რაფიელ მამულაშვილი
რაფიელ მამულაშვილი (დ. 26 ოქტომბერი, 1927, თბილისი — გ. 30 ივნისი, 20 2009) — ქართველი დრამატურგი, მწერალი, პედაგოგი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.
მისი საქმიანობის დასაწყისი უკავშირდება პედაგოგიურ მოღვაწეობას, ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას საშუალო სკოლაში. პარალელურად, თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში და აქვეყნებდა სხვადასხვა სტატიებსა და პუბლიცისტურ წერილებს. იყო "სამხედრო გაზეთის" სტილისტი და განყოფილების ხელმძღვანელი. 1966 წლიდან ჟურნალ "სინათლის" პასუხისმგებელი მდივანი. საქართველოს ლიტერატურული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი. 1973 წლიდან ხალხთა მეგობრობის მუზეუმის დირექტორის მოადგილე საგამოფენო - საექსპედიციო დარგში; 1993-1998 წლებში თოჯინების თეატრის სალიტერატურო და ხელოვნების განყოფილების გამგე. 1959 წელს გორის თეატრში წარმატებით განხორციელებულმა მისმა პირველმა პიესამ - „გადაარჩინე სიცოცხლე“ სათავე დაუდო შემდგომ აქტიურ მოღვაწეობას დრამატურგიის ჟანრში. მისი პიესები წარმატებით იდგმებოდა საქართველოს სახელმწიფო და სახალხო თეატრებში და მის საზღვრებს გარეთ. პიესა „თორტიზელებს“ რეჟისორ ლილი იოსელიანის დადგმით თბილისის სანკულტურის თეატრში, დიდი მოწონებით შეხვდა მაყურებელი. იგივე ნაწარმოები წარმატებით დაიდგა გორისა და თელავის თეატრების სცენაზე. თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის სცენას კარგა ხანი ამშვენებდა რაფიელ მამულაშვილის გახმაურებული პიესა „მერხებზე ანგელოზები სხედან“. ამ ნაწარმოების მიმართ განსაკუთრებულ ყურადრებას იჩენდნენ და წარმატებით ახორციელებდნენ ბათუმის, ფოთის, ახალციხის, ოზურგეთის და ჭიათურის სახელმწიფო თეატრები.