- პარასკევს, ირანის ქალაქ დამჰანის სამხრეთში, ქვეყნის უდიდეს უდაბნოში, დაშთ-ე-ქავირში მოხდა მიწისძვრა, რომლის ბიძგების სიმძლავრე რიხტერის სკალით 6 ბალს აღწევდა. ირანის „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის“ ორგანიზაციის თანახმად, მნიშვნელოვნად დაზიანდა შენობები დამჰანის მახლობელ ექვს სოფელში. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა თეირანშიც. (რადიო თავისუფლება)
- ერთწლიანი პაუზის შემდეგ გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში წირვა-ლოცვა აღდგა. დღეს წირვა იღუმენმა რაფაელმა აღავლინა. ძეგლთა დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის ფონდის დაფინანსებით შეკეთდა ტაძრის კამარა. ეს უნიკალური ტაძარია და VII-VIII საუკუნეებს განეკუთვნება. ის ერთადერთი ორგუმბათიანი ეკლესიაა მართლმადიდებელ სამყაროში. (პირველი არხი)
- მართლმადიდებელი სამყარო დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წირვა-ლოცვა აღავლინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სიონის საკათედრო ტაძარში. (რადიო თავისუფლება)
- აფეთქება მოხდა ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში. მომხდარის შედეგად სამი მაღაროელი დაიღუპა. შვიდი მაღაროელი, რომლებიც წუხელ მაშველებმა ამოიყვანეს, თბილისში არიან გადმოყვანილი. მათ სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობა აქვთ მიღებული. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, მეთანის დაგროვება გახდა. მინდელის სახელობის მაღაროში სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. უბედური შემთხვევა გუშინ, დაახლოებით საღამოს 9 საათისთვის მოხდა. (პირველი არხი)
|