ნიკეის პირველი საეკლესიო კრება

(გადამისამართდა გვერდიდან პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება)

ნიკეის პირველი საეკლესიო კრება (მართლმადიდებლებისთვის — პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება) — მსოფლიო საეკლესიო კრება, ჩატარდა ქალაქ ნიკეაში, 325 წელს, რომის იმპერატორისკონსტანტინე I დიდის საგანგებო ბრძანებით.

ნიკეის პირველი საეკლესიო კრება
თარიღი 20 მაისი19 ივნისი, 325
აღიარებს
შემდეგი კრება კონსტანტინოპოლის პირველი საეკლესიო კრება
მოიწვია კონსტანტინე I დიდი
თავმჯდომარე ევსტათი ანტიოქიელი
ესწრებოდა 318 სასულიერო პირი
საკითხები არიანელობა, ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება, აღდგომის დღესასწაულობა და სხვა.
კანონები დამტკიცდა 20 კანონი

საისტორიო წყაროები

რედაქტირება

ნიკეის კრების შესახებ ძირითადი წყაროებია მისი ორი მონაწილის: ევსები კესარიელისა[1] და ათანასე დიდის შრომები, აგრეთვე გვიანდელი ისტორიკოსების: რუფინუს აკვილეელი, სოკრატე სქოლასტიკოსი, სოზომენი და ნეტარი თეოდორე კიროსელი. საეკლესიო კრების დეტალური ისტორია, რომელიც შედგენილია გელასი კიზიკოსის მიერ, ზოგი მკვლევარის მიერ არასანდოდ მიიჩნევა.

გრძელდებოდა ორი თვის განმავლობაში და გახდა პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება ქრისტიანობის ისტორიაში. კრების ძირითადი მიზანი იყო ოფიციალური დადგენილების გამოტანა, ქრიასტიანობის, როგორც სახელმწიფოებრივად აღიარებული სარწმუნოების შესახებ, რომელიც თავისი არსებობის პირველ ხანებიდან IV საუკუნის დასაწყისშიც კი მკაცრად იდევნებოდა და, ამასთან ერთად განხილვა იმ უმთავრესი დოგმატიკურ-კანონიკური და იერარქიულ-ადმინისტრაციული საკითხებისა, რომლებიც იმ ხანებში ერთობ მწვავედ ისმოდა და რომელთა მოგვარება-მოწესრიგება ნიშნავდა ქრისტიანობის უკვე, როგორც სახელმწიფო რელიგიის ძლიერებასა და მის შემდგომ განვითარებას მთელ საქრისტიანო მსოფლიოში. კრებას ესწრებოდა როგორც რომის იმპერიაში შემავალ ქრისტიანულ ორგანიზაციათა წარმომადგენლები (ძირითადად ეპისკოპოსები), ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებულ, სხვა სახელმწიფოთა ქრისტიანულ ორგანიზაციათა წარმომადგენლებიც. კრებაზე მონაწილეობა მიიღო 300-მდე ეპისკოპოსმა და დაბალი ხარისხის სხვა წარმომადგენელმა. კრებას ესწრებოდა სულ 318 მამა. რომის პაპმა სილვესტერ I-მა პირადად ვერ მიიღო მონაწილეობა. მან კრებაზე თავისი დელეგატები გააგზავნა.

კრება, რომელიც ევსტათი ანტიოქიელის თავმჯდომარეობით გრძელდებოდა ორნახევარ თვეს, 20 მაისიდან — 19 ივნისამდე, მიმდინარეობდა ეკლესიის სასახლის ერთ-ერთ პალატაში. კრებაზე ნებადართული იყო საერო პირების დასწრებაც და დარბაზში ზოგჯერ 2000-მდე კაცი იყრიდა თავს. დარბაზის ირგვლივ იდგა სავარძლები ეპისკოპოსებისათვის, ხოლო შუაში კი, მაგიდაზე ესვენა საღმრთო წერილი (ბიბლია). იმპერატორი კონსტანტინე თავად ესწრებოდა ხოლმე სხდომებს და ზოგჯერ მათ სიტყვითაც ხსნიდა.

