საბრძოლო დიდების ქალაქის სტელა (დონის როსტოვი)

საბრძოლო დიდების ქალაქის სტელა (რუს. Стела «Город воинской славы») — მემორიალი დონის როსტოვის პირველი მაისის რაიონში. შექმნილია მას შემდეგ, რაც ქალაქს საბრძოლო დიდების ქალაქის სტატუსი მიენიჭა. საზეიმო გახსნა გაიმართა 2010 წლის 6 მაისს აეროპორტის წინ მდებარე მოედანზე, რომელსაც ეწოდა საბრძოლო დიდების მოედანი[1][2].

საბრძოლო დიდების ქალაქის სტელა
რუს. Стела «Город воинской славы»
კოორდინატები 47°15′24″N 39°48′05″E / 47.256761° ჩ. გ. 39.801375° ა. გ. / 47.256761; 39.801375
მდებარეობა დონის როსტოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
გახსნის თარიღი 2009-2010

ძეგლი წარმოადგენს წითელი გრანიტისაგან დამზადებულ მრგვალ სვეტს, რომლის სიმაღლეა 6,5 მეტრი და რომელსაც თავზე ადგას რუსეთის ბრინჯაოს გერბი. სვეტის კვადრატულ კვარცხლბეკზე ერთ მხარეს გამოსახულია დონის როსტოვის გერბი, ხოლო მეორე მხარეს რუსეთის პრეზიდენტის იმ ბრძანების ტექსტი, რომლის მიხედვითაც ქალაქს მიენიჭა საბრძოლო დიდების ქალაქის საპატიო წოდება. ძეგლს გარს აკრავს ოთხი კვადრატული პილონი, რომლებზეც გამოსახულია ბარელიეფები დონის როსტოვის საბრძოლო ისტორიის თემატიკიდან და გამარჯვება გერმანელებზე[1]. მონუმენტის ავტორები არიან: არქიტექტორი ი. დვორნიკოვი და ფორმატორი ა. მუსიენკო. ბარელიეფის ავტორები არიან: მოქანდაკე ს. ოლეშნია, გ. მიასნიკოვი და ა. დემენტიევი.

2007 წლის დასაწყისში ვეტერანთა ორგანიზაციის წარმომადგენლები გამოვიდნენ წინადადებით დონის როსტოვს მინიჭებოდა საბრძოლო დიდების ქალაქის სტატუსი. ქალაქის იმჟამინდელი მერი მიხაილ ჩერნიშიოვი დათანხმდა ამ იდეას და როსტოვის საქალაქო დუმის დეპუტატებმა რუსეთის პრეზიდენტს გაუგზავნეს შუამდგომლობა აღნიშნული საკითხის შესახებ[3]. საბრძოლო დიდების ქალაქის საპატიო სტატუსი დონის როსტოვს მიენიჭა პრეზიდენტის 2008 წლის 5 მაისის № 556 ბრძანების შესაბამისად[4].

ბრძანებულების თანახმად მას შემდეგ რაც პრეზიდენტი ანიჭებს ამა თუ იმ ქალაქს აღნიშნულ სტატუსს, ყველა ქალაქში უნდა დაიდგას ერთნაირი საბრძოლო დიდების სტელა. ძეგლის დასადგმელად განიხილებოდა რამდენიმე ადგილი: კარლ მარქსის მოედანი, დიდი სადოვაიის ქუჩა, თეატრალური მოედანი[5], მაგრამ ეს წინადადებები არ განხორციელდა, რადგანაც ამ ადგილზე უკვე იდგა ძველი ძეგლები, რომლის აღებაზეც საზოგადოება არ დათანხმდებოდა. საბოლოოდ, ძეგლი დადგეს როსტოვის აეროპორტის შენობის წინ[6].

ადგილის შერჩევა გაამართლეს იმით, რომ აეროპორტი არის ქალაქის საჰაერო ჭიშკარი და უკვე აქედანვე გამოჩნდება სტუმრისათვის დონის როსტოვის მთავარი ძეგლი, თუმცა აკრიტიკებდნენ ადგილს იმის გამო, რომ ამ ადგილზე არ გამართულა არანაირი ბრძოლა[6].

ქალაქის დუმამ სტელის ასაგებად გამოყო 19 მლნ რუბლი[6]. ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა 2010 წლის 6 მაისს და მოედანს სადაც სტელა დადგეს ეწოდა საბრძოლო დიდების მოედანი[1].

  1. 1.0 1.1 1.2 Стела воинской славы установлена в Ростове-на-Дону. РИА Новости (2010-05-06). ციტირების თარიღი: 2013-08-09.
  2. В Ростове-на-Дону установлена стела «Город воинской славы». rostov-region.ru. ციტირების თარიღი: 2013-08-09.
  3. Депутаты Ростовской гордумы намерены ходатайствовать о присвоении Ростову звания "Город воинской славы". yugregion.ru (2007-02-19). ციტირების თარიღი: 2013-08-10.
  4. Указ Президента РФ от 05.05.2008 № 556
  5. Стела в честь присвоения Ростову звания «Город воинской славы» будет установлена на Театральной площади. yugregion.ru (2008-05-15). ციტირების თარიღი: 2013-08-10.
  6. 6.0 6.1 6.2 Ольга Космынина, В Ростове появится площадь Воинской славы // Ростов Официальный. — 2009. — № 50 (785).