ჟელტოქსანი
ჟელტოქსანი (ყაზახ. Желтоқсан көтерілісі) — ყაზახეთის ახალგაზრდობის საპროტესტო აქცია, რომელიც მიმდინარეობდა 1986 წლის 16-17 დეკემბერს ყაზახეთის სსრ-ის მაშინდელ დედაქალაქ ალმა-ათაში. ოფიციალური ვერსიით მღელვარება გამოიწვია საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის მიხეილ გორბაჩოვის გადაწყვეტილებამ, რომლის ძალითაც თანამდებობიდან გადააყენა ეროვნული ლიდერი - ყაზახეთის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი დინმუჰამედ კუნაევი და მის ადგილზე დანიშნა გენადი კოლბინი, რომელსაც არანაირი შეხება მანამდე არ ქონია ყაზახეთთან. მღელვარების მონაწილეები მოითხოვდნენ ყაზახეთის კომუნისტური პარტიის პირველი მდივნად დაენიშნათ ადგილობრივი წარმოშობის ადამიანი[1]. მოგვიანებით ყაზახი ახალგაზრდების მღელვარება გავრცელდა ყაზახეთის სხვა ქალაქებშიც.
ყაზახეთში მიმდინარე დეკემბრის ამბები იყო პირველი სახალხო მიტინგი სსრკში, რომელიც მიმართული იყო ცენტრის დიქტატის წინააღმდეგ. მსგავსი ამბები განმეორდა იაკუტიაში 1986 წელს. უფრო მოგვიანებით სხვა მოძმე რესპუბლიკებშიც: 1988 წელს მინსკში (ბელორუსიის სსრ), 1989 წელს თბილისში (საქართველოს სსრ), 1990 წელს ბაქოსა (აზერბაიჯანის სსრ) და დუშანბეში, 1991 წელს ვილნიუსსა (ლიტვის სსრ) და რიგაში (ლატვიის სსრ).