- რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ევროპის ქვეყნების რამდენიმე აეროპორტი მუშაობას წყვეტს. დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის, გერმანიისა და საფრანგეთის აეროპორტები დიდთოვლობის გამო დახურულია. გადაუღებელ წვიმებს კი ვენეციაში წყალდიდობა მოჰყვა. ალბანეთის ჩრდილოეთით ასევე გადაუღებელი წვიმების გამო საგანგებო სიტუაციაა შექმნილი. ევროპაში ტემპერატურის მინუს 20 გრადუსამდე ვარდნა 15 ადამიანი სიკვდილის მიზეზი გახდა. (რადიო თავისუფლება)
- ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის, ფიფას გადაწყვეტილებით, მსოფლიოს ჩემპიონატს 2018 წელს რუსეთი უმასპინძლებს, 2022-ში კი კატარი. ამის შესახებ განცხადება დღეს ციურიხში, ფიფას აღმასრულებელ კომიტეტში გამართული კენჭისყრის შემდეგ გააკეთა ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა. რუსეთმა შეძლო, დაემარცხებინა ძლიერი კონკურენტები ინგლისის, პორტუგალია-ესპანეთისა და ბელგია-ნიდერლანდების სახით. კატარი კი პირველი მუსლიმანური სახელმწიფოა, რომელიც ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. მის კონკურენტებს შორის იყვნენ შეერთებული შტატები და ავსტრალია. (რადიო თავისუფლება)
- სერბიასა და ჩერნოგორიაში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობების გამო ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ცენტრალურ ევროპაში კი 26 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა დიდთოვლობამ და ყინვამ. მარტო პოლონეთში, ყინვის შედეგად, 18 ადამიანია გარდაცვლილი. გერმანიაში სამი ადამიანი დაიღუპა უამინდობით გამოწვეული ავტოავარიების შედეგად. (რადიო თავისუფლება)
|