პრომეთე (2012 წლის ფილმი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პრომეთე (მრავალმნიშვნელოვანი).

პრომეთე (ინგლ. Prometheus) — რეჟისორ რიდლი სკოტის 2012 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი, გადაღებული ჯონ სპეიტსის და დეიმონ ლინდელოფის სცენარის მიხედვით, ნუმი რაპასის, მაიკლ ფასბენდერის, იდრის ელბას, ლოგან მარშალ-გრინის და შარლიზ თერონის მონაწილეობით. მისი მოქმედება მიმდინარეობს XXI საუკუნეში და აღწერს ხომალდ „პრომეთეს“ ასტრონავტებს, რომლებიც მიჰყვებიან უძველესი ცივილიზაციების დანატოვარ არტეფაქტებს, როგორიც არის ვარსკვლავების ატლასი. კაცობრიობის წარმოშობის საიდუმლოს ამოსახსნელად, გუნდი შორეულ სამყაროში მიემართება, სადაც აღმოაჩენს საშიშროებას, რომელიც მთლიან კაცობრიობას ემუქრება.

„პრომეთე“
რეჟისორი რიდლი სკოტი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
როლებში
მუსიკა მარკ სტრაიტენფელდი
ოპერატორი დარიუშ ვოლსკი
მონტაჟი პიეტრო სკალია
სტუდია
დისტრიბუტორი 20th Century Fox
გამოსვლის თარიღი
  • 11 აპრილი, 2012 (2012-04-11) (პარიზი)
  • 1 ივნისი, 2012 (2012-06-01) (გაერთიანებული სამეფო)
  • 8 ივნისი, 2012 (2012-06-08) (აშშ)
ხანგრძლივობა 124 წთ[1]
ქვეყანა
  • გაერთიანებული სამეფო
  • აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 120–130 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 403.4 მილიონი აშშ დოლარი[3]

ფილმის წარმოება დაიწყო 2000-იანების დასაწყისში, როგორც „უცხოს“ ფრენჩაიზის მეხუთე ნაწილის. სკოტი და რეჟისორი ჯეიმზ კამერონი მუშაობდნენ ფილმზე, რომელიც იქნებოდა „უცხოს“ (1979) წინარეისტორია. 2003 წლისთვის უფრო მეტი ყურადღება გადაიტანეს პროექტზე „უცხო მტაცებლის წინააღმდეგ“, ამიტომ „პრომეთე“ 2009 წლამდე გადაიდო, სანამ სკოტმა კვლავ არ გამოხატა დაინტერესება მასზე მუშაობით. სპეიტსმა დაწერა სცენარი „უცხოს“ უკვე არსებული ფილმების წინარეისტორიების გათვალისწინებით, თუმცა სკოტს სურდა მისი განსხვავებული მიმართულებით წაყვანა, რათა არ მომხდარიყო ამ ფილმებიდან ამა თუ იმ ელემენტის გამეორება. 2010 წლის ბოლოს ლინდელოფი შეუერთდა პროექტს და შეცვალა სპეიტსის ნაშრომი. სკოტთან ერთად მან შეიმუშავა წინარეისტორია, რომელიც არ არის პირდაპირ დაკავშირებული ფრენჩაიზის უკვე ცნობილ მოვლენებთან. სკოტის თანახმად, მოვლენები მიმდინარეობს იგივე გამოგონილ სამყაროში, თუმცა „პრომეთე“ საკუთარ მითოლოგიას და მოვლენებს მიჰყვება.

„პრომეთეს“ წარმოების გადამწყვეტი ეტაპი 2010 წლის აპრილში დაიწყო - დიზაინერების მუშაობით, რომლებმაც შექმნეს ტექნოლოგია და არსებები. გადაღებები 2011 წლის მარტში, დაახლოებით 120-130 მილიონი აშშ დოლარის ბიუჯეტით დაიწყო. ფილმი გადაიღეს 3D ფორმატში. გადასაღები მოედნები მდებარეობდა ინგლისში, ისლანდიაში, ესპანეთსა და შოტლანდიაში. ფილმის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში გამოვიდა რამდენიმე ვიდეორგოლი მთავარი პერსონაჟებით, რამაც უკვე დაიმსახურა საზოგადოების მოწონება.

ფილმი გამოვიდა 2012 წლის 1 ივნისს, ბრიტანეთში და 2012 წლის 8 ივნისს, ჩრდილოეთ ამერიკაში. იგი აღიარებული იქნა ესთეთიკური დიზაინისა და მსახიობთა თამაშისთვის, განსაკუთრებით — ფასბენდერის მიერ შესრულებული ანდროიდ დევიდის როლი. თუმცა, კრიტიკულად განიხილეს სიუჟეტის ის ელემენტები, რომლებიც აუხსნელი ან ადვილად მისახვედრი იყო. მსოფლიო მასშტაბით ფილმის შემოსავალმა 403 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. გაგრძელება, „უცხო: აღთქმა“, ლონდონში, 2017 წლის 4 მარტს საპრემიერო ჩვენებაზე წარადგინეს. იგი აშშ-ში 2017 წლის 19 მაისს გამოვა.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

კოსმოსური ხომალდი ეშვება პლანეტაზე. ჰუმანოიდი უცხოპლანეტელი სვამს ცვალებადი ფერების მქონე სითხეს და ქრება. მისი ნარჩენები ჩანჩქერს ერწყმის, მისი დნმ — წყალს. ამით დედამიწაზე ახალი სიცოცხლე იბადება[4].

2089 წელს არქეოლოგები ელიზაბეთ შოუ და ჩარლი ჰოლოუეი შოტლანდიაში გათხრებისას აღმოაჩენენ ვარსკვლავური ცის ატლასს, რომელიც ემთხვევა სხვა, ერთმანეთთან დაუკავშირებელ უძველეს კულტურების წარმოდგენებს. მათი აზრით, რუკაზე დაშიფრულია კაცობრიობის წინამორბედების, „ინჟინრების“ გზავნილი. პიტერ უეილენდი, Weyland Corporation-ის ყოფილი დირექტორი, აფინანსებს ექსპედიციას, რომელიც ხომალდ „პრომეთეთი“ უნდა ჩავიდეს შორეულ მთვარე LV-223-ზე. ხომალდის გუნდი უძრავად, ჩაძინებულ მდგომარეობაში იმყოფება, ანდროიდ დევიდის ზედამხედველობით. 2093 წლის დეკემბერში მათ უერთდება დირექტორი მერედით ვიკერსი, რომელიც ამცნობს, რომ უნდა იპოვონ ინჟინრები და მისი ნებართვის გარეშე არ უნდა ჰქონდეთ მათთან კონტაქტი.

„პრომეთე“ ეშვება უნაყოფო პლანეტაზე მთების გარეშე, დიდ ხელოვნურ სტრუქტურასთან, რომელსაც გუნდი აფეთქებს. შიგნით შესულები, პოულობენ ქვის ცილინდრებს, ადამიანის თავის მონოლითურ ქანდაკებას და, სავარაუდოდ, ინჟინერის, გიგანტური უცხოპლანეტელის თავმოკვეთილ გვამს. შოუ მის თავს პოულობს. გუნდი ეძებს და აღმოაჩენს სხვა გვამებსაც, რაც საბოლოოდ, დაარწმუნებს, რომ სახეობა განადგურებულია. გუნდის წევრები მილბერნი და ფაიფილდი შეშინებულები არიან აღმოჩენების გამო და ხომალდზე დაბრუნებას ცდილობენ, თუმცა პლანეტაზე იკარგებიან. ექსპედიცია დროებით ჩერდება, როდესაც შტორმი აიძულებს „პრომეთეზე“ დაბრუნებას. დევიდს სტრუქტურიდან ფარულად მიაქვს ერთ-ერთი ცილინდრი, ხოლო დანარჩენებიდან ნელ-ნელა გადმოდის შავი სითხე. ხომალდის ლაბორატორიაში აღმოჩნდება, რომ ინჟინერის დნმ ემთხვევა ადამიანებისას. დევიდი იკვლევს ცილინდრს და სითხეს. იგი განგებ მიიღებს სასმელს სითხით და გაუწოდებს მას ჰოლოუეისაც, რომელიც ამბობდა, რომ კითხვებზე პასუხებს ნებისმიერი გზით მოიპოვებდა. მოგვიანებით შოუ და ჰოლოუეი სექსით კავდებიან.

სტრუქტურაში გველის მსგავსი არსება მილბერნს კლავს და ასხამს სითხეს, რომელიც ფაიფილდის ჩაფხუტს ადნობს. ფაიფილდი სახით ეცემა შავ სითხეში. გუნდი ბრუნდება და პოულობს მილბერნის გვამს. დევიდი აღმოაჩენს ოთახს სამართავი პულტებით, რომელშიც ჩაძინებული ინჟინერი ზის, ისევე, როგორც ვარსკვლავების ატლასს, რომელზეც დედამიწაა მონიშნული. ამასობაში ჰოლოუეის მდგომარეობა უარესდება. იგი „პრომეთეზე“ მიჰყავთ, მაგრამ ვიკერსი მის ხომალდზე შეშვებაზე უარს ამბობს და ჩარლის, მისივე თხოვნით, ცეცხლის მფრქვევი იარაღით წვავს. მოგვიანებით სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს, რომ შოუ, მიუხედავად ფიზიოლოგიურად სტერილურობისა, ფეხმძიმეა. ყველაზე საშინელი შედეგის თავიდან ასაცილებლად, იგი წვება ავტომატურ საოპერაციო მაგიდაზე, რომელსაც მისი სხეულიდან კალმარის მსგავსი არსება ამოჰყავს. შოუ აღმოაჩენს, რომ უეილენდი მთელი ეს დრო „პრომეთეზე“ მძინარე მდგომარეობაში იმალებოდა. იგი განუმარტავს ელიზაბეთს, რომ აპირებს, სთხოვოს ინჟინრებს, თავიდან ააცილონ ასაკის გამო სიკვდილი. სანამ უეილენდი სტრუქტურაში შესვლას აპირებს, ვიკერსი მას „მამას“ უწოდებს.

