რემონ დიუგე
რემონ დიუგე (ფრანგ. Raymond Duguet; დ. 22 აპრილი, 1881, პარიზი, — გ. 1967) — ფრანგი მწერალი.
მიღებული ჰქონდა იურიდიული განათლება. მსახურობდა საფრანგეთის ჯარში. 1910-იანი წლების ბოლოს აქტიური სამხედრო სამსახურიდან გადადგა პოლკოვნიკის წოდებით. ცხოვრობდა პარიზის გარეუბან შატუში, შემდეგ— ლუქსემბურგში. ურთიერთობა ჰქონდა ბოლშევიკურ რეჟიმს გამოქცეულ და საფრანგეთში მცხოვრებ რუს და ქართველ ემიგრანტებთან, მათ შორის, გენერალ გიორგი კვინიტაძესთან, რომელმაც დიუგეს საქართველოს ისტორია გააცნო და დააკავშირა ქართულ ემიგრანტულ წრეებთან.
დიუგე ავტორია ორი საყურადღებო წიგნისა. 1927 წელს მან გამოსცა „მოსკოვი და წამებული საქართველო", რომელშიც დეტალურად და ქართველი ხალხის ბედის მიმართ დიდი თანაგრძნობითაა მოთხრობილი საქართველოში 1917-1925 წლებში მომხდარი ამბები. იმავე წელს გამოქვეყნდა დიუგეს „კატორღა წითელ რუსეთში“, რომლითაც ავტორმა თვითმხილველთა მონათხრობის საფუძველზე პირველად გააცნო დასავლეთევროპელ მკითხველს სოლოვეცკის კუნძულებზე მდებარე პატიმართა ბანაკი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Moscou et la Géorgie Martyre, P., 1927; მოსკოვი და წამებული საქართველო, მ. ბაქრაძის და ა. ბაქრაძის თარგმ. და გამოც., თბ., 1994.
- Un bagne en Russie rouge: Solovki, l'île de la faim, des supplices, de la mort, P., 1927.
ლიტერატურა
რედაქტირება- საითიძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
- ვარსიმაშვილი-რაფაელი მ., რაიმონ დუგე — ბოლშევიზმის მამხილებელი, ჟურნ. ამირანი, 2012, № 24, გვ. 104-121.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Raymond Duguet — Bibliothèque nationale de France (BnF).