კრების განხილვის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს წარმოადგენდა ალექსანდრიელი მღვდლის — არიოზის წარმოდგენის უარყოფა — იესო ქრისტეს არაღვთაებრიობის შესახებ. არიოზი დაჟინებით იცავდა თავის მოძღვრებას და, ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ — იყო დრო, როცა ძე ღვთისა არ იმყოფებოდა (არ იყო შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა) და იგი არის ქმნილებაო, (ამიტომ არის მრწამსში მიმატებული სიტყვები: შობილი და არა ქმნილი). არიოზის მოძღვრებას მხარს უჭერდნენ ზოგიერთი ეპისკოპოსები, როგორებიც იყვნენ: ევსევი ნიკოდიმიელი, თეგნოსტი ნიკიელი და მარისი ქალკედონელი. საჯარო პაექრობებში დასახელებული მწვალებლები დამარცხდნენ. მათი მოძღვრების უარყოფაში დიდი როლი ითამაშა წმ. ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსმა, წმ. სპირიდონ ტრიმითუნიელმა, ალექსანდრიელი ეპისკოპოსის დიაკვანმა წმ. ათანასემ და სხვებმა. კრებამ ერთხმად დაადგინა არიოზი და მისი თანამოაზრეები მწვალებლებად, ხოლო მათი სწავლება ცრუმოძღვრებად და გადაწყვიტა ეკლესიიდან განკვეთა. კრებაზე შემუშავდა შვიდი პუნქტისგან შემდგარი სარწმუნოების სიმბოლო (კრედოს) — „მრწამსის“ ტექსტი, რომელიც სხვადასხვა ეკლესიაში სხვადასხვა რედაქციების იყო და მით სარგებლობდნენ.

ნიკეის კრებამ ასევე დაადგინა აღდგომის აღნიშვნის წესი და დადგინა, რომ უნდა იდღესასწაულებოდეს ერთდროულად ყველა ეკლესიაში, ე. ი. პირველი კვირა სავსე მთვარიდან გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ.

კრებაზე დამსწრე ეპისკოპოსთა ერთ ნაწილს სურდა დაეკანონებინდა მღვდლებისა და დიაკვნების უქორწინებლობა. მაგრამ ამ წამოყენებული წინადადების წინააღმდეგ მკაცრად გაილაშქრა რა ეპისკოპოსმა პაფნუტიმ და კრებას მიუთითა, რომ ვაი თუ გადამეტებული სიმკაცრით ზიანი მივაყენოთ ეკლესიასო, კრებამ, ბჭობის შემდეგ, მღვდლებისა და დიაკვნების დაუქორწინებლობის შესახებ წამოყენებული აზრი უარყო და გაიზიარა პაფუნტის შეხედულება.

კრებამ, ასევე დაამტკიცა ამა თუ იმ ეკლესიის მთავარ წარმომადგენელთა იერარქიული და ადმინისტრაციული ნორმები, ურთიერთშორის პატივისა და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. კრებამ გამოსცა სულ 20 კანონი. კრების დასასრულს, მისი ყველა მონაწილე იმპერატორის მიერ მიწვეულ იქმნა საგანგებოდ გამართულ გამოსათხოვარ სადილზე.

კრების დადგენილების 20-ვე მუხლი კრების მონაწილე ეპისკოპოსების მიერ მათ ეპარქიებში, თავთავიანთი ქვეყნების მიხედვით ეცნობა ყველა ეკლესიას.

პირველი საეკლესიო კრების პროტოკოლი არ შემორჩენილა. აღნიშნული კრების გადაწყვეტილებების შესახებ ცნობილი ხდება სხვა წყაროებიდან, მათ შორის მომდევნო საეკლესიო კრებების ოქმებიდანაც. საყურადღებოა, რომ კრების მონაწილეთა სიაში, რომელიც ჩვენამდე მოღწეულია ექვს ენაზე და შედგენილია ეპპარქიებისა და საეპისკოპოსო კათედრების მიხედვით, — იხსენიება პიტიუნტის ეპისკოპოსი ვინმე სტრატოფილე.

