უსიერ ტყეში
უსიერ ტყეში (იაპონ. 藪の中) — იაპონელი ავტორის, რიუნოსკე აკუტაგავას, 1922 წლის მოთხრობა.[1][2] შესულია ჟურნალ The Telegraph-ის 2014 წლის სიაში, სახელწოდებით „ყველა დროის 10 უდიდესი აზიური ნოველა“.[3] მოთხრობის მიხედვით, აკირა კუროსავამ ეკრანიზაცია "რასიომონი" (1950) გადაიღო, რომელმაც ოსკარის ჯილდო მოიპოვა.
„უსიერ ტყეში“ | |
---|---|
ქართული გამოცემის გარეკანი | |
ავტორი | რიუნოსკე აკუტაგავა |
ქვეყანა | იაპონია |
ენა | იაპონური |
ჟანრი | მოთხრობა |
გამომცემელი | Shinchō |
გამოცემის თარიღი | 1922 |
ქართულად გამოიცა | 2011 |
მედია | ბეჭდური |
გვერდი | 168 |
ISBN | 9789941191480 |
„უსიერ ტყეში“ მოდერნისტული მოთხრობაა, იგი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ადამიანის მიერ ობიექტური რეალობის აღქმის უნარს. მასში ერთ მოვლენას სხვადასხვა პერსონაჟთა ალტერნატიული ვერსიებიდან ვეცნობით, რომლებიც მკვეთრად სუბიექტური და ურთიერთწინააღმდეგობრივია.
სიუჟეტის ცენტრალური მოვლენა ახალგაზრდა სამურაის, კანაძავა ტაკეჰიროს, მკვლელობაა, რომელსაც მკითხველი შვიდი სხვადასხვა ადამიანის პერსპექტივიდან ეცნობა. მოვლენები იშლება თვითმხილველთა ჩვენებების და მომხდარში მონაწილეთა — სამურაის, მისი ცოლის, მასაგოს და ყაჩაღი ტაძემარუს — აღიარებების ფონზე. მოთხრობის დასასრულს, მკითხველისთვის ობიექტური რეალობა გაურკვეველი რჩება.
ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, აკუტაგავა ნაწარმოებზე მუშაობისას შთაგონებული იყო ამერიკელი ავტორის, ამბროზ ბირსის მოთხრობით „მთვარის გზა“ (1907).[4][5] ნაწარმოები ქალის მკვლელობაზე მოგვითხრობს, რასაც მისი, მისი მეუღლის და მათი ვაჟის პერსპექტივიდან ვეცნობით.
სიუჟეტი
რედაქტირებაკიოტოს მახლობლად, ტყეში, იპოვეს სამურაი ტაკეჰიროს ცხედარი. მკვლელობაში ეჭვმიტანილია ცნობილი ყაჩაღი ტაძემარუ.
ჩვენებები
რედაქტირებამოთხრობის პირველი ნაწილი სასამართლო მოხელისადმი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებს მოიცავს.
პირველი მოწმეა ტყისმჭრელი, რომელმაც სამურაის ცხედარი ბამბუკის ტევრში, იამასინასკენ მიმავალ გზასთან იპოვა. სამურაი გულში იყო დაჭრილი, სისხლი უკვე შედედებოდა და აღარ სდიოდა. ტყისმჭრელს არანაირი იარაღი არ შეუნიშნავს. მისი ყურადღება მხოლოდ გვამთან ახლოს დაგდებულმა თოკმა და სავარცხელმა მიიქცია. იგი აღნიშნავს, რომ გარშემო ეყარა მოგლეჯილი ბალახები და ფოთლები, რაც მსხვერპლის სიკვდილისწინა ბრძოლაზე მიგვითითებს.
მეორე მოწმე მოხეტიალე ბუდისტი მღვდელია. მისი თქმით, წინა დღის შუადღეს სეკიამადან იამასინასაკენ მიმავალ გზაზე მოკლული სამურაი იხილა ქალთან ერთად, ეს უკანასკნელი ცხენზე იჯდა და რიდე ჰქონდა აფარებული, მამაკაცს კი თან ჰქონდა ხმალი და მშვილდ-ისარი.
მომდევნო მოწმე ის პოლიციელია, რომელმაც ტაძემარუ შეიპყრო. იგი აღნიშნავს, რომ ყაჩაღს თან ჰქონდა მოკლულის მშვილდ-ისარი. პოლიციელი იხსენებს, გასულ წელს ორი ქალის მკვლელობას, რომელსაც ასევე ტაძემარუს მიაწერენ.
მეოთხე მოწმე მოხუცი ქალია, იგი მოკლული სამურაის ცოლის, მასაგოს, დედაა. იგი იხენებს, რომ მისი ქალიშვილი და ტაკეჰირო ვაკასასკენ მიეშურებოდნენ, როცა უბედური ამბავი მოხდა. ქალი სასამართლოს მოხელეს მისი დაკარგული ქალიშვილის მოძებნას სთხოვს.
