რასიომონის კარიბჭე

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რასიომონის კარიბჭე (იაპონ. 羅生門) — იაპონელი ავტორის, რიუნოსკე აკუტაგავას მცირე მოთხრობა, რომელიც დაფუძნებულია ჰეიანის პერიოდში შედგენილ იაპონური ზღაპრების ანთოლოგიაზე, სახელწოდებით Konjaku Monogatarishū (今昔物語集).

„რასიომონის კარიბჭე“
ავტორი რიუნოსკე აკუტაგავა
ქვეყანა იაპონია
ენა იაპონური
გამომცემელი Teikoku Bungaku
გამოცემის თარიღი 1915
მომდევნო ცხვირი

ნაწარმოები თავდაპირველად 1915 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ Teikoku Bungaku-ში.

ცნობილი იაპონელი კინორეჟისორის, აკირა კუროსავას ნამუშევარს — რასიომონი (1950) — საფუძვლად დაედო „რასიომონის კარიბჭე“ და აკუტაგავას სხვა ცნობილი მოთხრობა უსიერ ტყეში.

ერთხელ, შებიდნებისას, ბატონის მიერ გაგდებულმა ერთმა მსახურმა წვიმისგან თავი რასიომონის კარიბჭეს შეაფარა. ზედა საფეხურზე ჩამომჯდარი გამუდმებით მარჯვენა ლოყაზე გამოსულ ძირმაგარას აწვალებდა. მიუხედავად იმისა, რომ კარიბჭე ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე აღემართათ, მსახურის გარდა, ახლომახლო კაციშვილი არ ჭაჭანებდა. მხოლოდ ჭრიჭინა იჯდა იქვე მრგვალ ბოძზე. ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში კიოტოს ერთმანეთის მიყოლებით დაატყდა თავს უბედურებები: ხან გრიგალი დათარეშობდა, ხან — მიწისძვრა, ხან — ხანძარი და ხანაც — შიმშილი. შედეგად, ქალაქი დაცარიელდა. ახლა რასიომონის მიტოვებული კარიბჭე მელიებისა და მაჩვების საცხოვრებელ ბუნაგად ქცეულიყო. აქ თავს აფარებდნენ ავაზაკები. ისეც ხდებოდა, რომ გვამები აქ მოჰქონდათ და ყრიდნენ. მზის ჩასვლის შემდეგ ეს ადგილი ყველას შიშს ჰგვრიდა და ვერავინ ბედავდა კარიბჭესთან მიახლოებას.

მსახურმა, რომელსაც არსად ჰქონდა წასასვლელი, გადაწყვიტა კარიბჭის თავზე აღმართულ კოშკში ასულიყო იმის გასარკვევად, შესაძლებელი იყო თუ არა იქ ღამის გათევა. მან შიშით შეიხედა შიგნით და დაინახა დაჩოქილი მოხუცი ქალი, რომელიც მთვარის შუქზე ვიღაცის გვამს თმას ღერა-ღერა აძრობდა.

მსახური მივარდა ქალს, ხელები გადაუგრიხა და გაბრაზებულმა ჰკითხა, აქ რას აკეთებო. გულგახეთქილმა მოხუცმა აუხსნა, რომ თმას პარიკებისთვის აგროვებდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ თვითონ ის ქალი, რომელსაც ახლა თმას აგლეჯდა, ცოცხალი რომ ყოფილიყო, არ გაამტყუნებდა, რადგან თვითონაც თავს ამგვარად ირჩენდა, კერძოდ, გველის ხორცს ზოლებად ჭრიდა და თევზად ასაღებდა. მოხუცი დარწმუნებული იყო, რომ ის ქალი არაფერს აშავებდა; ასე რომ არ მოქცეულიყო, მას ხომ შიმშილით სული გასძვრებოდა. თვითონაც ახლა გვამების თმას იმიტომ აგროვებდა, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო. თავისი ჭკუით, არც ის სცოდავდა. მოხუცი ქალის მონათხრობმა მსახურს, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ქურდობას შიმშილით სიკვდილი ერჩია, გამბედაობა შემატა. „მაშ, ნურც მე დამძრახავ, თუკი გაგძარცვე! ასე თუ არ მოვიქცევი, მეც შიმშილით სიკვდილი მელის“, — ავად შეუღრინა მოხუცს და კიმონო შემოაგლიჯა. ნაძარცვი იღლიაში ამოიდო, კიბეზე ჩაირბინა და მას შემდეგ იგი აღარავის უნახავს.

