რუსიანის წმინდა გიორგის ეკლესია
რუსიანის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ რუსიანში, სოფლის ჩრდილოეთით. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია. ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდა მას თითო მინაშენი ეკვრის. მათგან სამხრეთისა ეკლესიის თანადროულია და წყობით არის მასთან დაკავშირებული. დანარჩენი გვიანდელია. საშენი მასალა ორგვარია: სრულიად დაუმუშავებელი, ნატეხი ქვა და რიყის ქვა. შენობის გარეთა კედლები ძირითადად მოზრდილი ზომის, ნატეხი ქვითაა ნაწყობი. ქვა შემთხვევითი ფორმისაა. კედლების ზედა ნაწილში შედარებით მცირე ზომის ქვაა გამოყენებული. შიგნითა კედლებიც იგივე მასალით არის ნაწყობი და შელესილია.
ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა მისი ჩრდილოეთ გვერდი თითქმის მთლიანადაა დანგრეული, ჩრდილოეთ კედელი ჩაშლილია. სამხრეთ კედელი, ინტერიერში ერია კამარის ნანგრევები და ჩრდილოეთ კედლიდან ჩამოშლილი ქვები. ეკლესიის ჩრდილოეთ ნახევარში ნიადაგი დამჯდარია, რის გამოც შენობა დაძრულია და ოდნავ ჩრდილოეთითაა გადახრილი. მინაშენებიდან კედლების მცირე ნაწილებიღაა შემორჩენილი. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან და დასავლეთიან. ორივე კარი გარედან მოზრდილი ქვით თარაზულადაა გადახურული, შიგნიდან კი შეისრულთაღოვანია. აღმოსავლეთით აფსიდში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშაა. აფსიდი გადახურულია ოდნავ დადაბლებული პროპორციების კონქით. დარბაზი თითქმის კვადრატულია, დარბაზის გრძივი კედლების შუაში თითო მარტივი პილასტარია, რომლზეც კამარის საბჯენი თაღი იმპოსტების გარეშე იყო დაყრდნობილი.
ეკლესიის ინტერიერი მთლიანად ყოფილა მოხატული ამჟამად, მხატვრობის უდიდესი ნაწილი განადგურებულია, ხოლო შემორჩენილია ფრაგმენტებზე ჩამორეცხილია ფერადოვანი ფენა, რის გამოც გამოსახულებების ვინაობის ამოცნობა ძალიან გართულებულია. კონქის კომპოზიცია სრულდება აფსიდის კედლების ზედა ნაწილში. მომდევნო არცთუ ისე დიდი ზომის რეგისტრი შემოსაზღვრულია საკურთხევლის სარკმლის შუა დონეზე, აქ როგორც ჩანს მოციქულები არიან განლაგებულნი. სარკმლის ჩრდილოეთით მთელი ტანით, ექვსი მამაკაცის გამოსახულებაა წარმოდგენილი. მხატვრობის მესამე რეგისტრში წარმოდგენილი იყვნენ ეკლესიის მამები, რომელთანაგ მკრთალი ლაქების გარდა აღარაფერია დარჩენილი. შენარებით უკეთ წარმოდგენილია ერთი ფიგურა რომელიც ნიშის თავზეა წარმოდგენილი. თითო წმინდანი საკურთხევის სარკმლის ჩრდილოეთ და სამხრეთ წირთხლებზეა გამოსახული. ეკლესიის დარბაზის კედლებზე შემორჩენილი მხატვრობის ფრაგმენტები უფრო მცირე ზომისაა. სამხრეთ კედლის პილასტრზე გამოსახული იყო, ერთიმეორის თავზე განლაგებული, თითო წმინდანი დარჩენილია მათი ტანსაცმლის ფრაგმენტები. ასევე ერთ-ერთი წმინდანის სახის მცირე ნაწილი დარ რვაქიმიანი ვარსკვლავი,რომელიც, როგორც ჩანს, ერთი მათგანის ტანსაცმელს ამკობდა.ასევე შემორჩენილია თეთრი ფერის ცხენისა და მასზე მჯდომი მეომრის ნაშთები. მხატვროა მიეკუთნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. მოხატულობათა ჯგუფს რომელიც პირობითად ,,ხალხურის’’ სახელით არის ცნობილი. გამოსახულებების დამუშავება სქემატურობით ხასიათდება: ფიგურათა ნახატი მეტად გამარტივებულია. წმინდანთა სახეების გამომეტყველება უშუალო გამომსახველობით გამოირჩევა.
ეკლესიის სამხრეთ მინაშენი გეგმით თითქმის კვადრატულია. შემორჩენილია აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლის ნაგლეჯები, რომლებიც მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 0,5-0,7 მეტრ სიმაღლეზე დგას. მინაშენი ეკლესიაზე თითქმის ორნახევარჯერ უფრო მოკლეა. შესასვლელი მინაშენს დასავლეთიდან ჰქონია. დასავლეთ და ჩრდილოეთ მინაშენები ეკლესიის შესაბამის კელდებს მთელ სიგრძეზე გაუყვებოდა. დასავლეთ მინაშენიდან მიწის ზემოთ, მხოლოდ სამხრეთ და დასავლეთ კედლების მცირე ნაწილებია შემორჩენილი. ჩრდილოეთ მინაშენიდან კი აღმოსავლეთ კედელი. ამ უკანასკნელს სარკმლის ძირი შემორჩა. სარკმელი კედლის შუაშია გაჭრილი და გარეთკენ მკვეთრად ვიწროვდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., დევდარიანი დ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 197-201.