პეტრე დამიანის ძე ზავილეისკი (რუს. Пётр Демья́нович Завеле́йский, Завиле́йский; დ. 12 იანვარი, 1800 — გ. 24 მარტი, 1843) — რუსი სახელმწიფო მოხელე, თბილისის სამოქალაქო გუბერნატორი (1829-1832), ნამდვილი სამოქალაქო მრჩეველი (1833).

მიიღო სამხედრო განათლება, თუმცა 1816 წლიდან სამოქალაქო სამსახურში იყო რუსეთის იმპერიის ფინანსთა სამინისტროში. 1828 წლის თებერვალში დაინიშნა საქართველოს სახაზინო ექსპედიციის უფროსად. მას ევალებოდა თვალყურის დევნება ამიერკავკასიის მხარის კამერალური აღწერისათვის. 1829 წლის ივლისში დაინიშნა თბილისის სამოქალაქო გუბერნატორად. რუსეთ-ოსმალეთის (1828–29) ომის თავმჯდომარეობდა ოსმალეთისგან გათავისუფლებულ ისტორიულ სამცხე-ჯავახეთში სომხების დასახლების მიზნით შექმნილ განსაკუთრებულ კომიტეტს. ამ პერიოდში მან ოსმალეთში გადასახლებული ქართველი მაჰმადიანებისგან ჩალის ფასად შეიძინა 25 სოფელი.

1831 წლიდან ზავილეისკი იყო ახლად დაარსებული ამიერკავკასიის სავაჭრო კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი და მისი მთავარი ზედამხედველი. მეგობრობდა ალექსანდრე გრიბოედოვთან. მასთან ერთად შეადგინა ამიერკავკასიაში რუსული კომპანიებისა და საწარმოების შექმნის პროექტი, რომელიც საბოლოოდ მთავრობამ უარყო. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ოქროპირ ბატონიშვილთან, ალექსანდრე ჭავჭავაძესთან და სხვ.

1832 წელს ზავილეისკის ბრალად დასდეს კავშირი 1832 წლის შეთქმულების მონაწილეებთან. ამის საბაბად ასახელებდნენ მის მიერ ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ მკაცრ მოპყრობას, რათა უკმაყოფილო ხალხი შემდგომში აჯანყებულიყო. ამასთანავე იგი თითქოსდა აღნიშნავდა, რომ ვახტანგ VI-ის სამართლის მიხედვით საქართველოში მეტი თავისუფლება ყოფილა, ვიდრე რუსული მმართველობის დროს. მეფის მთავრობამ მისი, როგორც მაღალი რანგის მოხელის, საჯარო გასამართლება საქართველოში მიზანშეუწონლად ჩათვალა, ბრალდების დაუმტკიცებლობის საბაბით არ დაკითხა, მაგრამ საიდუმლო მეთვალყურეობა დაუნიშნა. 1832 იანვარში გუბერნატორობიდან გადააყენეს და პეტერბურგში გაიწვიეს. 1833 წელს მიღო ნამდვილი სამოქალაქო მრჩევლის წოდება. 1835 წელს მიავლინეს დასავლეთ ციმბირში იქ სახელმწიფო გლეხების განსახლების პროექტის მოსამზადებლად. 1841 წლიდან იყო ფინანსთა სამინისტროს საბჭოს წევრი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნარსია გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 298.
  • ბერძნიშვილი მაქს., მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, თბ., 1980.
  • გოზალიშვილი გ., 1832 წლის შეთქმულება, ტ.1–3, თბ., 1935–76.
  • Биографический словарь. Высшие чины Российской Империи (22.10.1721 — 2.03.1917). Т. 1. / Сост. Е. Л. Потёмкин. — Москва, 2017.