რაჟდენ დათეშიძე
რაჟდენ ყარამანის ძე დათეშიძე (დ. 1879, ქუთაისი, — გ. 1926, ბერლინის ახლოს) — ქართველი მეწარმე, ქველმოქმედი.
დაიბადა ხე-ტყის შეძლებული მრეწველის — ყარამან დათეშიძის ოჯახში. მისი ერთ-ერთი და იყო პედიატრი ელისაბედ დათეშიძე. რაჟდენ დათეშიძე სწავლობდა მიუნხენის ლუდის გამოხდის ტექნოლოგიის აკადემიაში. 1902 წელს გერმანიიდან მართასშვილის ფსევდონიმით გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა კორესპონდენცია ბავარიის ცხოვრების შესახებ. 1909 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა.
აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სხვადასხვა დროს იყო ქუთაისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი, ქუთაისის საურთიერთო ბანკის დირექტორი, ქართულ-გერმანული სავაჭრო პალატის გამგეობის წევრი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის კომიტეტის წევრი, ბოლოს კი — თბილისში ამიერკავკასიის ბანკის დირექტორი. არჩეული იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების (1907) და ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების ფინანსური კომისიის (1917) წევრად. ქუთაისში, წითელ ხიდთან გაბაშვილებისგან შეიძინა გორა (ხალხში ცნობილი იყო, როგორც „დათეშიძეების გორა“, ამჟამად — „გაბაშვილის გორა“), სადაც გააშენა დასასვენებლი პარკი. ეწეოდა ქველმოქმედებას — მატერიალურად ეხმარებოდა სკოლებს, აფინანსებდა წიგნების გამოცემას (მ. შ., 1919 წელს გამოსცა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების კრებული „არტისტული ყვავილები“), ხელი შეუწყო რეჟისორ ალექსანდრე წუწუნავას პირველი ქართული მხატვრული ფილმის „ქრისტინეს“ გადაღებას; ქუთაისის საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას შესწირა ოჯახში შემონახული ძველი მონეტები, „ვეფხისტყაოსნის“ XVII საუკუნის ხელნაწერი, იშვიათი სურათების კოლექცია. 1918-1919 წლებში მან 25 000 ოქროს მანეთი გაიღო მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩავარდნილი თბილისის ოპერის თეატრის დასახმარებლად. 1921 წელს საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დათეშიძე ემიგრაციაში წავიდა. დაიღუპა ავტოკატასტროფაში ბერლინის მახლობლად. საბჭოთა საქართველოში დათეშიძეების ოჯახს ქონების დიდი ნაწილი ჩამოართვეს. რაჟდენ დათეშიძის ერთ-ერთი ძმა, პროფესიით მეტყევე გრიგოლი 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- წერილი მიუნხენიდან / მართასშვილი // ცნობის ფურცელი : ყოველდღიური გაზეთი. - თბილისი, 1902. - 3 სექტემბერი. - N1914. - გვ. 1-3.
ლიტერატურა
რედაქტირება- აღვადგინოთ პატიოსანი სახელები : მზის წვეთი გულში / დავიდოვი, რემ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1997. - 23 თებერვალი. - N44 (2417). - 4 გვ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რაჟდენ დათეშიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- რაჟდენ დათეშიძე — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)
- ლომსაძე, ელენე. „უკან, მომავალში“ — რაჟდენ დათეშიძე, როგორც ანტრეპრენერი. Entrepreneur საქართველო, 2021.