კრების დღესასწაული იზეიმება, სხვა ხუთ მსოფლიო კრებასთან ერთად, როგორც — ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამათა ხსენება. დღესასწაული გარდამავალია და იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.

კრების კანონები

რედაქტირება

;კანონი 1. საჭურისის მღვდლად კურთხევა

თუ ვინმე ავადმყოფობის გამო ექიმის ხელით ან ბარბაროსთა მიერ იქნა დასაჭურისებული, ასეთი შეიძლება იყოს სამღვდელო დასში. თუ ჯანმრთელმა დაისაჭურისოს თავი, მათ შესახებ სხვა სასულიერო პირებმა დაწვრილებით უნდა გამოიძიონ, უნდა ამორიცხონ სამღვდელო დასიდან და არასდროს არ უნდა დაუბრუნდეთ მათ მღვდლობის პატივი. ეს ნათქვამია მათზე, ვინც თვითონ გაბედავს დასაჭურისებას. თუ ვინმე, სხვა მხრივ ღირსეული, დაასაჭურისეს ბარბაროსებმა ან მისმა ბატონმა, მისი მღვდლად კურთხევის ნებას იძლევა კანონი.

კანონი 2. ახალმოქცეული წარმართის მღვდლად კურთხევა

მრავალჯერ ყოფილა, რომ გაჭირვების გამო ან კაცთა მიერ ძალდატანების შედეგად მომხდარა საეკლესიო კანონთა საწინააღმდეგო საქმე: წარმართობიდან მართლმადიდებლად მოქცეული კაცები ცოტა ხანს არიან კათაკმევლები, სწრაფად მოყჰავთ ისინი სულიერ საბანელთან, დანათლისღებისთანავე აკურთხებენ მღვდლად ან ეპისკოპოსად. საჭიროდ მიგვაჩნია, რომ ამიერიდან აღარ მოხდეს ასეთი რამ, რადგან აუცილებელია, რომ მათ გარკვეული ხანი დაჰყონ კათაკმევლობაში და ნათლისღების შემდეგ უმეტესად გამოიცადონ, რადგან სამოციქულო წიგნში ცხადად არის ნათქვამი: „ნუ ახალმონათლული, რომ არ გათამამდეს და არ ჩავარდეს სასჯელში და ეშმაკის მახეში“. თუ დროთა განმავლობაში მის პიროვნებაში აღმოჩნდეს რაიმე სულიერი ცოდვა და მხილებულ იქნეს ორი ან სამი მოწმის, ასეთი მღვდლად ნუ იკურთხება. ვინც ამ კანონის საწინააღმდეგოდ იმოქმედოს, როგორც დიდი კრების მოწინააღმდეგე და ურიაც, თვითონ დაემხოს მღვდელობიდან.

კანონი 3. სამღვდელოთა მიერ სახლში ქალის ყოლის უფლების აკრძალვა

დიდი კრება სრულიად უკრძალავს ეპისკოპოსს, მღვდელს, დიაკონს და სამღვდელო დასის ყველა წარმომადგენელს ქალის ყოლას სახლში თანასახლეულად, გარდა დედისა, დისა ან მამის და დედის დისა, ან ისეთი პირისა, რომელიც სრულიად არასაეჭვოა.

კანონი 4. ეპისკოპოსის კურთხევის წესი

ეპისკოპოსი უნდა დაადგინოს სამთავროს ყველა ეპისკოპოსმა. თუ ყველას შეკრება შეუძლებელი იყოს რაიმე გაჭირვების ან გზის სიგრძის გამო, სამი მაინც უეჭველად შეიკრიბოს ერთად, სხვებისაგან მიიღონ წერილობითი თანხმობა და ამის შემდეგ აღასრულონ ხელდასხმა. ამ ქმედებას საბოლოოდ ამტკიცებს სამთავროს მიტროპოლიტი.

