ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი (დ. 27 იანვარი, 1756, ზალცბურგი — გ. 5 დეკემბერი, 1791 ვენა), ავსტრიელი კომპოზიტორი, ინსტრუმეტალისტი, დირიჟორი, ვენის კლასიკური სკოლის წარმომადგენელი.

მოცარტის ნაწარმოებები უმნიშვნელოვანესია მუსიკალური სამყაროსთვის და შედის ყოველი მუსიკოს-შემსრულებლის რეპერტუარში.


მოცარტი დაიბადა ზალცბურგის კარის კაპელმაისტერის და კომპოზიტორის, ლეოპოლდ მოცარტისა და ანა მარია პერტლის ოჯახში. მან პირველი გაკვეთილები ვიოლინოს, ფორტეპიანოს და კომპოზიციაში მამასთან მიიღო. იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული მუსიკალური ტალანტით, ხუთი წლის ასაკში მან უკვე რამდენიმე პატარა მუსიკალური ნაწარმოები შეთხზა. ოთხი წლის მოცარტი უკვე უკრავდა ფორტეპიანოზე, ექვსისა კი სერიოზულ ნაწარმოებებს ასრულებდა. ექვსი წლის ასაკში იგი შესანიშნავად უკრავდა ვიოლინოზე და ფორტეპიანოზე. მოცარტის და ნანერლი და თვით მოცარტი 1762 წლიდან უკვე მართავდნენ კონცერტებს ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის. ბავშვების დიდმა წარმატებამ მიუნხენის კარზე მტკიცედ გადააწყვეტინა ლეოპოლდ მოცარტს, რომ საჭირო იყო მოცარტის უფრო დიდ ასპარეზზე გაყვანა. მან 1763 წელს მთელი ოჯახით, დიდი მოგზაურობა დაიწყო, რომელიც სამ წელზე მეტს გრძელდებოდა. ისინი გაემგზავრნენ დასავლეთ ევროპაში ძირითადად კი იტალიაში, იქ მოცარტი გახდა საქვეყნოდ ცნობილი გენიოსი.