სადგინიცხენების დოღი, მიცვალებულის წლისთავზე თუშეთში. მართავდნენ დიდ ქელეხს. გარდაცვლილის ნიშანზე (ტანსაცმელი, იარაღი) მხედრები იწყებდნენ დატირებას, დალაობას. შემდეგ მოდალავენი ბაირაღით ხელში მიემართებოდნენ ბიძების (დედისძმების) სოფელში, სადაც განმეორებით ასრულებდნენ ყველა წესს. მხედრების სოფელში მობრუნების შემდეგ იმართებოდა სადგინი. მასში მონაწილეობდა მთელი სოფელი და სხვა სოფლიდან მოსული ნათესავ-მოკეთეები. სადოღედ ცხენს საგანგებოდ წვრთნიდნენ და არ ამუშავებდნენ. მებაირაღე იღებდა მიცვალებულის ნიშანზე დასვენებულ ბაირაღს, ჭენებით მიჰქონდა განსაზღვრულ ადგილზე და ასობდა მიწაში. ბაირაღთან იდგა მეთვალყურე, რომელიც დაწინაურებულ მხედრებს ჯილდოს ურიგებდა: მოწინავე ცხენოსანს — ალამს, მეორეს — ჩითას, მესამეს — წინდას, მეოთხეს ქუროს (ხელთათმანს), მეხუთეს — სათამბაქო ქისას. დანარჩენებს კი „ცხენჯამაგირში“ ეძლეოდათ ერთი თოხლი ყოველ 5 მხედარზე. სადგინის მერე იმართებოდა პურობა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მაკალათია ს., თუშეთი, ტფ., 1933;