სათავადაზნაურო ბანკი

(გადამისამართდა გვერდიდან საადგილმამულო სათავადაზნაურო ბანკი)

სათავადაზნაურო ბანკი — სახელმწიფო და საფინანსო ინსტიტუცია რუსეთის იმპერიაში. სათავადაზნაურო ბანკი იყო რუსეთში შექმნილი პირველი ბანკი, ფუნქციონირებდა მემამულეთა დაკრედიტების მიზნით, სახელმწიფო ხაზინის ხარჯზე. ბანკი მემამულეებს აძლებდა სესხს წლიური 6%-ის ოდენობით. სესხის მოცულობა დამოკიდებული იყო მსესხებლის ყმების რაოდენობაზე. 1885 წელს დაარსდა სახელმწიფო სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი. ბანკს უფლება ჰქონდა მიმოქცევაში გაეშვა გირავნობის ფურცლები, რომლითაც სესხს აძლევდა კლიენტებს. გირავნობის ფურცლები უზრუნველყოფილი იყო მთავრობის მიერ, რაც საზღვარგარეთ მისი რეალიზაციის საშუალებას იძლეოდა. 1917 წლის 1 იანვრისთვის ბანკის ბალანსი შეადგენდა 1117 მლნ. მანეთს, ხოლო მიმოქცევაში გაშვებული გირავნობის ფურცლების თანხა იყო 952 მლნ. მანეთი. ამავე დროისთვის ბანკში დაგირავებული იყო 1937 ათასი ჰექტარი მიწა, სულ 29 237 მამული, რაც 1543 მლნ. მანეთად იყო შეფასებული. ბანკი ლიკვიდირებულ იქნა 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ.

ახლანდელი საჯარო ბიბლიოთეკის I კორპუსის ფრაგმენტი

თბილისის ბანკი

რედაქტირება

1890 წელს თბილისში გაიხსნა სათავაზნაურო ბანკის ამიერკავკასიის განყოფილება. შენობა, რომელშიც ბანკი მდებარეობდა ამჟამად საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის I კორპუსია მოთავსებული (ლ. გუდიაშვილის N3).

ბანკის შენობა 1913-16 წლებში აშენდა არქიტექტორ ანატოლი კალგინისა და მხატვარ ჰენრიხ ჰრინევსკის პროექტით, ფასადის დეკორი ნეოფიტე, ვლადიმერ და ლავრენტი აგლაძეების მიერ არის შესრულებული. ნაგებობა ძველი ქართული ხუროთმოძვრული მოტივების გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ნიმუშია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მომდევნო პერიოდის ქართული არქიტექტურის განვითარებაში.

მსხვილ ბურჯებზე დაყრდნობილი ღრმა გალერეა-ლოჯია, ლ. გუდიაშვილის ქუჩის მხარეს, ისევე, როგორც გვერდითი გალერეა და კუთხეში აღმართული კოშკი, მოჩუქურთმებული სარკმლები და ორნამენტული რომბები ნაგებობის საზეიმო ხასიათს განაპირობებს. აღსანიშნავია ინტერიერიც: ვესტბიულისა და ყოფილი საოპერაციო დარბაზის (დღეს სამკითხველო დარბაზი) კამარათა მოხატულობა, ქვის მოაჯირის მოდერნის სტილისათვის დამახასიათებელი დენადი ფორმები და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება