პრასადამი, პრასადი (სანსკ. प्रसादम prasādam „წყალობა“) — ცნება ინდუიზმში, „განწმენდილი“ საკვები, რომელსაც ღვთაებათა რიტუალურ მსახურებაში (იხ. ბჰაკტი) ერთ-ერთი ცენტრალური მნიშვნელობა უკავია.

პრასადამის პრაქტიკა

რედაქტირება

ბრაჰმანის ხელით რიტუალური და მრავალი ჰიგიენური წესის გათვალისწინებით მომზადებული ვეგეტარიანული კერძები საკურთხეველზე ღვთაების გამოსახულების წინ თავსდება, ქურუმის მიერ ზანზალაკების რეკვის ქვეშ კერძები ცოტა ხანში განიწმინდება (ითვლება, რომ ღვთაებები ამ შენაწირს მიირთმევენ), შემდეგ კი კულტის მსახურნი და მათი თანაშემწენი ღვთაების მიერ ამგვარად „ნაჭამი“ და „ნაწყალობები“ პრასადამით ანუ ღვთის საჭმლის ნარჩენებით მსახურებაზე შეკრებილ მორწმუნეებს აპურებენ.

ითვლება, რომ 7 წლის განმავლობაში საკვებად მხოლოდ პრასადამის მიღებისას, ადამიანის არა მხოლოდ სხეული, არამედ სულიც განიწმინდება.

პრასადამი აიურვედას უძველესი ვეგეტარიანული რეცეპტებით მზადდება, რომლებიც ცილის, ცხიმისა და ნახშირწყლების შეთავსებისას ინდური (ვედური) მედიცინის მიღწევებს ითვალისწინებს. ბჰაგავადგიტას მიხედვით, ის, ვინც პრასადამის გარდა სხვა საკვებს იღებს, იგი „ცოდვით საზრდოობს“ (ბჰაგავადგიტა 3.13).