ჟიულ მურიე
ჟიულ მურიე (ფრანგ. Jules Mourier) (დ. 1846 — გ. წ. უცნობია) — ფრანგი პუბლიცისტი, გამომცემელი, მოგზაური; პარიზის გეოგრაფიული საზოგადოების წევრი.
ბიოგრაფია
რედაქტირებამურიეს შესახებ ბიოგრაფიული ცნობები მწირია. 1878 წლიდან ის ფრანგული ენის მასწავლებლად მუშაობდა ჯერ თბილისში მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძის, შემდეგ ზუგდიდში ნიკო დადიანის ოჯახში. ამ პერიოდში დაინტერესდა კავკასიის ხალხების კულტურით. 1884 წელს საკუთარი თხოვნის საფუძველზე საფრანგეთის სახალხო განათლების სამინისტროსგან მიიღო კავკასიის სიძველეების კვლევის მინდობილობა. კავკასიაში დაბრუნებული მურიე ბევრს მოგზაურობდა, რეგიონის სხვადასხვა კუთხეში ატარებდა არქეოლოგიურ კვლევებს და აგროვებდა სიძველეების აღწერილობებს. თავისი კოლექცია მურიემ საფრანგეთში გააგზავნა და პარიზში, ტროკადეროს ეთნოგრაფიულ მუზეუმში განთავსდა.
ამ პერიოდში მურიემ გამოაქვეყნა ორიგინალური ნაშრომები: „ხელოვნება კავკასიაში“ (1883), „სამეგრელო (ძველი კოლხიდა)“ (1883), „ეჩმიაძინის ბიბლიოთეკა და სომხური ხელნაწერები“ (1885), „შოთა რუსთაველი“ (1886), „სამრეწველო ხელოვნებანი კავკასიაში“ (1886), „რელიგიური ხელოვნება კავკასიაში“ (1887), „ბათუმი და ჭოროხის აუზი“ (1887), „კავკასიური ზღაპრები და ლეგენდები“ (1888) და სხვ., თარგმნა სულხან-საბა ორბელიანის არაკები (1885), თათარხან დადეშქელიანის „შუა საუკუნეების ქართული არმია“ (1886), სულხან ბარათაშვილის „საქართველოს ისტორია“ (1886). თბილისში გამოსცემდა საქართველოს პრესის ისტორიაში პირველ ფრანგულენოვან ჟურნალებს: La Revue Commerciale et Industrielle du Caucase („კავკასიის სავაჭრო და სამრეწველო ჟურნალი“; 1887-1888), Le Caucase Illustré („ილუსტრირებული კავკასია“; 1889-1892, 1899-1902).
მურიეს მიმართ ქართველი საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანი იყო: ერთი მხრივ აფასებდნენ მის ღვაწლს ქართული კულტურის ძეგლთა დაცვა-შესწავლისა და ევროპაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში, მეორე მხრივ სწყინდათ, რომ სათანადოდ არ აფასებდა რუსთაველის პოემას და ერთ-ერთ წერილში (1884) სკეპტიკური მოსაზრება გამოთქვა ქართველებს შორის განათლების გავრცელების პერსპექტივებთან დაკავშირებით. არტემ ახნაზაროვის გადმოცემით, „ივერიაში“ საპასუხო კრიტიკული წერილით გაღიზიანებული მურიე საყვედურის სათქმელად რედაქციაში მისულა, ილია ჭავჭავაძეს ურთიერთობის გასარკვევად დუელი შეუთავაზებია, რაზეც მურიე არ დათანხმებულა. აკაკი წერეთელმა მის გასაქილიკებლად ლექსი „პატარა მურია“ დაწერა. მიუხედავად ამისა, მურიემ თავის შემდგომდროინდელ გამოცემებში გულთბილი წერილები უძღვნა ილიას და აკაკის. 1904 წელს მურიე საფრანგეთში დაბრუნდა. მისი შემდგომი ბედი უცნობია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟ. მურიეს მოღვაწეობა საქართველოში / მ. იამანიძე // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. - თბილისი, 1989. - № 4. - გვ.59-67.
- მოგზაურობა „ლე კოკაზ ილიუსტრეს“ ფურცლებზე / ლევან ბრეგაძე ; [რედ: მაია ცერცვაძე]. თბილისი : არტანუჯი, 2013.
- Cheishvili, Ana. Jules Mourier, un voyageur publiciste au Caucase, Le Canard du Caucase N°12, décembre 2013: 13-14.
- О первых французских журналах в Грузии : ["Revue comerciale et industrielle du Caucase" (1887-1888), "La Caucase illustre" (1889-1903). Издатель Жюль Мурье] / А. Ватова // თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები. - თბილისი, 1971. - ტ.145. - გვ.284-292.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბრეგაძე, ლევან. ჟიულ მურიე — განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები.
- Le Caucase Illustré — ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
- ჟ. მურიეს თხზულებათა ელ. ვერსიები — The Online Books Page.