სამყვირალოს წმინდა გიორგის ეკლესია
სამყვირალოს წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფლევის ჩრდილო-დასავლეთით 3 კილომეტრზე, ადგილ სამყვირალოზე. გადმოცემით, საჭიროების დროს აქედან საყვირებით უხმობდნენ ახლო მდებარე სოფლების მცხოვრებთ. სტილისტური ნიშნებით ეკლესია გვიანდელი ფეოდალური ხანით თარიღდება. ძლიერ დაზიანებულია.
ეკლესია დარბაზულია (8,6 X 5,3 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვიშაქვით. ორი შესასვლელი აქვს: დასავლეთის შესასვლელი შიგნიდან თაღოვანია, ხოლო გარედან გადახურულია ქვიშაქვის დიდი არქიტრავით (2,5 X 1,2 მ); სამხრეთის შესასვლელისაგან შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთის წირთხლი და თაღის ქუსლის წყობა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე მაღალი თაღოვანი სარკმელია, რომლის გვერდებზე თითო პატარა სწორკუთხა ნიშია. დარბაზის გრძივი კედლების შუა ნაწილში და დასავლეთ კედლის კუთხეებში ორსაფეხურიანი პილასტრებია.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 440.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 12205