რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ისტორია
ოვალურ-ბურთა თამაშის სიძველის მიუხედავად, რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატი სულ ექვსჯერ ჩატარდა, რაც იმით აიხსნება, რომ ბარემ საუკუნე რაგბის ბრიტანელი მამები ვითომც სპორტის სიწმინდის სადარაჯოზე იდგნენ და დედოფალ ვიქტორიას ხანაში, საჯარო სკოლებში გავრცელებულ სამოყვარულო გაგებას თვალის ჩინივით უფრთხილდებოდნენ.
ამ ხალხმა რაგბით დაიპყრო შორეული ქვეყნები (ავსტრალია, ზელანდია, სამხრეთი აფრიკა, აშშ, არგენტინა და ა.შ.) და ფრიად ვრცელი სარაგბო იმპერიაც შეექმნა, მაგრამ ჩემპიონატი, თასი, ქულები, ცხრილი, ჯამაგირი და პრემია მაინც მოყვარულობისათვის ყოველგვარი უბედურების წყაროდ მიაჩნდა. ჰოდა, ორგანიზებული რაგბი თუმც 1871 წლიდან არსებობს, ხოლო საერთაშორისო საბჭო (ირბ) 1886 წლიდან, პირველი მსოფლიო თასი 1987 წელსღა ჩატარდა, რითაც რაგბიმ ტრადიციისადმი ერთგულების უიშვიათესი რეკორდი დაამყარა.
ერთი ხანობა რაგბიც შედიოდა ოლიმპიადის პროგრამაში, მაგრამ ოთხი შანსიდან ერთიც ვერ გამოიყენა, სამზე (!) მეტი მონაწილე ვერაფრით შეკრიბა და ბოლოს იმად დაითხოვეს, რომ ფრანგმა ფანებმა ამერიკელ მობურთალებს ქვა დაუშინეს.
მაშინდელ სარაგბო სამყაროში მთავარი ასპარეზს ხუთი ერის თასი და სამხრეთელთა (ავსტრალია, ზელანდია, სამხრეთი აფრიკა) და ჩრდილოელთა (ბრიტანული გუნდები და საფრანგეთი) ტეტს-მატჩები წარმოადგენდა. იყო კიდევ ბრიტანელი ლომების ტურნეები სამხრეთში და ,,ბარბაროსების’’ მატჩები.
რაგბიდან გარიყულმა 13-კაცამ მსოფლიო თასი პირველად 1954 წელს, ფრანგთა ინიციატივით გამართა. მერე, იმხანად კონტინენტური ევროპის ფლაგმანმა და ფირა-ს (ახლანდელი ევროპის აერ) დამაარსებელმა საფრანგეთმა წამოაყენა რაგბიში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების იდეა.
ამაზე ირბ-ს მამებმა უმალ გამოაცხვეს საბჭოთა ყაიდის რეზოლუცია: ირბ გუნდების ერთ ადგილას შეყრისა და რაგინდარა მსოფლიო თასის გათამაშების წინააღმდეგია!
გამოხდა ხანი და ფულიანმა ბოსებმა კარზე რაგბისაც მიუკაკუნეს. გამოფხიზლება ყველანაირად მოწინავე სამხრეთში დაიწყო. 1979 წელს ავსტრალიამ, სადაც 15-კაცა თამაში პოპულარობით მაშინაც ოდენ მეოთხე სპორტი იყო, 1988 წელს აღსანიშნი ქვეყნის 200-წლოვანი იუბილესთვის მსოფლიო თასის მასპინძლობა ითხოვა, მაგრამ დახავსებულ ირბ-ში არავინ მიემხრო.
ამავე ხანებში ხმა დაირხა, რაგბეთი მოსკოვის ოლიმპიადის დამთვრებას ელოდება და მერე დიდ ასპარეზზე გავაო. ეს გალური რაგბის მამის, ალბერ ფერასის წინადადება იყო, 1985 წელს 16-გუნდა მსოფლიო თასი გაემართათ საფრანგეთის იმ სტადიონებზე, რომლებიც ფეხბურთის 1984 წლის ევროპის პირველობისთვის იქნებოდა გამოყენებული.
