საბუის ნათლისმცემლის მეორე ეკლესია
საბუის ნათლისმცემლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს ცენტრში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის ქვით და აგურით. შიგნიდან და გარედან შელესილია. შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. ორივე კარი ნახევარწრიული თაღითაა გადახურული და შიგნიდან ნახევარწრიულთაღოვან შეღრმავებაშია ჩასმული. აღმოსავლეთით საკმაოდ ღრმა, ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე ნახევარწრიულთაღოვანი სარკმელია გაჭრილი. თითო მსგავსი სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედელშიცაა. აფსიდის გვერდებში ორ-ორი ნიშაა. საკურთხევლის ბაქანი, დარბაზის იატაკის მიმართ, საფეხურითაა შემაღლებული და შუაში ნახევარწრიული ამბიონი აქვს მოწყობილი. ეკლესიის გრძივი კედლები დანაწევრებულია პილასტრით და მასზე დაყრდნობილი ორ-ორი დეკორატიული თაღით. დარბაზი გადახურულია ნახევარცილინდრული კამარით, რომელიც კონქის თაღის გარდა, კიდევ ორ საბჯენ თაღს ეყრდნობა. თაღები — პროფილირებულ კრონშტაინებს. ერთი საბჯენი თაღი დარბაზის შუაშია, პილასტრების ასწვრივ, მეორე — დასავლეთ კედელთან. ფასადები სადაა, აღმოსავლეთ და დასავლეთ ფრონტონებზე, აგურის წყობით, გამოსახულია საფეხურებიან პოსტამენტზე დაყრდნობილი, თითო შეღრმავებული ჯვარი. ფასადები აგურით ნაწყობი სამსაფეხურიანი ლავგარდნითაა დასრულებული. ეკლესია გადახურულია ღარისებრი კრამიტით. ეკლესიის დასავლეთ ფრონტონის წვერზე დადგმულია აგურით ნაგები სამრეკლო. რომელიც ექვს მრგვალ სვეტზე დაყრდნობილ, ნახევარწრიული თაღებით გახსნილ, ექვსწახნაგა ფანჩატურს წარმოადგენს.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 439.