სათვალისწყლის სამაროვანი
სათვალისწყლის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი სოფელ გულგულიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამიოდე კილომეტრზე, სათვალისწყლად წოდებულ ადგილში. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს ხანის მეორე საფეხურით. რამდენიმე სამარხი კი ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის დასასრულით. აღმოჩნდა თელავისა და მაწანწრის ხევებისათვის კოლექტორული არხის კალაპოტის გაჭრის დროს 3-3,5 მეტრ სიღრმეზე. დაზიანებულია რამდენიმე ორმოსამარხი.
1968-1969 წლებში სამაროვანზე გათხრები ჩაატარა ივანე ჯავახაშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ექსპედიციამ (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური). გაითხარა 20 სამარხი. სამარხები ინდივიდუალურია და ინჰუმაციური. ყველა სამარხი რიყის ქვის კედლებიანი ოთხკუთხა ორმოა ( ზომები მერყეობს - 1,8x1,4 მეტრი, 2x1,3 მეტრი, 1,5x0,9 მეტრი). დამხრობილია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. სავარაუდოდ გადახურული იყო ხის ძელებით. მიცვალებულები იწვნენ მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, ძლიერ მოხრილი კიდურებით, თავით ჩრდილო-დასავლეთისაკენ. ერთ შემთხვევაში (ორმოს აღმოსავლეთ ნაწილში) მიცვალებული დაკრძალული იყო მჯდომარე მდგომარეობაში. მიცვალებულებს თავთან, წინ და ქვედა კიდურებთან შემოწყობილი ჰქონდათ თიხის ჭურჭელი: თითქმის ყველა სამარხში აღმოჩნდა საქონლის თავ-ფეხის ძვლები. ზოგში კი მთელი ძროხის ძვლები. სამარხეული ჭურჭელი (ხელჩაფა, ქოცო, შვერილყურებიანი დერგი, ორყურა დერგი, სადღვებელი, კოჭობი, ქოთანი, ქვაბქოთანა, სადუღარი, კათხა, სასმისი, ქილა, ჯამი, ცილინდრულქუსლიანი ჯამი, ლანგარი, ფიალა, ბადია, სურა) ქვიშანარევი თიხისაა, დამზადებულია სამეთუნეო მორგვზე. გამომწვარია თხელფენოვნად, რუხად ან ნაცრისფრად. შავზედაპირიანია, ზოგჯერ ნაპრიალები ჭურჭლის მთელი ზედაპირი, უმეტესწილად ორნამენტირებულია კონცენტრული, ამოღარული ხაზებით; მხარსა და ძირის კიდეს გარშემოუყვება მოკლე, ირიბი ნაჭდევები; ორ კონცენტრულ ხაზს შორის მოქცეულია ტალღური, ამოღრული ხაზი, სარტყელიანი, რელიეფური წნული. გეომეტრიული ორნამენტებიდან გვხვდება ამოკაწრული სამკუთხედები, რომელთა შიდა ფართი შევსებულია წერტილოვანი, ნაჭდევი ორნამენტით და სხვა. სამაროვანზე დადასტურდა ბრინჯაოს სამკაულები: ზამბარისებრი ხვია, ბოლოებგახსნილი სასაფეთქლე რგოლი, ოვალურად მორკალული, ბოლოებგახსნილივე საყურე, გრეხილღეროიანი, ბოლოებმოკაუჭებული გვერგვი, სფერული ან მსხლისებრი ზარაკი, დისკოსებრი, სამკუთხედებად დაფანჯრული და ჩიტისებრი, ასევე სამკუთხედებად დაფანჯრული, კოვზისებრი საკიდები, ბიკონუსური, შუაში გახვრეტილი მძივი, რომელსაც გვერდებზე ერთიმეორის საპირისპიროდ, მირჩილული აქვს ორი შვერილი, ორვოლუტიანი რგოლი: სქელი, ბოლოებგახსნილი მავთულის სამაჯური; ბოლოებგახსნილივე მავთულის ბეჭედი; კონუსური ღილები და ნახევარსფერული ღილაკები; საკინძი - ცხვირის, თავის სკულპტურული გამოსახულებით და სხვა. სამარხებში დადასტურებულია კახური ტიპის ბრინჯაოს შედგენილტარიანი სატევარი, მასრაშეკრული შუბისპირით, მასრაზე წყვილი რელიეფური სალტით.
სამაროვანზე აღმოჩენილია სამახსოვრო სამარხები, კენოტაფები. სამრხის ცენტრალურ ნაწილში აწყობდნენ მსხვილფეხა ან წვრილფეხა საქონლის თავ-ფეხს, მის გარშემო კი თიხის ჭურჭელს. სამარხეულ ინვენტარში, რაოდენობრივად, დიდი სხვაობაა, რაც თანადროულ საზოგადოებაში არსებულ ქონებრივ დიფერენციაზე მიგვითითებს.
არქეოლოგიური მასალა ინახება თელავის ისტორიულ მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 174-175.