პლუმების ტექტონიკა

პლუმების ტექტონიკა, პლუმ-ტექტონიკა — გეომეცნიერების თეორია, რომლის თანახმად დედამიწის მანტიაში არსებობს პლუმები — ცხელი მანტიური ნაკადები, რომლებიც დედამიწის ზედაპირთან მიახლოებისას, კერძოდ, დედამიწის ქერქსა და ზედა მანტიაში ქმნიან ლღობის კერებსა და განსაზღვრული გეოქიმიური ტიპების ვულკანიზმს, რასაც თან სდევს ბაზალტების ხანმოკლე ამონთხევა ან ვულკანთა ჯაჭვების წარმოქმნა.[1] პლუმების ტექტონიკა წარმოადგენს დედამიწის ლითოსფეროში არსებული მაგმური და ტექტონიკური პროცესების ერთობლიობას, რომელიც განპირობებულია მასზე მანტიური პლუმების ზემოქმედებითა და აგრეთვე გეოლოგიური კონცეფციით, რომელიც ხსნის ამ პროცესებს. პლუმების ტექტონიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ეგრეთ წოდებული პლუმური მაგმატიზმი, რომელიც შეიცავს ინტრუზიას დედამიწის ქერქისა და მანტიის საზღვრის გასწვრივ და დედამიწის ქერქში, ბაზალტების (ხშირად ტუტე შედგენილობის) ამონთხევას ზედაპირზე.[2]

ლითოსფერული ფილების კონტინენტური ნაწილის ფარგლებში მანტიური პლუმის თავზე წარმოიქმნება ტრაპული პროვინციები; ფილების ოკეანურ ნაწილში — შიდაფილური ოკეანური ბაზალტური პლატო დედამიწის ქერქის გაზრდილი სიმძლავრით ან წყალქვეშა ვულკანებისა და ვულკანური კუნძულების ჯაჭვებით. მანტიური პლუმების აზევებას უკავშირებენ კონტინენტის პასიური კიდის წარმოქმნას. პლუმების ტექტონიკის გამოვლინება დიდ როლს თამაშობს კონტინენტური და ოკეანური ლითოსფეროს მასების შეზრდაში. გარდა ამისა, პლუმების ტექტონიკას მიაკუთვნებენ ზოგიერთ შიდაფილურ ტექტონიკურ პროცესს, მათ შორის დედამიწის ქერქის შიდაფილურ აზევებებსა და კონტინენტურ რიფტულ სისტემებს.[3]

მანტიური პლუმების აზევება საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ლითოსფერული ფილების გაპობასა და სპრედინგის ღერძის წარმოქმნას. შესაძლოა, რომ მანტიური პლუმები არსებით გავლენას ახდენენ კონვექციური უჯრედების გარდაქმნაზე დედამიწის მანტიაში. პლუმების ტექტონიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს დედამიწის გეოდინამიკაში პალეოარქეულიდან მოყოლებული, შესაძლოა, უფრო ადრეული დროიდანაც. ჩვეულებრივ, ითვლება, რომ გლობალური მანტიური კონვექცია, რომელიც წარმოადგენს ლითოსფერული ფილების მოძრაობის მთავარ მექანიზმს და მანტიური პლუმების აზევება არსებობს ერთდროულად და პლუმების ტექტონიკა ავსებს ფილების ტექტონიკას. რიგი მკვლევრის აზრით, ფილების ტექტონიკა და პლუმების ტექტონიკა დროში ცვლიან ერთმანეთს.[3]

მზის სისტემის სხვა პლანეტებზე — კერძოდ მარსსა და ვენერაზე არ არის ფილების ტექტონიკა, თუმცა სამაგიეროდ გვხვდება პლუმების ტექტონიკის სხვადასხვა გამოვლინებები. პლუმების ტექტონიკის კონცეფციის ავტორია იაპონელი მეცნიერი მარუიამა სიგენორი.[4]

  1. Плюм-тектоника — Башкирская энциклопедия[მკვდარი ბმული]
  2. Лобковский Л.И., Никишин А.М., Хаин В.Е.. Современные проблемы геотектоники и геодинамики. Москва, გვ. 612, 2004. 
  3. 3.0 3.1 тектоника плюмов — большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-24. ციტირების თარიღი: 2019-09-10.
  4. Hiromoto Nakazawa. Darwinian Evolution of Molecules : Physical and Earth-Historical Perspective of the Origin of Life. Singapore, Singapore: Springer Verlag, Singapore, გვ. 143, 2018.