პეტრიანთ საყდარი, ცნობილია აგრეთვე, როგორც კუხის ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ გომარეთში. აგებულია 1014-1022 წლებში. ნაგებია რუხი-მოშავო ქვით, მაგრამ აღმოსავლეთის სარკმელი სურინჯისფერი ქვებითაა აწყობილი.

ღვთისმშობლის სახელობის პეტრიანთ საყდარი ერთნავიანი აფსიდიანი ეკლესიაა გარეთა სწორკუთხედის ფარგლებში. შიგნით გრძივ კედლებზე თითი ერთსაფეხურიანი კედლის სვეტია, მათზე დაბჯენილი საყრდენი თაღით. აფსიდი არასრული ნახევრწრის მოყვანილობისაა. შესასვლელი ერთია სამხრეთის მხრიდან. ტაძრის პერანგის წყობა ჩვეულებრივი ზომის, არც ისე სუფთად გათლილი კვადრებისგან შედგება. კუთხეებში ჩართულია უფრო სუფთად გათლილი დიდი ლოდები. ინტერიერში სუფტად გათლილია მხოლოდ საბჯენი თაღები, კედლის სვეტები, კამარა და კონქი. იმპოსტებს მარტივი პროფილები აქვთ.

პეტრიანთ საყდარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2006 წლის 30 მარტს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ხოლო ამავე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის № 665 ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

წარწერები რედაქტირება

 
კუხის ღვთისმშობლის ეკლესიის ტიმპანის ქვის წარწერა

კუხის ღვთისმშობლის ეკლესიის ტიმპანის ქვის წარწერები თარიღდება 1022-1027 წლებით. ტიმპანის ქვაზე სამი დამოუკიდებელი წარწერაა: პირველი, ლიპარიტ ერისთავის სადიდებელი წარწერაა და განთავსებულია გამოსახული ჯვრის ზედა, მარცხენა ნაწილში და იგი ასე იკითხება:

 
„ქ(რისტ)ე ა(დი)დე ლ(ი)პ(არი)ტ ე(რისთავთ)-ე(რისთავი) და შვ(ი)ლნჲ მ(ი)სნჲ ა(მე)ნ.“

მეორე წარწერა ჯვრის მარცხენა ქვედა ნაწილშია, იგი სხვა წყაროებით უცნობი, სტეფანეს და მარიამის მოსახსენიებელია და იგი ასე იკითხება:

 
„სტ(ე)ფ(ა)ნ(ე)ს და მ(არია)მს და ყ(ოველ)სა ერსა მ(ა)თსა, წ(მიდა)ო ეკლ(ე)ს(ია)ო ს(ი)გრ(ი)ლე ყ(ა)ვ დ(ი)დსა მას დღ(ე)სა.“
 
კუხის მიერ წისქვილის შეწირულობის აქტი

მესამე წარწერა ჯვრის მარჯვენა მხარესაა განთავსებული და იგი მიქაელ გალატოზის საამშენებლო წარწერაა. იგი ასე იკითხება:

 
„სახ(ე)ლ(ი)თა ღ(მრთისაი)თა მას ჟ(ა)მსა ოდ(ე)ს ძრ(იე)ლმ(ა)ნ და უძლ(ეველ)მ(ა)ნ გ(იორგ)ი აფხ(ა)ზთა მ(ე)ფ(ე)მ(ა)ნ შეიპყრნა ზვ(ია)დ მარ(უ)შ(ია)ნი, მ(ა)შ(ი)ნ ესე ბალ(ა)ვ(ა)რი დ(აიდ)ვა ჴ(ე)ლ(ი)თა ც(ო)დვ(ი)ლისა მ(ი)ქ(აე)ლ [ხ(უცეს)?] გ(ა)ლ(ა)ტოზისაჲთა.[2]

ამ წარწერებით ხდება ტაძრის მშენებლობის პერიოდის დადგენა. გიორგი მეფე არის საქართველოს მეფე გიორგი I, ზვიად მარუშიანი — ძლიერი ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენელია, რომელსაც მეფესთან კონფლიქტი მოსვლია, ხოლო ლიპარიტი არის ლიპარიტ III, რომელიც გარდაიცვალა 1022 წელს. პირთა და თარიღების შეჯერებით დგინდება ტაძრის აგების პერიოდი.

მეოთხე წარწერა არის IX-X საუკუნეების კუხის მიერ წისქვილის შეწირულობის აქტი. წარწერა ამოკვეთილია სოფელ გომარეთის ცენტრში მდგარი კუხის ღვთისმშობლის ეკლესიის ტიმპანის ქვის მარჯვენა მხარეს ჩასმულ მართკუთხა ქვაზე. იგი ასე იკითხება:

 
„ქ. სახელით(ა) ღ(მრთისაჲ)თ(ა), მე, კუხმ(ა)ნ შევწირენ წ(მი)დ(ა)ს(ა) ამ(ა)ს ეკლესიას(ა) წისქუ(ი)ლნი. ჟამის(ა) წირავ(ა)დ მიჩინეს დღე ხარებ(ა)ჲ. ამის ეკლეს(ია)ჲსა მ(ღ)უ(დელ)თ(ა) წირონ დღე იგი.[3]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბერიძე ვ. ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია, თბ., 2014, გვ., 25-26

სქოლიო რედაქტირება

  1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ
  2. ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, ტ. I, დმანისის რაიონი, თბ., 2017, გვ., 110-113
  3. ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, ტ. I, დმანისის რაიონი, თბ., 2017, გვ., 97-99