რაფაელ ჰოლინშედი (ინგლ. Raphael Holinshed; დ. 1529 — გ. 1580) — ინგლისელი ქრონისტი. შეადგინა ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის ქრონიკა, რომელიც ცნობილია ჰოლინშედის ქრონიკების სახელით. ჰოლინშედმა ქრონიკებზე სამუშაოდ მოიწვია ისტორიკოსების და ანტიკვარების დიდი ჯგუფი. ირლანდიის (1547 წლამდე), შოტლანდიის (1509 წლამდე), ინგლისის (1575 წლამდე) ისტორია თვითონ ჰოლინშედს ეკუთვნის, რომლებშიც გამოყენებული აქვს ტ. მორის, პოლიდორ ვერგილიუსის, ედვარდ ჰოლისა და სხვა შრომები. მეთოდოლოგიურად ქრონიკები ახლოს არის შუა საუკუნეების ქრონიკებთან, მაგრამ ამასთანავე, მასში იგრძნობა XVI საუკუნის ჰუმანისტური იდეებისა და ინგლისის პოლიტიკური აზროვნების გავლენა. ქრონიკები დიდი პოპულარობით სარგებლობდა თანამედროვეთა შორის. მისი სიუჟეტები საფუძვლად დაედო უილიამ შექსპირის ისტორიულ პიესებს.

ლიტერატურა

რედაქტირება