1982 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვა ითხოვა ინგლისელმა საქმოსანმა ნილ დიურდენ-სმითმა, მაგრამ ირბ კვლავ უარზე იყო. მერე ავსტრალიამ განგაში ატეხა, ჩვენებური დევიდ ლორდი (15-კაცა) რაგბის პროფესიულ ცირკს აყალიბებს და სასწრაფოდ რამე ვიღონოთ, თორემ რაგნის თამაშის სადავეები ხელიდან გამოგვეცლებაო.
ოზთა მოთხოვნით ირბ-მა საგანგებო სხდომა მოიწვია, მაგრამ მსოფლიო თასის იდეა ხელაღებით დაიწუნა. შემდეგ წელს ავსტრალიასა და საფრანგეთს მხარი ზელანდიამაც აუბა. ირბ-ს მამებს უკვე სამი წინადადების განხილვა რომ მოუხდათ და იძულებულნი შეიქმნენ ავსტრალიასა და ზელანდიისათვის მსოფლიო თასის ღირსებათა შესწავლა დაევალებინათ და ეს ამბავი სხდომის ოქმში ოფიციალურად ჩაეწერათ კიდეც. სამხრეთელებსაც სიდნეის მერის, ძველი მორაგბის, სერ ნიკოლას შეჰადის თავკაცობით შეადგინეს დასაბუთებული დოკუმენტი.
ეს დოკუმენტი ირბ-მა 1985 წლის მარტს, პარიზის სხდომაზე განიხილა და ოთხ-საათიანი მსჯელობის შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, ათი ხმით ექვსის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ერთი, საცდელი (!) მსოფლიო თასი 1987 წელს გამართულიყო ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში.
საკითხი კენჭისყრაზე რომ დადგა, ოთხივე ბრიტანული ქვეყნის ორ-ორმა დელეგატმა მსოფლიო თასის წინააღმდეგ მისცა ხმა, სიახლის ექვს პროპაგანდისტს კი აფრიკელი დოქტორები, დანი კრეივენი და ფრიც ელოფი მიემხრნენ (სხდომას წესით ავსტრალიელი როჯერ ვანდერფილდი თავმჯდომარეობდა. პარიზისკენ მიმავალმა როჯერმა სამხრეთ აფრიკაში შეიარა, იქაურები დაამუნათა , ახლა ამ მსოფლიო თასის დამტკიცებაში დაგვიდექით და იზოლაცია როგორც კი მოგეხსნებათ თქვენც შემოგიერთებთო).
ფრეზე, ირბ-ის წესდებით, თავმჯდომარეს გადამწყვეტი ხმა არ ეკუთვნოდა. ჰოდა, ჩიხიდან რომ გამოეყვანა სხდომა, ინგლისელი ჯონ ქენდოლ-კარპენტერი მსოფლიო თასის მომხრეთა ბანაკში გადავიდა. მას უმალ მიყვა უელსელი ქის როულენდსი, ვინც მერე და მერე ირბ-ის მდივნადაც აირჩიეს და საქართველო პირადად მიიღო წევრად.
მსოფლიო თასის გამართვის წლად 1987 იმად დაითქვა, რომ რაგბის ზეიმი ფეხბურთის მსოფლიო პირველობასა და ოლიმპიადას აცილებოდა. იმავე სხდომაზე, ქენდოლ-კარპენტერი მსოფლიო თასის კომიტეტის თავკაცად, ხოლო წევრებად როულენდსი, ბობ სთიუარტი (ახალი ზელანდია), როს თერნბელი (ავსტრალია) და იდეის მოწინააღმდეგე, რონი დოუსონი (ირლანდია) აირჩია.