კანონი 5. უზიარებლობის სასჯელის საყოველთაოობა. კრებაზე გასაჩივრებისუფლება და კრების გამართვის წესი

მათზე, ვინც თითოეული სამთავროს ეპისკოპოსის მიერ დასჯილია უზიარებლობით, გინდ სამღვდელო, გინდ საერო პირი იყოს, დაცულ იქნეს განწესებული კანონით, რომელიც ამბობს, რომ ერთი ეპისკოპოსის მიერგანდევნილი არ უნდა შეიწყნაროს სხვა ეპისკოპოსმა. მხოლოდ გამოძიებულ უნდა იქნეს, ხომ არ მოხდა ამ სასჯელის დადება ეპისკოპოსის სულმოკლეობის, მღელვარე ბუნების ან რაიმე მსგავსი უსახურობის გამო. ამ საქმის ჯეროვნად შესასწავლად, კრებას სათანადოდ მიაჩნია, რომ თითოეულ სამთავროში წელიწადში ორჯერ ჩატარდეს ეპისკოპოსთა კრება, რომ მთელი სამთავროს ეპისკოპოსთა საერთო შეკრებაზე ასეთი სადავო საქმე განხილულ იქნეს. ამგვარად, საჯაროდ და სამართლიანად, ყველას მხარდაჭერით დამტკიცდეს თავისი ეპისკოპოსის დაუმორჩილებელთა უზიარებლობით დასჯა მანამ, სანამ ჯეროვნად მიიჩნევს ეპისკოპოსთა ერთობა მათთვის რაიმე უფრო კაცთმოყვარული განაჩენის დამკტიცებას. ხოლო კრებები იყოს ერთი მარხვამდე, რომ ყოველგვარი სულმოკლეობის აღკვეთით განწმენდილი მსხვერპლი შეეწიროს ღმერთს, ხოლო მეორე - რთველის დროს.

კანონი 6. ალექსანდრიის ეკლესიის ძალაუფლება აფრიკაზე. ეპისკოპოსობაზე მიტროპოლიტის თანხმობის აუცილებლობა. კრებაზე გადაწყვეტილების მიღებისწესი

ძველი წესი იყოს დაცული ეგვიპტეში, ლიბიასა და ხუთქალაქში, რომ ყველა ამათზე ვრცელდებოდეს ალექსანდრიის ეპისკოპოსის ხელისუფლება. ასეთივე ჩვეულება არის რომის ეკლესიაშიც, ანტიოქიაშიც და სხვა სამთავროებშიც - დაცულია რომელიმე ეკლესიის უპირატესი ძალაუფლება. ეს საყოველთაოდ მთელ მსოფლიოში ცხადი იყოს, რომ თუ ვინმე მიტროპოლიტის ცნობის გარეშე ეპისკოპოსი გახდება, ასეთის შესახებ ადგენს დიდი კრება, რომ არ არის ჯეროვანი მისი ეპისკოპოსობა. თუ ყველა ეპისკოპოსის საერთო ბჭობა მართალი იქნება და საეკლესიო კანონთან შეთანხმებული, ხოლო ორი ან სამი ბრძოლისმოყვარე ეპისკოპოსი ეწინააღმდეგება უმრავლესს, უნდა დამტკიცდეს უმრავლესის განჩინება.

კანონი 7. იერუსალიმის ეკლესიის მეთაურის პატივის შესახებ

რადგან ჩვეულებით დამტკიცებულია და ზეციდან მოცემული, რომ პატივი მიეგოს ელიის ეპისკოპოსს, ამიტომ ამ ქალაქს შეურყეველად ჰქონდეს მიტროპოლიტის პატივი.

