენიამინოვი, ლიდია სუხარევსკაია, ირინა ზარუბინა, სერგეი ფილიპოვი, ბორის ტენინი, ელენა იუნგერი, ტატიანა ჩოკოი — ბრწყინვალე მსახიობების პლეადა გახდა არა მხოლოდ კომედიის თეატრის სახე, არამედ მთელი თეატრალური ლენინგრადის სიამაყე.

ამავდროულად, შემოქმედებითი ალიანსი ჩამოყალიბდა დრამატურგ ევგენი შვარცთან: დაიწერა სპეციალურად აკიმოვის თეატრისთვის პიესები „ჩრდილი“ და „დრაკონი“, რომელიც შედის მსოფლიო დრამატურგიის საგანძურში. მიხაილ ლოზინსკისთან, მთარგმნელთან და პოეტთან თანამშრომლობამ ახალი შესაძლებლობები დასახა — სცენაზე გამოჩნდა უცხოური კლასიკოსების პიესები შესანიშნავი, ზუსტი თარგმანებით: დე ვეგას „ძაღლი თივაზე“ და „ვალენსიელი ქვრივი“, შექსპირის „მეთორმეტე ღამე“, შერიდანის „სკანდალის სკოლა“.

 
თეატრის აფიშასთან. ლენინგრადი, 1941 წლის 26 ოქტომბერი

სიტყვა „კომედიას“ თეატრის სახელწოდებაში ამ პერიოდში წერდნენ ასომთავრულით — აკიმოვის „კ“. ახლაც ასეა თეატრის ფასადზე.

დიდი სამამულო ომის პერიოდი (1941-1945)

რედაქტირება

დიდი სამამულო ომის პირველ წელს კომედიის თეატრი აგრძელება მუშაობას - მან თავისი სპექტაკლები გამართა რუსეთის დრამატული თეატრის შენობაში — ერთადერთი, რომელსაც ჰქონდა ბომბსაფრები. იქ დასახლდა თეატრის დასი ოჯახებით, ხელმძღვანელიც, თავად ნიკოლაი აკიმოვიც. ფრონტზე 30 მსახიობი წავიდა. მხოლოდ 1941 წლის დეკემბერში აკიმოვმა შეძლო ევაკუაციის ნებართვის მიღება და იქ, სტალინაბადში (ახლანდელი დუშანბე), დიდი სამამულო ომის დროს, თეატრმა 16 პრემიერა გამართა.

1949-1956 წლები

რედაქტირება

1949 წელს, „ხელოვნებაში ფორმალიზმისთვის“ და „ვესტერნიზმისთვის“ აკიმოვი თეატრის ხელმძღვანელობიდან მოხსნეს. შოკს, რომელიც თეატრმა განიცადა, მალე არ გაუვლია. თეატრში მაყურებელთა დასწრება თითქმის ნულამდე დაეცა და ისევ დახურვის საშიშროება ემუქრებოდა.

აკიმოვი 1956-1968 წლებში

რედაქტირება

რეჟისორის დიდი ხნის ნანატრი დაბრუნება 1956 წელს მოხდა და აღინიშნა ე. შვარცის „ჩვეულებრივი სასწაულის“ დადგმით. აკიმოვთან ერთად თეატრში გამოჩნდნენ ახალგაზრდები — ახალი „აკიმოველები“: ვერა კარპოვა, ინა ულიანოვა, ვალერი ნიკიტენკო, ბორის ულიტინი, ლევ მილინდერი, სვეტლანა კარპინსკაია, ოლგა ანტონოვა და სხვები — ისინი დიდი ხნის განმავლობაში აძლიერებდნენ თეატრის დიდებას პეტერბურგისა და რუსეთის ღია სივრცეებში. 1967 წელს თეატრმა მიიღო „აკადემიურის“ სტატუსი.[2]

1968 წელს მოსკოვში გასტროლებზე რეჟისორი გარდაიცვალა.

