სავარცხლურები (ლათ. Ctenophora) — ზღვის უხერხემლო ცხოველთა კლასი ნაწლავღრუიანთა ტიპისა (ზოგჯერ განიხილავენ დამოუკიდებელ ტიპს). სავარცხლურები თავისუფლად მცხოვრები ცხოველებია. მოძრაობენ სხეულის ზედაპირზე მერიდიანულად 8 რიგად განლაგებული მოსასმელი ფირფიტებით ანუ სავარცხლებით. აქვთ გამჭვირვალე, პარკის მსგავსი სხეული, რომლის ერთ ბოლოზე პირია განლაგებული, მეორეზე — წონასწორობის ორგანო. ზოგს 2 საცეცი აქვს, რომლებიც დაგრძელება-დამოკლების უნარის გამო მათ საკვების მოპოვებაში ეხმარება. პირიდან საკვები გადადის ხახაში, შემდეგ კუჭში, საიდანაც პერიფერიისაკენ მიემართება რადიალური და მერიდიანული არხების მთელი სისტემა, რომელიც ყრუდ ბოლოვდება. სხეულის კედელსა და ნაწლავს შორის გამჭვირვალე ლაბოვანი ნივთიერების შრეა (მეზოგლეა). სავარცხლურები ჰერმაფროდიტები არიან. იკვებებიან წვრილი პლანქტონური ცხოველებით. სავარცხლურების უმრავლესობა მსურავ ცხოვრებას ეწევა, ზოგი ფსკერზე დაცოცავს. ცნობილია სავარცხლურების 100-ზე მეტი სახეობა. ზოგს ფოსფორული ნათება ახასიათებს.