ბესარიონ ჟღენტი
ბესარიონ (ბესო) დავითის ძე ჟღენტი (დ. 1 ივლისი, 1903, სოფ. ქვაციხე, ახლანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 18 ოქტომბერი, 1976, თბილისი) — ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის იურიდიული განყოფილება. 1932-1937 წლებში იყო საქართველოს მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი, კინოსტუდიის სასცენო განყოფილების მთავარი რედაქტორი (1937-1942), საქართველოს ლიტფონდის დირექტორი (1943-1946), გამომცემლობა ზარია ვოსტოკას მთავარი რედაქტორის მოადგილე (1946-1951), საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი (1958-1976), რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის საბჭოთა ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელი (1964-1976). კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქუთაისისა და გორის პედაგოგიურ ინსტიტუტებში.
ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1922 წელს. იყო „ფუტურისტ-ლეფელთა“ ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი და თეორეტიკოსი. 20-30-იან წლებში აქტიურად მონაწილეობდა ეროვნული კულტურისა და ხელოვნების პრობლემებთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიებში, იღწვოდა ქართული მწერლობის ორგანიზაციული ერთიანობისათვის, უპირისპირდებოდა „რაპპულ“ შეხედულებებს. ამ მხრივ საინტერესოა 1927-1932 წლებში გამოქვეყნებული წერილები და სტატიები: „ხელოვნება და ოქტომბერი“, „არიფიონი“, „ახალი დრამატურგიისათვის“, „თანამგზავრობის პრობლემა“, „ლიტერატურა და პოლიტიკა“, „კლასიკოსები და თანამედროვეობა“ და სხვა. როგორც თეატრმცოდნესა და კრიტიკოსს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების საქმეში.
ბესარიონ ჟღენტის მრავალრიცხოვანი ლიტერატურულ-კრიტიკული და სამეცნიერო გამოკვლევებიდან აღსანიშნავია თანამედროვე ქართული ლიტერატურის პრობლემებისადმი მიძღვნილი ნაშრომები, მონოგრაფიები ე. ნინოშვილზე, დ. კლდიაშვილზე, გ. ტაბიძეზე, ნ. ლორთქიფანიძეზე, კ. გამსახურდიაზე, ლ. ქიაჩელზე და სხვა. გამოჩენილი კრიტიკოსის თხზულებანი თარგმნილია რუსულ და სხვა ენებზე. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის „საპატიო ნიშნის“ ორდენებით და მედლებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- თევზაძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 263.
- ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 308, თბ., 1994
- თევზაძე დ., „კრიტიკის ბუნება,“ თბილისი, 1978
- ციციშვილი გ., „კრიტიკოსთა გზა“, მნათობი N3, 1974