კანონი 8. „წმინდად“ წოდებულთა მიმართ ეკლესიის დამოკიდებულება

ისინი, ვინც თავიანთ თავს წმინდას უწოდებენ, თუ მოიქცევიან და დაუბრუნდებიან სამოციქულო ეკლესიას, მათ შესახებ წმინდა და დიდი კრება ადგენს, რომ თუ რომელიმე მათგანი ხელდასხმული იყოს, დარჩეს თავისი სამღვდელო პატივის ხარისხში. უპირველესად, მათ წერილობით უნდა აღიარონ, რომ შეუერთდებიან და შეუდგებიან კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის სჯულს, ესე იგი, ისინი საზიარებლად შეიწყნარებენ მეორედ ქორწინებულებს, დევნილებსა და გაჭირვების გამო ცოდვაში ჩავარდნილებს, რომელთათვის სინანულის დროც დადგენილია და დღეებიც განსაზღვრულია. საჭიროა, რომ ისინი მიჰყვნენ კათოლიკე ეკლესიის ყველა წესს. ამრიგად, იმ დაბაში ან ქალაქში, სადაც მხოლოდ ისინი არიან ხელდასხმული და სამღვდელო დასის წევრები, დარჩნენ იმავე ხარისხში და იმავე სახით. ხოლო თუ იქ კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ან მღვდელი იქნება, ცხადია, რომ კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსს ექნება ეპისკოპოსის პატივი, ხოლო წმინდად წოდებულთა ეპისკოპოსს მღვდლის პატივი უნდა ჰქონდეს. თუ ის მიიჩნევს, რომ მას აქვს ეპისკოპოსის პატივი და ადგილობრივი ეპისკოპოსი ჩათვლის საჭიროდ, მოსძებნოს მან ან ქორეპისკოპოსის, ან მღვდლის ადგილი, რომ არ იყოს ერთ ქალაქში ორი ეპისკოპოსი.

კანონი 9. კანონის დარღვევით ხელდასხმის შედეგები

თუ ვინმემ შეუსწავლელ-გამოუძიებლად მიიღოს მღვდლობის პატივი და გამოკითხვა-გამოძიების შემდეგ აღიაროს თავისი ცოდვები და აღიაროს, რომ კანონთა დარღვევით მოხდა მისი ხელდასხმა, ასეთებს კანონი არ შეიწყნარებს, რადგან კათოლიკე ეკლესია უნაკლოს ეძებს.

კანონი 10. ცოდვილის ხელდამსხმელის შესახებ

ცოდვით დაცემულთაგანი, თუ ვინმე ხელდასხმული იქნება, იცის თუ არ იცის ეს მისმა ხელდამსხმელმა, ამას არ ითვალისწინებს საეკლესიო კანონი. თუ ეს ცნობილი გახდება, ასეთები განიკვეთებიან.

კანონი 11. სარწმუნოების უარმყოფელთა მიღების წესი

გაჭირვების, მონაგებთა მიტაცების, ტყვეობის ან სხვა რაიმე ამგვარის გარეშე, რაც მოხდა ლიკინიოზის ძალადობის დროს, თუ ვინმე გადაუდგა და უარყო სარწმუნოება, კრებას მიაჩნია, რომ საჭიროა გამოვიჩინოთ მათ მიმართ მოწყალება, თუმცა, ღირსნი არ არიან კაცთმოყვარეობისა. თუ მოინანიებენ გულმოდგინედ, სამი წელი მსმენელებთან ერთად დაჰყონ, შვიდი წელი შევრდომით ილოცონ, ხოლო ორი წელი შესაწირავის გარეშე ეზიარონ ერის ლოცვას.

კანონი 12. სამხედრო სამსახურიდან მოქცეულ სამღვდელოთა ისევ სამხედრო სამსახურში დაბრუნების შემთხვევაში შეწყნარების წესი

