- დეკემბრის ბოლოს საქართველოში მაუწყებლობას ახალი ტელევიზია GMG დაიწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო „მედიანიუსი“ ავრცელებს. GMG ექვს არხს გააერთიანებს და ადგილობრივი საკაბელო ტელევიზიით როგორც თბილისში, ისე ქვეყნის ცენტრალურ ქალაქებში გავრცელდება. ახალი ტელევიზიის გენერალური პროდიუსერის, ბიძინა ბარათაშვილის განცხადებით, ახალი ტელევიზია დამფუძნებელი ორგანიზაციის - „გლობალ მედია გროუპ”-ის - სახელს ატარებს. იგი ორ-ორ კინო და სპორტულ არხებს, ასევე თითო საბავშვო და სერიალების არხებს გააერთიანებს. GMG-ს უკვე მოპოვებული აქვს ევროპის რამდენიმე წამყვანი ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის, NBA-სა და სხვადასხვა საჩოგბურთო ტურნირის პირდაპირი ტრანსლაციის უფლება. (რადიო თავისუფლება)
- ქოლერის შემთხვევები გამოვლინდა ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო- რენსში. ქოლერის ეპიდემიის შედეგად, რომლის ეპიცენტრიც დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს, 220 კაცი გარდაიცვალა და 2 600 კი ჰოსპიტალიზებულია. ექიმები შიშობენ, რომ ქოლერის შემდეგი სამიზნე შეიძლება გახდეს პორტ-ო-პრენსი, რომელსაც შარშანდელი მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ძალიან ბევრი ადამიანი აფარებს თავს. დევნილები კარვების ქალაქებში ცუდ სანიტარულ პირობებში ცხოვრობენ, რაც დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს. (რადიო თავისუფლება)
- საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, - იუწყება ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“. მაროკოს ქალაქ აგადირში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჭრიკიშვილმა ექვსი შეხვედრა მოიგო. ქალაქ აგადირში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი დღეს დასრულდება. (რადიო თავისუფლება)
|