საზარელი, მუტირებული ფაიფილდი „პრომეთეზე“ ბრუნდება და, სანამ მას გაანადგურებენ, გუნდის რამდენიმე წევრს კლავს. „პრომეთეს“ კაპიტანი ჯანეკი თვლის, რომ სტრუქტურა ერთ დროს იყო ინჟინერის საბრძოლო მოწყობილობა, რომელმაც დაკარგა ბნელი სითხის, ბიოლოგიური იარაღის მართვის საშუალება. მისივე აღმოჩენით, ეს სტრუქტურა ამავე დროს კოსმოსური ხომალდია. უეილენდი და გუნდი შედიან სტრუქტურაში, შოუს თანხლებით. დევიდი აღვიძებს ინჟინერს და ესაუბრება, ცდილობს რა, განუმარტოს, თუ რა სურს უეილენდს. ინჟინერი პასუხად მას თავს კვეთს, კლავს უეილენდს და მის გუნდს, შემდეგ კი ხომალდს აამოქმედებს. შოუ გარბის და ამცნობს ჯანეკს, რომ ინჟინერს სურს სითხის დედამიწაზე დაღვრა, ამიტომ ხომალდი უნდა შეაჩერონ. ჯანეკი და გუნდის დარჩენილი წევრები თავს გასწირავენ და „პრომეთე“ ინჟინერის ხომალდს ეჯახება. ვიკერსი გადარჩება, თუმცა მასზე ეცემა და კლავს ინჟინერის ხომალდი. შოუ აღმოაჩენს, რომ მისი უცხოპლანეტელი ნაშიერი ცოცხალია და უკვე გიგანტური ზომის არის. დევიდის კვლავ მოქმედი თავი აფრთხილებს, რომ მას ინჟინერი მისდევს. ინჟინერი აღწევს მათ კიდობანში და თავს ესხმის შოუს, რომელიც მასზე თავის ნაშიერს მიუშვებს. უკანასკნელი ინჟინერში კვერცსადებს უშვებს და იმორჩილებს. შოუ პოულობს დევიდის ნარჩენებს და, მისი დახმარებით, აამოქმედებს კიდევ ერთ ხომალდს. რათა დაადგინოს, რისთვის სჭირდებოდათ კაცობრიობის განადგურება, იგი ანდროიდთან ერთად ინჟინერების სამყაროსკენ მიემართება.

დასასრულს, ინჟინერის გულმკერდიდან ჩნდება უცხო.

მსახიობი როლი
ნუმი რაპასი ელიზაბეთ შოუ არქეოლოგი ელიზაბეთ შოუ
მაიკლ ფასბენდერი დევიდი ანდროიდი დევიდი
შარლიზ თერონი მერედით ვიკერსი Weyland Corporation-ის თანამშრომელი მერედით ვიკერსი
იდრის ელბა ჯანეკი „პრომეთეს“ კაპიტანი ჯანეკი
გაი პირსი პიტერ უეილენდი Weyland Corporation-ის დამაარსებელი,მილიარდერი პიტერ უეილენდი
ლოგან მარშალ-გრინი ჩარლი ჰოლოუეი არქეოლოგი ჩარლი ჰოლოუეი
შონ ჰარისი ფაიფილდი გეოლოგი ფაიფილდი
რეიფ სპოილი მილბერნი ბიოლოგი მილბერნი
კეიტ დიკი ფორდი მედიკოსი ფორდი
ემუნ ელიოტი ჩენსი პილოტი ჩენსი
ბენედიქტ ვონგი რეველი პილოტი რეველი
პატრიკ უილსონი შოუს მამა შოუს მამა
იენ უაიტი ინჟინერი ინჟინერი
დენიელ ჯეიმზი ინჟინერი ინჟინერი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Prometheus. bbfc.co.uk. British Board of Film Classification (May 10, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 16, 2012. ციტირების თარიღი: May 10, 2012.
  2. Galloway, Stephen (May 16, 2012). „Return of the 'Alien' Mind“. The Hollywood Reporter. Prometheus Global Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 28, 2013. ციტირების თარიღი: April 28, 2013.
  3. Prometheus. Box Office Mojo. Amazon.com (June 2, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 17, 2012. ციტირების თარიღი: September 4, 2012.
  4. Sean O'Connell. Dialogue: Sir Ridley Scott Explains 'Prometheus,' Explores Our Past, and Teases Future 'Alien' Stories. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-28. ციტირების თარიღი: 2012-06-08.