იმათ, ვინც სარწმუნოების აღსარებად მადლის მიერ იქნენ მოწოდებულნი და თავიდან გულმოდგინება და მოქცევის დიდი სურვილი გამოიჩინეს, გვერდზე გადადეს სამხედრო აღჭურვილობა, ხოლოამის შემდეგ, როგორც ძაღლები თავიანთ ნათხევარს მიუბრუნდნენ და ზოგიერთმა ფული და საუნჯეც გაიღო, რომ ისევ მხედართა დასს დაბრუნებოდა, სამი წლის მსმენელობის ვადის შესრულების შემდეგ ათი წელი შევდრომით ილოცონ. ყოველივე ამასთან საჭიროა დაწვრილებით გამოიძიონ მათი მისწრაფება და სინანულის სახე, თუ როგორი შიშით, ცრემლით, მოთმინებით და კეთილმოქმედებით, საქმით და არა მხოლოდ გარეგნულად გამოაჩენენ თავის მოქცევას. როდესაც შეასრულებენ მსმენელობის დადგენილ ვადას, ეპისკოპოსის კაცთმოყვარული გადაწყვეტილებითა და მხარდაჭერით სამართლიანად ეზიარონ ისინი ერის ლოცვას. ხოლო ვინც ასე არ იმოქმედოს და თავისი მოქცევისათვის საკმაოდ ჩათვალოს მხოლოდ ეკლესიაში შესვლა, აუცილებლად უნდა შეასრულოს ზემოთქმული კანონის მთელი დრო.

კანონი 13. უზიარებლის სიკვდილის წინ ზიარების უფლება. შედეგები ცოცხლად გადარჩენის შემთხვევაში

მომაკვდავთა შესახებ მომავალშიც დაცული იყოს ძველი და კანონიერი სჯული, რომლის მიხედვითაც, თუ ვინმე კვდებოდეს, ბოლო საჭირო საგზლის გარეშე არ უნდა დარჩეს. ხოლო განწირულად ჩათვლისა და ზიარების მიღების შემდეგ თუ ისევ მობრუნდეს და აღარ მოკვდეს, მიეცეს მხოლოდ ლოცვაში მონაწილეობის მიღების ნება. საზოგადოდ და ყველასთან ასე იყოს ეს. თუ ვინმე სნეული ითხოვდეს ევქარისტიის ზიარებას, ეპისკოპოსმა უნდა იცოდეს, განსაჯოს ეს და მისცეს სიწმინდის ზიარება.

კანონი 14. ცოდვისაგან მოქცეული კათაკმევლის შეწყნარებისწესი

ცოდვით დაცემული კათაკმევლების შესახებ წმინდა და დიდ კრებას საჭიროდ მიაჩნია, რომ სამი წელი ისინი მსმენელები იყვნენ და მხოლოდ ამის შემდეგ ილოცონ კათაკმევლებთან ერთად.

კანონი 15. სამღვდელოთა ეპარქიიდან თვითნებური გასვლისაკრძალვა

მრავალი შფოთიანი საქმისა და არეულობათა გამო, რომელიც არის ხოლმე, წმინდა კრებას მიაჩნია, სრულიად მოისპოს ზოგ მხარეში დამკვიდრებული უკანონო ჩვეულება და ქალაქიდან ქალაქში არ გადადიოდეს არც ეპისკოპოსი, არც მღვდელი, არც დიაკონი. თუ ვინმემ ამ დიდი კრების დადგენილების შემდეგ ხელი მიჰყოს ამ საქმეს, სრულიად დაუმტკიცებელი იყოს მის მიერ მოპოვებული და გადაყენებულ იქნეს, გინდ ეპისკოპოსად იყოს ხელდასხმული და გინდ მღვდლად.

კანონი 16. სხვის ეპარქიაში გადაადგილების და ხელდასხმის აკრძალვა

თუ მღვდელს, დიაკონს ან სამღვდელო დასის სხვა წევრს თავის გონების სიბრმავის გამო ღვთის შიში თვალწინ არა აქვთ, საეკლესიო კანონთა არმცოდნენი არიან და განშორდებიან თავიანთ ეკლესიას, ესენი ნურსად იქნებიან სხვა ეკლესიაში შეწყნარებულნი, არამედ ყოველნაირად უნდა აიძულონ ისინი, რომ თავიანთ ეკლესიას დაუბრუნდნენ. თუ მაინც ურჩობდნენ, უზიარებლობით დაისაჯონ. ხოლო თუ ვინმემ სხვისი მოყვასის გადმობირება და თავის ეკლესიაში ხელდასხმა გაბედოს იმ ეპისკოპოსის თანხმობის გარეშე, რომლისგანაც კანონის მიერ განჩინებული პირი წამოსულია, დაუმტკიცებელი იყოს მისი ხელდასხმა.

