100 ლარის წინა მხარე

ლარი არის საქართველოს ეროვნული ვალუტა. 1995 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იგი ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა. სიტყვა „ლარი“, რომელიც შეირჩა ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად, ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ზოგადად განძს, ქონებას. სახელწოდება „ლარი“ ქართული ფულის ერთეულის დასახელებად 1991 წელს წამოაყენა აკადემიკოსმა ვასილ ჩანტლაძემ მინისტრთა კაბინეტისათვის შედგენილ პროექტში.

1995 წლიდან მიმოქცევაში შევიდა 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარის ღირებულების საბანკო ბილეთები. 1999 წელს სრულყოფის თვალსაზრისით მოდიფიცირებულ იქნა 1995 წლის ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტები, 2002 წელს 1999 წლის ემისიის მხოლოდ 1, 2, 5, 10 და 20 ლარის ღირებულების ბანკნოტები, ხოლო 2004 წელს 50 და 100 ლარის ღირებულების ბანკნოტები.

ყველა ნომინალის ბანკნოტის ავერსზე წარმოდგენილია ქართული წარწერები: „საქართველო“, „საქართველოს ეროვნული ბანკი“, ნომინალის დასახელება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ფინანსთა მინისტრის ხელმოწერები, თარიღი და შვიდმკლავიანი ბორჯღალის გამოსახულება, ხოლო რევერსზე — ინგლისური ენოვანი წარწერები: „GEORGIA“ და ნომინალის დასახელება.