სამპარავთმეძებლო სამართალი
სამპარავთმეძებლო სამართალი, გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს სასამართლო-სამძებრო დაწესებულება, რომელიც სპეციალურად იყო შექმნილი მპარაობის წინააღმდეგ საბრძოლველად, ასეთ დაწესებულებას XVI საუკუნიდან მეკობრეთმძიებელთა სასამართლო, შემდგომ დასტურლამალის მიხედვით, ხევისთავის სასამართლო ეწოდებოდა. სამპარავთმეძებლო სამართალი კლასთა ბრძოლის გამწვავების შედეგად შეიქმნა. მას ევალებოდა როგორც დამნაშავის დევნა, საქმის წინასწარი ძიება, ისე საქმის გარჩევა და დამნაშავის გასამართლება. სამპარავთმეძებლო სამართლის ძირითადი მოხელე იყო მპარავთმძებნელი (გვიანდელი მეკობრეთძებნელი, ქურდისმძებნელი). სამპარავთმეძებლო სამართალს სწხვა, მეფისაგან „ჩენილი“, მოხელენიც ემსახურებოდნენ. გიორგი III-ის 1170 სიგელის მიხედვით, „ჩენილთა“ მოვალეობას შეადგენდა დამნაშავის დევნა, მისი დაპატიმრება და განაჩენის შესრულება, მპარავისათვის გათვალისწინებული იყო ჩამოხრჩობა (როდესაც დამნაშავეს „მრავალჯერ ეპაროს“) ან დამასახიჩრებელი სასჯელი. პარვის ცნება ფართო შინაარსისა იყო — გულისხმობდა სხვისი ქონების ფარულად ან აშკარად (იარაღის მოხმარებითაც) მიტაცებას. ნაპარაცს სამპარავთმეძებლო სამართალი პატრონს უბრუნებდა. დანაშაულისათვის გათვალისწინებული იყო აგრეთვე ჯარიმა მეფის ან ფეოდალის სასარგებლოდ. XIII საუკუნის ძეგლით და ვახტანგ VI-ის სამართლით დაწესებულია ნაპარავის შვიდმაგად გადახდევინება.
ლიტერატურა
რედაქტირება- სურგულაძე ი., ქართული სამართლის ისტორიის მნიშვნელოვანი ძეგლი, «მოამბე», 1960, № 1;
- ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ., 2, ნაკვ. 2, ტფ. , 1929;
- სურგულაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 29.