პორტალი:საქართველოს ისტორია/რჩეული ბიოგრაფია
ექვთიმე თაყაიშვილი (1863-1953), ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი (1918), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946).
პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ, 1887-1894 წლებში ექვთიმე თაყაიშვილი თბილისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში დირექტორის, ალექსი ჭიჭინაძის მიწვევით, ბერძნულ და ლათინურ ენებს ასწავლიდა. 1888 წელს, იგი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში გამგეობის წევრად შეიყვანეს. პარალელურად აქვეყნებდა ძველ ხელნაწერთა აღწერილობებს გაზეთ ივერიაში. საქართველოს სამეცნიერო-კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით დაარსებულმა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ, რომლის მიზანი საქართველოს ისტორიის, მისი ხალხის ყოფა-ცხოვრების, ხელოვნების ძეგლების შესწავლა იყო. საზოგადოების თავმჯდომარე თავად ექვთიმე თაყაიშვილი იყო 1921 წლამდე. საზოგადოებამ ფართო და ნაყოფიერი მუშაობა გაშალა. ექვთიმე თაყაიშვილმა დააფუძნა ორი სამეცნიერო სერია „ძველი საქართველო“ და „საქართველოს სიძველენი“, რომელთა ტომების შემდგენელი თავად იყო. (…სრულად)
- სურათზე: ექვთიმე თაყაიშვილი.