ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა

ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა (გერმ. Zeit zu leben und Zeit zu sterben) — გერმანელი მწერალის ერიხ მარია რემარკის რომანი, რომელიც გამოიცა 1954 წელს[1]. 1958 წელს რეჟისორმა დუგლას სირკმა გადაიღო ფილმი „ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიკვდილისა“ (ინგლ. A Time to Love and a Time to Die) ამ რომანის მიხედვით[2]. ფილმში პროფესორი პოლმანის როლი რემარკმა შეასრულა.

„ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა“
Zeit zu leben und Zeit zu sterben
ავტორი ერიხ მარია რემარკი
ქვეყანა გერმანია
ენა გერმანული
თემა სამხედრო
ჟანრი რომანი
გამოცემის თარიღი 1954 წელი

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

წიგნი მოგვითხრობს ჯარისკაც ერნესტ გრებერის შესახებ, რომელიც მონაწილეობს მეორე მსოფლიო ომში. მას მისცემენ სამ კვირიან შვებულებას და ის დაბრუნდება მშობლიურ ქალაქში ვერდენბრიუკში, რათა მოინახულოს თავისი მშობლები. ქალაქი ომის პერიოდში ძალიან შეიცვალა. ყოველდღე ხდება აფეთქებები, რის შედეგადაც უამრავი ადამიანი იხოცება. ჩამოსვლისას ერნესტი აღმოაჩენს, რომ მისი მშობლები უგზო-უკვლოდ დაკარგულებს შორისაა. ის მიემართება ოჯახის ძველ ნაცნობთან - ექიმთან. აღმოჩნდება, რომ ექიმი საკონცენტრაციო ბანაკშია და მისი შვილი - ელიზაბეტი მარტო ცხოვრობს და მუშაობს ქარხანაში. ელიზაბეტი, რომელსაც გრებერი იცნობდა ჯერ კიდევ პატარაობში, ახლა ძალიან ლამაზ ქალად იყო ჩამოყალიბებული. ისინი დაუმეგობრდებიან ერთმანეთს და მათ შორის გრძნობებიც კი გაჩნდება.

შვებულების პერიოდში ერნესტი მოინახულებს თავის ძველ მეგობარს ბინდინგს, რომელიც იკავებს წამყვან პოზიციას ნაცისტების შტაბში. ბინდინგი შეჰპირდება გრებერს, რომ დაეხმარება მისი მშობლების მოძებნაში. გრებერი ასევე სტუმრობს ყოფილი სკოლის მასწავლებელს პროფესორ პოლმანს, რომელიც ძალიან განიცდის ომის პერიოდს. ის მალავს საკუთარ სახლში გაქცეულ იუდაველს, რომელმაც ომისა და გენოციდის პერიოდში დაკარგა თავისი ოჯახი.

ერნესტისა და ელიზაბეტის გრძნობები იმდენად ძლიერია, რომ ისინი საყვარლები ხდებიან. ერნესტი გადაწყვეტს ელიზაბეტზე დაქორწინებას და ამით შეეცდება მისი მდგომარეობა ცოტათი გააუმჯობესოს, რადგან ჯარისკაცების ოჯახებს სახელმწიფო ეხმარებოდა.

გრებერის შვებულება დასრულდა და ის უკან ფრონტზე უნდა დაბრუნდეს. წასვლისას ის თხოვს ელიზაბეტს, რომ ის არ მოვიდეს სადგურზე, რადგან განშორება ძალიან რთულია. თუმცა ცოლი მას არ დაუჯერებს და მაინც მივა. იმ დღეს გრებერი ბოლოჯერ ნახავს მას.

ფრონტზე ყველაფერი უცვლელია - ბევრი სისხლი, ბევრი სიკვდილი. ერთხელ ერნესტს უბრძანებენ რუსების ზედამხედველობას. მათ ეჭვი აქვთ, რომ ისინი პარტიზანები არიან. გრებერს ამის არ სჯერა და მას სურს გაათავისუფლოს ტყვეები. ერთ-ერთი თავდასხმის დროს ჯარისკაცი შტეინბრენერი გადაწყვეტს მოკლას რუსები. გრებერსა და მას შორის იწყება ხელჩართული ჩხუბი, რის შედეგადაც ერნესტი მოკლავს შტეინბრენერს და გაუშვებს ტყვეებს. რამდენიმე წამის შემდეგ მოხუცი მამაკაცი, რომელიც ტყვეთა შორის იყო, ტყვიას დაახლის გრებერს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. http://www.remarque.uni-osnabrueck.de/bio-engl.html
  2. imdb.com - კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა

.