მოთხრობის თემა თავის გადარჩენის, როგორც უმაღლესი ღირებულების, რაციონალიზაციის ირონიული წარმოჩენაა. მსახურში მიმდინარე შინაგანი მორალური ბრძოლა, მისი ეთიკური დილემა მორალის შენარჩუნებასა და თვითგადარჩენას შორის, მორალის სრული უარყოფით იჭრება. იგი ხდება ერთი იმათთგანი, რომლებიც საკუთარი თავის გასატანად ძალადობას მიმართავენ. მოთხრობის ირონია იმაში მდგომარეობს, მსახურის მიერ მოხუცი ქალის გაქურდვის საფუძველი მოხუცი ქალის მიერ გარდაცვლილის გაქურდვა ხდება, ქალის ძალადობრივი ქმედების რაციონალიზაცია, მსახურს მის მიმართ ძალადობის ჩადენისკენ უბიძგებს.

აკუტაგავა წარმოგვიდგენს სამყაროს ადამიანური ღირებულებების გარეშე, რომელშიც ერთადერთი ღირებულება თვითგადარჩემაა, არ არსებობს მორალი და ყველა იბრძვის ყველას წინააღმდეგ. მსახურის საქციელი რაციონალურად გამომდინრაეობს მოხუცი ქალის საქციელიდან, ამ უკანასკნელის ქმედება კი თავის მხრივ - გარდაცვლილის ცხოვრების წესიდან გამომდინარეობს. აკუტაგავა გვიხატავს მოძალადე ადამიანებს, რომლებიც თავიანთზე უფრო ძლიერების მსხვერპლები ხდებიან. ნაწარმოები შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც კომენტარი, სამყაროში არსებულ მძიმე საარსებო პირობებზე, რომლებიც ადამიანებს მორალის უარყოფისკენ და თვითგადარჩენის უპირველეს პრიორიტეტად ქცევისკენ უბიძგებს.

სიმბოლოები

რედაქტირება
 
რასიომონის კარიბჭე

რასიომონის კარიბჭე კიოტოს შესასვლელში მდებარეობს. მოქმედება XII საუკუნეში მიმდინარეობს, როცა ბუნებრივი კატასტროფებისგან განადგურებულ ქალაქში საშინელი სიღატაკეა გამეფებული. კარიბჭე გაპარტახებულია და ავაზაკთა თავშესაფრად და არასასურველი გვამების გადაყრის ადგილად ქცეულა. მოთხრობაში რასიომონის კარიბჭე ადამიანების ტანჯვისა და სიღარიბის სიმბოლოა. აღნიშნულ კონსტრუქციას მოთხრობის ავტორისეულ სქოლიოშიც ვეცნობით:

რასიომონი კიოტოს, იაპონიის ძველი დედაქალაქის, უდიდესი კარიბჭე იყო. მისი სიგანე 106 ფუტი, სიგრძე 16 ფუტი იყო, თავზე ედგა ნივნივებიანი სახურავი, მისი ქვის კედელი კი 75 ფუტის სიმაღლის იყო. კარიბჭე 789 წელს აშენდა, 794 წელს კი იაპონიის დედაქალაქი კიოტოში გადაიტანეს. მეთორმეტე საუკუნეში ქალაქის დაცემა-დაკნინებასთან ერთად, კარიბჭეც განადგურდა და გაპარტახდა, გაუჩნდა ბზარები და დაიწყო ნგრევა.[1]

მთავარი პერსონაჟი, უმუშევრად დარჩენილი მსახური, სახეზე ძირმაგარას იწვალებს, რაც სიმბოლურად მის მორალურ დილემას გვიხატავს, კერძოდ, თავდაპირველად, მას ქურდობას შიმშილით სიკვდილი ურჩევნია, დასასრულს კი სხვისი ქურდობის რაციონალიზაციით გათამამებული, თავადაც ქურდობს.

კულტურაში

რედაქტირება

ნაწარმოები მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეჟისორ ჯიმ ჯარმუშის მიერ გადაღებულ ფილმში -  "ძაღლი-მოჩვენება: სამურაის გზა".

წიგნი იქცა ინსპირაციად იაპონელი გიტარისტის, ტაკეში ტერაუჩისთვის, შეექმნა ამავე სახელწოდების მქონე სინგლი და ალბომი.[2]

მანგაში -  Bungo Stray Dogs - შევხვდებით პერსონაჟს, სახელწოდებით აკუტაგავა. მან ეს სახელი ზემოხსენებული მოთხრობის გავლენით მიიღო.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Alison Laurio. (April, 1983) RASHOMON. University of Nebraska at Omaha.
  2. 羅生門 (Rashōmon) by 寺内タケシとブルージーンズ [Takeshi Terauchi & the Blue Jeans] - RYM/Sonemic.