აკიმოვის შემდეგ

რედაქტირება

1970 წელს დასს ხელმძღვანელობდა ვადიმ გოლიკოვი. რეჟისორის ყველაზე გამორჩეული ნამუშევრებია: „სოფელი სტეპანჩიკოვო და მისი მკვიდრნი“ (ფ. დოსტოევსკის მიხედვით), ე. ბრაგინსკის და ე. რიაზანოვის, „თანამშრომლები“ ბერნანდ შოუს „ურიკა ვაშლებით“.

1977 წლიდან 1981 წლამდე კომედიის თეატრის მხატვრული ხელმძღვანელი იყო პეტრე ფომენკო, რომელმაც დიდი კვალი დატოვა თეატრის ისტორიაში. მაყურებელს თავი დაამახსოვრა შესანიშნავი სპექტაკლებით: ა. არბუზოვის „ეს ტკბილი ძველი სახლი“, მ. როშჩინის „ძველით ახალი წელი“.

1981 წლიდან, ფომენკოს წასვლის შემდეგ, მხატვრული ხელმძღვანელის ადგილი დაიკავა იური აქსიონოვმა, რომელიც თითქმის 20 წელი მუშაობდა გიორგი ტოვსტონოგოვის გვერდით მოსკოვის დიდ დრამატულ თეატრში. მის დროს ჯგუფში მიიღეს ბრწყინვალე მსახიობები მიხაილ სვეტინი, იგორ დიმიტრიევი, ალექსანდრე დემიანენკო, ანატოლი რავიკოვიჩი და ირინა მაზურკევიჩი. 1986 წლიდან თეატრი გახდა მისი სულის ჩამდგმელის, ნ. პ. აკიმოვის სახელობის.[3]

1991-1995 წლებში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო ცნობილი კინორეჟისორი დიმიტრი ასტრახანი.[2]

თანამედროვე პერიოდი

რედაქტირება

1995 წელს თეატრს ხელმძღვანელობდა ტატიანა კაზაკოვა. აკიმოვის თეატრის ყოფილი დიდებიდან ცოტა დარჩა: შესაძლოა, აკიმოვის დასის მხოლოდ რამდენიმე მსახიობი — ისინი ტრადიციების მცველები არიან — და ახლა შეადგენენ დასის იერსახეს. მაგრამ ცხოვრება გრძელდება: რეპერტუარში ახალი დასახელებებია — თეატრის პოლიტიკის საფუძველია მრავალფეროვანი მიდგომა „მაღალი კომედიის“ (როგორც ნიკოლაი პავლეს ძე ამბობდა) ჟანრთან. ფორმირდება ახალი, ნათელი პიროვნებებით სავსე დასი.

2008 წლის ზაფხულში კომედიის თეატრის შენობა დაიხურა კაპიტალური რემონტისთვის, პირველად, სამოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ჩატარდა „დიდი დარბაზის შერჩევითი რემონტი რესტავრაციის ელემენტებით“ კვლევითი ინსტიტუტის — „სცპროექტრესტავრაცია“ პროექტის მიხედვით. სცენა მნიშვნელოვნად გაფართოვდა და გარდაიქმნა. სცენაზე ხედვის გასაუმჯობესებლად აუდიტორიაში იატაკის დონე აიწია და სავარძლები გამოიცვალა. რემონტის შემდეგ თეატრი გაიხსნა 2009 წლის 21 მარტს ლეგენდარული სპექტაკლით „ჩრდილი“ (ევგენი შვარცის პიესის მიხედვით).[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. СПБ ГБУК "АКАДЕМИЧЕСКИЙ ТЕАТР КОМЕДИИ ИМ. Н.П. АКИМОВА"
  2. 2.0 2.1 О театре. Официальный сайт Театра Комедии. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-21. ციტირების თარიღი: 2015-09-10.
  3. Санкт-Петербургский театр Комедии имени Н. П. Акимова
  4. Театр комедии откроется после реставрации 21 марта // Карповка.нет. — 2009. — 15 марта