საგირთის ციხე-სახლები
საგირთის ციხე-სახლები — ციხე-სახლები მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, ნასოფლარ საგირთის ტერიტორიაზე.
პირველი ციხე-სახლი
რედაქტირებაციხე-სახლი დგას ნასოფლარში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. შენობა გეგმით თითქმის კვადრატულია (6,9 X 6,6 მეტრი, შემორჩენილი სიმაღლე 11 მეტრი), ექვსსართულიანია, ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. ძეგლი დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი და სართულშუა გადახურვები.
პირველ სართულზე შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. ამ სართულს საქონლის სადგომად იყენებდნენ. მეორე სართულზე შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. სამხრეთ კედელში ორი სარკმელია, აღმოსავლეთისაში - ერთი სათოფურია. მესამე სართულზე შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. ამავე კედელში ერთი შეწყვილებული სათოფურია; სამხრეთ კედელში ორი სარკმელია. მეოთხე და მეხუთე სართულების სამხრეთ კედელში ორ-ორი სარკმელია, დანარჩენ კედლებში - სათოფურები. მეექვსე სართულის ოთხივე კედელში თითო სალოდეა.
მეორე ციხე-სახლი
რედაქტირებაციხე-სახლი დგას ნასოფლარის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სწორ ადგილზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. შენობა გეგმით კვადრატულია (6,8 X 6,8 მ), ექვსსართულიანია. ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. ძეგლი დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი და სართულშუა გადახურვა, მონგრეულია მეექვსე სართულის კედლების ნაწილი; პირველი სართული ამოვსებულია მიწით. შესასვლელი პირველ სართულზე დასავლეთიდანაა. კარი თაღოვანია. სართულის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო პატარა ნიშია. მეორე სართულის სამხრეთ კედელში ორი მცირე ზომის თაღოვანი სარკმელია, დასავლეთ კედელში - ორი სათოფური. მესამე სართულის აღმოსავლეთ კედელში ორი თაღოვანი სარკმელია, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში - ორ-ორი სათოფური. მეოთხე სართულის ჩრდილოეთ კედლის შუაში ბრტყელი თაღით გადახურული კარია, ხოლო დასავლეთ და სამხრეთ კედლებში კი ორი სათოფური. აღმოსავლეთ კედელში ორი თაღოვანი სარკმელია. მეხუთე სართულს ოთხივე მხარეს თითო სწორკუთხა მაშიკული აქვს, რომელთა გვერდებზე თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. მსგავსი ორ-ორი სარკმელია მეექვსე სართულის ოთხივე კედელშიც.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქალდანი ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 137-138.
- კიკაჩეიშვილი პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 138.