ჟან ფრანსუა ოგიუსტ მულენი
ჟან ფრანსუა ოგიუსტ მულენი (დ. 14 მარტი, 1752 — გ. 12 მარტი, 1810) — საფრანგეთის რევოლუციის დროინდელი გენერალი და შემდგომში დირექტორიის წევრი. აქტიური პოლიტიკური ცხოვრების დაწყებამდე მულენს საკმაოდ ხანგრძლივი სამხედრო კარიერა ჰქონდა. ლუი XVI-ის მმართველობის პერიოდში სამხედრო ოფიცრად მსახურობდა, ასევე, მსახურობდა რევოლუციის დროინდელ ნაციონალურ ჯარსა და ნაპოლეონის „დიდ არმიაში“.
ადრეული წლები და სამხედრო კარიერა
რედაქტირებამულენი წარმოშობით კანიდან იყო, აქვე მიიღო განათლება, მისი პირველი პროფესია ინჟინერია იყო. მოგვიანებით გადაწყვიტა ბრეტანში მყოფ ქვეითთა სამხედრო რაზმს შეერთებოდა, 1788 წლამდე გეოგრაფად მუშაობდა. 1789 წელს, როდესაც რევოლუცია დაიწყო, იგი საფრანგეთის ეროვნულ გვარდიაში მოხალისედ ჩაეწერა. შემდგომში, პრორევოლუციურად განწყობილმა მულენმა იაკობინელების მხარე დაიჭირა.
პირველი რესპუბლიკის პერიოდში მულენს გენერლის თამამდებობა ეკავა და აქტიურად იყო ჩართული საფრანგეთის რევოლუციურ ომებში. 1791 წელს იგი დააწინაურეს, ხოლო 1793 წლისთვის უკვე დივიზიის გენერლის თანამდებობა ეკავა. მულენი ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის სამხედრო ძალებს ვანდეიაში მიმდინარე ანტირევოლუციური გამოსვლების დროს.
დირექტორიის წევრი
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ მულენი არ იყო გამოცდილი პოლიტიკოსი და ეროვნული მნიშვნელობის ფიგურა მაინც შეძლო საფრანგეთის აღმასრულებელი ხელისუფლების (დირექტორიის) წევრი გამხდარიყო, შემთხვევითი გარემოებების გამო. პოლ ბარასის მხარადჭერის დამსახურებით მან მომახერხა და 1799 წლის ივნისში ერთ-ერთი დირექტორის თანამდებობა დაიკავა. თუმცა ამ თანამდებობაზე დიდხანს არ დარჩენილა. მულენი ბასასთან, სიიესთან, როჟე დიუკოსთან და გოიესთან ერთად ხელმძღვანელობდა დირექტორიას სწორედ მაშინ, როცა 1799 წლის 9-10 ნოემბერს ნაპოლეონ ბონაპარტმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, დირექტორია დაამხო და ქვეყნის მმართველობა სამ კონსულს გადასცა. მულენი გოიესთან ერთად ეწინააღმდეგებოდა ნაპოლეონის ქმედებებს, მაგრამ უშედეგოდ, ისინი დააპატიმრეს და 1799 წლის 10 ნოემბერს ხელი მოაწერინეს თანამდებობიდან გადადგომის დოკუმენტზე.
მოგვიანებით ნაპოლეონსა და მულენს შორის ურთიერთობა გამოსწორდა, გამოცდილი გენერალი დათანხმდა სამხედრო კარიერის განახლებას და ბონაპარტის „დიდი არმიის“ ერთ-ერთი მეთაურიც გახდა. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ნაპოლეონის ომებში, ვიდრე ჯანმრთელობის პრობლემის გამო იძულებული არ გახდა უკან, საფრანგეთში დაბრუნებულიყო. გარდაიცვალა 1810 წლის 12 მარტს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Aulard, François-Alphonse (1910). The French Revolution: A Political History, 1789–1804 (Volume III: The Revolutionary government, 1793–1797). New York: Charles Scribner's Sons, გვ. 361.
- Robert, Adolphe (1889–1891). Dictionary of French Parliamentarians from 1789 to 1889. Paris: Edgar Bourloton.
- Lefebvre, Georges (1962). The Directory. London: Routledge and Kegan Paul.
- Soboul, Albert (1975). The French Revolution 1787–1799. New York: Vintage.