აღიარებები
რედაქტირებატაძემარუ აღიარებს, რომ სამურაი სწორედ მან მოკლა, თუმცა ამბობს, რომ დაკარგული ქალის შესახებ არაფერი იცის. ყაჩაღი იხსნებს, რომ მასაგოს დანახვისთანავე მისი დაუფლების სურვილი გაუჩნდა, თუნდაც ამისთვის მისი მეუღლის მოკვლა გამხდარიყო საჭირო, თუმცა გადაწყვიტა, რომ ეს სამურაის მოკვლის გარეშე გაეკეთებინა, რისთვისაც ცოლ-ქმრის ტყის სიღრმეში შეტყუება სჭირდებოდა. მიზნის სისრულეში მოსაყვანად იგი სამურაის თავისი ნაპოვნი ყორღანიდან სარკეებისა და ხმლების იაფად მიყიდვას შეჰპირდა. მას შემდეგ, რაც სამურაი და მისი მეუღლე ტყეში შეიტყუა, ტაძემარუმ ქალი გააუპატიურა, კაცის მოკვლას არ აპირებდა, თუმცა ქალმა დაჟინებით მოითხოვა, მისი შერცხვენის მოწმე მამაკაცთაგან ერთ-ერთი მომკვდარიყო, რის შემდეგაც ყაჩაღმა ორთაბრძოლაში დაამარცხა სამურაი და ასე მოკლა.
კიემიძუს ტაძარში ნათქვამი მასაგოს აღიარების მიხედვით, მას შემდეგ, რაც ტაძემარუ მას ქმრის თვალწინ დაეუფლა, ყაჩაღი გაიქცა. შერცხვენილმა ქალმა ქმრის თვალებში მის მიმართ გამოვლენილი უსაზღვრო სიძულვილი დაინახა, რამაც საშინლად შეაძრწმუნა და გადააწყვეტინა, რომ ორივენი უნდა მომკვდარიყვნენ. მასაგომ ქმარს მკერდში ხანჯალი აძგერა, რის შემდეგაც გონება დაკარგა. გონსმოსული თავის მოკვლას სხვადასხვა გზით ცდილობდა, თუმცა ვერ შეძლო.
მესამე ვერსიას გარდაცვლილი სამურაის სული მედიუმის საშუალებით გვიყვება. მისი თქმით, დამორჩილების შემდეგ, ყაჩაღმა მის მეუღლეს ცოლობა შესთავაზა, რაზეც ქალი უყოყმანოდ დათანხმდა, შემდეგ კი ქმრის მოკვლა დაჟინებით სთხოვა, რამაც ავაზაკი აღაშფოთა. მან ფეხი ჰკრა ქალს, ხეზე მიბმული სამურაი ახსნა, თვითონ კი გაიქცა. შეურაცხყოფილმა სამურაიმ სიცოცხლე აღარ ინდომა და თავი მოიკლა.
პერსონაჟები
რედაქტირება- კანაძავა ტაკეჰირო — მოკლული სამურაი
- მასაგო — მოკლული სამურაის ცოლი
- ტაძემარუ — სამურაის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ყაჩაღი
მეორეხარისხოვანი პერსონაჟები:
- ტყისმჭრელი
- ბუდისტი ბერი
- მასაგოს დედა
- პოლიციელი
სტილი
რედაქტირებამოთხრობა დაყოფილია შვიდ ნაწილად. მათგან პირველი ოთხი მოწმეთა — რომელთაც დანაშაულთან უშუალო კავშირი არ აქვთ — მიერ სასამართლო მოხელისადმი მიცემული ჩვენებებია, სამი კი მომხდარში მონაწილე პირთა აღიარებებია, რომლებიც რადიკალურ ურთიერთწინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან.
ადაპტაციები
რედაქტირებამოთხრობის მიხედვით რეჟისორმა აკირა კუროსავამ ეკრანიზაცია რასიომონი (1950) გადაიღო, რომელმაც ოქროს ლომი და ოსკარის საპატიო ჯილდო მოიპოვა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Free e-book version of the 1952 English translation დაარქივებული 2022-11-06 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 藪の中 ja. ციტირების თარიღი: 9 August 2021
- ↑ Akutagawa, Ryunosuke (2007). Rashomon and Seventeen Other Stories. Penguin Books.
- ↑ 10 best Asian novels of all time (22 April 2014). ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი 2020
- ↑ Walls, Jan (2016). „From Konjaku and Bierce to Akutagawa to Kurosawa: Ripples and the Evolution of Rashomon“, Rashomon Effects: Kurosawa, Rashomon and Their Legacies. Routledge, გვ. 11. ISBN 9781317574644.
- ↑ Kinoshita, Kosuke (2020). „Multi-viewpoint Narrative: From Rashomon (1950) to Confessions (2010)“, The Japanese Cinema Book. Bloomsbury, გვ. 91. ISBN 9781844576814.