რბონის საცხოვრებელი სახლი

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

რბონის საცხოვრებლის სახლი — არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ რბონის ზემო უბანში. ეკუთვნის ვ. ხაჩიძეს. აგებულია XIX საუკუნის მიწურულში; ამ ადგილზე გადმოტანილია XX საუკუნის 20-იან წლებში. საცხოვრებელი სახლი (11,1X8,8 მეტრზე) ორსართულიანია. I სართული ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვიშაქვით, გარედან შელესილია; აქ თანაბარი ფართობის გომური და მარანია. მარანში შესასვლელი მთავარი ფასადიდანაა, გომურში - გვერდის ფასადიდან. მარანში ბუხარი და მოზრდილი თახჩაა. I სართული მეორეს უკავშირდება ხის ერთ მარშიანი კიბით, რომელიც მოქცეულია I სართულის აივნის ფარგლებში და ადის II სართულის აივანზე. II სართული ხისაა, კედლის ფიცრები კუთხეებში ჭდობითაა დაკავშირებული. აქ ორი ოთახია; მათი კარ-ფანჯრები გამოდის ხის ღია აივანზე, რომელიც მთელ სიგრძეზე გასდევს ფასადს. აივანი I სართულის ხის სვეტებს ეყრდნობა. აივნის მოაჯირი და სვეტებშორისი თაღოვანი მალები მორთულია ჭვირული ორნამენტით. შენობას ყავრის ოთხფეხა სახურავი აქვს.

ლიტერატურა

რედაქტირება