საავტორო უფლებაცნება სამოქალაქო სამართალში, რომელიც ასახავს იმ უფლებათა ერთობლიობას, რომლებიც ეკუთვნის მეცნიერების, ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოების შემქმნელს (ავტორს) ან მის მემკვიდრეს. როგორც წესი გარკვეული დროით, რომლის გასვლის შემდეგაც ნაწარმოები ხდება საყოველთაო საკუთრება.

საავტორო უფლებების დაცვის ნიშანი

საავტორო უფლება საქართველოში

რედაქტირება

საქართველოში საავტორო უფლებას არეგულირებს სამოქალაქო სამართლის კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“. კანონის მიზანია, დაიცვას საავტორო ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისა და გამოყენების დროს (საავტორო უფლებები), აგრეთვე ზოგიერთი მათი მომიჯნავე უფლება, დაკავშირებული შემსრულებლებთან, ფონოგრამის, ვიდეოგრამისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლებთან და მაუწყებლობის ორგანიზაციებთან (მომიჯნავე უფლებები)[1].

კანონის თანახმად საავტორო უფლების ობიექტები შეიძლება იყოს:

  1. საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა.
  2. საავტორო უფლება ვრცელდება როგორც გამოქვეყნებულ, ისე გამოუქვეყნებელ ნაწარმოებზე, რომელიც არსებობს რაიმე ობიექტური ფორმით.
  3. საავტორო უფლება არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე, საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი, თუ ისინი გამოხატულია, აღწერილია, ახსნილია, ილუსტრირებულია ან ხორცშესხმულია ნაწარმოებში.

საავტორო უფლება ნაწარმოების შექმნისთანავე წარმოიშობა და მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში. საავტორო უფლება ნაწარმოებზე, რომელიც ფსევდონიმით ან ანონიმურად გამოქვეყნდა, მოქმედებს 70 წლის განმავლობაში მისი მართლზომიერად გამოქვეყნების თარიღიდან. თუ ნაწარმოების ავტორი ამ ვადაში თავის ვინაობას გაამხელს, მაშინ ნაწარმოებზე საავტორო უფლება მოქმედებს ავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში.

მომიჯნავე უფლების მოქმედების ვადაა 50 წელი, რომლის ათვლა ხდება პირველი შესრულების, ეთერში პროგრამის პირველი გასვლის ანდა ფონოგრამის/ვიდეოგრამის პირველი ჩაწერის მომენტიდან. ამასთან, არსებობს უვადო საავტორო უფლებებიც:

  1. ნაწარმოებთან დაკავშირებული ავტორობის უფლების, სახელის უფლების, ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლებისა და რეპუტაციის პატივისცემის უფლების დაცვა ხორციელდება უვადოდ.
  2. საავტორო უფლების ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელია სხვა ავტორის მიერ ნაწარმოების სახელწოდების გამოყენება იმავე ჟანრის ნაწარმოებისათვის, თუ ასეთმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ავტორთა აღრევა, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.
  3. დაუშვებელია ნაწარმოების გამოქვეყნება ისეთი ფსევდონიმით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადრე გამოქვეყნებული სხვა ნაწარმოების ავტორთან გაიგივება, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.

განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელს თავისი უფლების განცხადებისათვის შეუძლია გამოიყენოს საავტორო უფლების დაცვის ნიშანი, რომელიც დაისმება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე და შედგება სამი ელემენტისაგან:

  1. ლათინური ასო C წრეწირში: ©;
  2. განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელის სახელი (დასახელება);
  3. ნაწარმოების პირველი გამოცემის წელი.

საავტორო უფლება ევროპაში

რედაქტირება

საავტორო უფლების შესახებ კანონები ეფუძნება ამ სფეროში არსებულ ძირითად საერთაშორისო ხელშეკრულებებს. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ბერნის კონვენცია ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ და მსოფლიო კონვენცია საავტორო უფლებების დაცვის შესახებ. ეს კონვენციები უნივერსალური შეთანხმებებია და მათი წევრი ქვეყნებისათვის წარმოადგენენ საავტორო უფლების შესახებ კანონის საერთაშორისო საკანონმდებლო საფუძველს. საკუთარი კანონმდებლობის შემუშავებისას წევრ-ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ საავტორო უფლების დაცვის სტანდარტები. ამ კონვენციებში ჩამოყალიბებულ პრინციპებს ეყრდნობა ევროკავშირის დირექტივებიც. დღეისათვის ბერნის კონვენციის წევრ სახელმწიფოდ ითვლება 163 (2007 წლის მდგომარეობით) ქვეყანა. საქართველო ხელშეკრულებას 1995 წლის 16 მაისს შეუერთდა.

კონვენციით საავტორო უფლების დაცვის ვადა ყველა ნამუშევარზე (ფოტო და კინო ნამუშევრის გარდა) გრძელდება ავტორის გარდაცვალების შემდეგ 50 წლის განმავლობაში მაინც, მაგრამ წევრ-ქვეყნებს აქვთ უფლება ამ ვადის გაზრდის. ასე, მაგალითად, ევროკავშირის 1993 წლის დირექტივით ევროპის ტერიტორიაზე ეს ვადა გაიზარდა 70 წლამდე. ფოტონამუშევრებისათვის დაწესებულია 25 წლიანი ვადა (შექმნის წლიდან), ხოლო კინონამუშევრებისათვის _ 50 წელი პირველი ჩვენებიდან, ან 50 წელი შექმნის მომენტიდან, თუ პირველი ჩვენება მოხდა შექმნიდან 50 წლის განმავლობაში.

ქვეყნებს აქვთ უფლება დააწესონ დაცვის საკუთარი ვადები და გარკვეული ნამუშევრებისათვის (აუდიო და ვიდეოჩანაწერებისათვის) შესაძლებელია დაწესდეს უფრო ხანმოკლე ვადებიც.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