საერთაშორისო სავაჭრო პალატა
ვაჭრობის საერთაშორისო პალატა (ინგლ. International Chamber of Commerce, ICC) — საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია. შეიქმნა 1919 და დღეისათვის აერთიანებს ათასობით მსხვილ საწარმოს, ასოციაციას, კომპანიას მსოფლიოს 150-მდე ქვეყნიდან და ხელს უწყობს ბიზნესის წინაშე მდგარი მეთოდური და პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტას. იგი მჭიდროდ თანამშრომლობს „გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, მსოფლიო ბანკთან“, სხვა საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკურ ორგანიზაციებთან და წარმოადგენს მათ საკონსულტაციო კოლექტიურ ორგანოს. ვაჭრობის საერთაშორისო პალატის ადგილსამყოფელია პარიზი.
მიზნები და ამოცანები
რედაქტირებავაჭრობის საერთაშორისო პალატის ძირითადი ამოცანებია: ვაჭრობისა და ინვესტირების წესების საფუძველზე ეკონომის, პოლიტიკისა და პრაქტიკის სრულყოფის საკითხების თაობაზე შეიმუშაოს რეკომენდაციები, კომერციული საქმიანობის სტანდარტების უნიფიცირებული კოდექსები და წესები, რომლებიც დაკავშირებულია საერთაშორისო ვაჭრობის ლიბერალიზაციასთან.
ვაჭრობის საერთაშორისო პალატა, როგორც ეკონომიკური თვითმმართველობის საერთაშორისო ინსტიტუტი, თავის საქმიანობას წარმართავს საექსპერტო კომისიების, კომიტეტების, ქვეკომიტეტების და სამუშაო ჯგუფების მეშვე-ობით. მათი საქმიანობის ძირითადი სფეროებია: საერთაშ. კომერციული ტერმინების განსაზღვრა; საგადასახადო მექანიზმების სტანდარტიზაცია; ინკასოთი საერთაშორისო ანგარიშსწორების უნიფიცირებული წესების შემუშავება; სავაჭრო დოკუმენტების უნიფიცირება აკრედიტივებზე, სახელშეკრულებო გარანტიებზე, საარბიტრაჟო სამართალზე, კონკურენციაზე, უცხოურ ინვესტიციებზე, გადაზიდვებზე და ა. შ.
ვაჭრობის საერთაშორისო პალატა ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ატარებს საერთაშორისო კონფერენციებს და სემინარებს, რომელთა მეშვეობითაც საზოგადოებამდე მიაქვს ექსპერტთა შეფასებები და სიახლეები. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს გლობალური მასშტაბის მსოფლიო კონგრესს, სადაც განიხილავენ საერთაშორისო გამოწვევებს და პრობლემებს, რომლებსაც შეიძლება უახლოეს მომავალში წააწყდეს საწარმო ან კომპანია და შეიმუშავებენ სტრატეგიას მათი დაძლევის მიმართულებით.
ვაჭრობის საერთაშორისო პალატასთან არსებობს 1923 შექმნილი საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო (ინგლ. International Court Arbitration), რომელიც განიხილავს საერთაშორისო დავებს ვაჭრობის სფეროში.
ვაჭრობის საერთაშორისო პალატის ფარგლებში ფუნქციონირებს 15 საერთაშორისო კომისია, მათთან არსებული კომიტეტები და სამუშაო ჯგუფები შემდეგ სფეროებში: საერთაშორისო ვაჭრობა და ინვესტიციური პოლიტიკა; ფინანსური მომსახურება; დაზღვევა; დაბეგვრა; ენერგეტიკა; გარემოს დაცვა; კონკურენციის პრაქტიკა და სამართალი; მარკეტინგი და სამართალი; საჰაერო ტრანსპორტი; საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტი; კომპიუტერები, ტელესაკომუნიკაციო და ინფორმაციული პოლიტიკა; საერთაშორისო არბიტრაჟი; ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრება. გარდა ზემოაღნიშნული საერთაშორისო კომისიებისა, ვაჭრობის საერთაშორისო პალატასთან ფუნქციონირებს შემდეგი სპეციალიზებული ორგანოები: საერთაშორისო საზღვაო არბიტრაჟის მუდმივი კომიტეტი; ექსპერტიზის საერთაშორისო ცენტრი; მარკეტინგის პრაქტიკის საერთაშორისო ცენტრი; საერთაშორისო მეწარმეობის სამართლის და პრაქტიკის ინსტიტუტი; სავაჭრო პალატების საერთაშორისო ბიურო; სამსახური კომერციულ დანაშაულებებზე; საზღვაო თანამშრომლობის ცენტრი. ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე მოქმედებს ეროვნული პალატები რუსეთში, უკრაინაში, ლიეტუვაში, ესტონეთსა და საქართველოში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ი. მესხია., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997.