კანონი 17. ვახშის აკრძალვა სამღვდელოთათვის

მრავალნი, კანონის მიერ სამღვდელოდ განჩინებულნი, ანგარებისა და მომხვეჭელობის სურვილით ივიწყებენ საღვთო წერილის შემდეგ სიტყვებს: „ვეცხლი მისი არა მისცა აღნადგინებად“ და თავიანთ მოვალეებს ართმევენ ვახშს. წმინდა კრებამ ჯეროვნად მიიჩნია, რომ თუ ამ დადგენილების მერე აღმოჩნდება ვინმე გასესხებულ თანხაზე ვახშის ამღები ერთის მაგიერ ერთნახევრისა ან სხვა რაიმეს ჩამდენი მიხვეჭის მიზნით, მღვდელობისაგან განიკვეთოს და კანონის მიერ განდევნილ იქნეს.

კანონი 18. დიაკვნების მიერ ზიარების აკრძალვა

წმინდა კრებამდე მოვიდა ამბავი, რომ ზოგიერთ ადგილსა და ქალაქში დიაკვნები აზიარებენ მღვდლებს, რაც არც კანონს მოუცია და არც ჩვეულებას, რომ ვისაც შეწირვის უფლება არ აქვს, შემწირველს მისცეს ქრისტეს ხორცი. ამასთან ერთად ესეც გავიგეთ, რომ ზოგიერთი დიაკონი ეპისკოპოსზე ადრეც ეხება ზიარებას. ეს ყოველივე უნდა მოისპოს და დიაკონთა დასი დადგეს თავის საზომზე. მათ უნდა იცოდნენ, რომ ეპისკოპოსთა მსახურნი არიან და მღვდლებზე უმცროსნი. ხოლო უნდა ეზიარონ ისინი წესისამებრ, მღვდელთა შემდეგ, გინდ ეპისკოპოსი აზიარებდეს მათ, გინდ ხუცესი. არც ხუცესთა შორის უნდა დასხდნენ დიაკვნები, რადგან ასეთი საქციელი უწესოა და უკანონო. ხოლო ვისაც არ უნდა დაჯერება ამ დადგენილების შემდეგაც, ჩამოერთვას დიაკვნობა.

კანონი 19. პავლიანიტთა შეწყნარების წესი

პავლიანიტების შესახებ, რომლებიც დაუბრუნდებიან წმინდა კათოლიკე ეკლესიას, მიღებულია დადგენილება, რომ ისინი ხელახლა უნდა მოინათლონ. თუ რომელიმე მათგანი სამღვდელო დასს ეკუთვნოდა ადრე, ხელდასხმული იყო მათი წინამძღვრებისაგან და უბრალო და უბიწო აღმოჩნდება, ნათლისღების შემდეგ კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა მას ხელახლა უნდა დაასხას ხელი. თუ გამოძიების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ისინი სამღვდელო წესიერების ღირსნი არ არიან, სათანადოა მათი განკვეთა. ასევე დედათ-დიაკონთა შესახებაც და ყველა კანონის მიერ დაწესებულისთვის დაცულ იქნეს ეს წესი. ვახსენეთ დედათ-დიაკვნებიც, რომლებიც მხოლოდ პირობითად იწოდებიან კანონის მიერ დაწესებულად, რადგან მათ ხელდასხმა არ აქვთ. ამიტომ ერსიკაცებთან უნდა დაეწესონ ისინი.

კანონი 20. კვირა დღეს მეტანიის დაუშვებლობის შესახებ

ზოგიერთნი კვირასაც და სულიწმიდის მოფენის დღეებშიც მოიდრეკენ მუხლს. დაცულ იქნეს ყველა ეკლესიაში, როგორც წმინდა კრების დადგენილება, რომ ამ დღეებში ფეხზე მდგომელნი უნდა მისცემდნენ თავის ლოცვას ღმერთს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გეორგიკა, ბიზანიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. I., თბ. 1961 წ.
  • „საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 1976 წლისთვის“, გვ. 102-104

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება