პეტრე ბაგრატიონი (მეცნიერი)
პეტრე რომანის (რევაზის) ძე ბაგრატიონი (დ. 24 სექტემბერი [ ძვ. სტ. 12 სექტემბერი], 1818, ყიზლარი ― გ. 29 იანვარი [ ძვ. სტ. 17 იანვარი], 1876, პეტერბურგი) — ქართველი მეცნიერი და ინჟინერი. მხედართმთავარ პეტრე ბაგრატიონის ძმისწული.
1827 წელს მიაბარეს თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში. 1835 გაამწესეს პეტერბურგის ლაიბ-გვარდიაში იუნკრად. 1845 დაინიშნა ჰერცოგ მაქსიმილიან ლოიხტენბერგის ადიუტანტად და 7 წელი ახლდა მას ევროპაში. ლოიხტენბერგის სიკვდილის შემდეგ (1851) ბაგრატიონი პეტერბურგში დაბრუნდა. 1857 ჩაირიცხა კავკასიის ესკადრონის ლაიბ-გვარდიაში და მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. 1862 დაინიშნა ტვერის გუბერნატორად. 1865 მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება, ხოლო 1870 წელს დანიშნეს ბალტიისპირა ქვეყნების - ლიფლანდიის, კურლანდიისა და ესტლანდიის - გენერალ-გუბერნატორად.
1842-იდან ბაგრატიონმა დაიწყო სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა ფიზიკისა და ქიმიის დარგში. ექსპერიმენტული გამოკვლევებს იგი პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის კაბინეტში ატარებდა. გამოიგონა პირველი მშრალი გალვანური ელემენრი, რომელსაც მიუძღვნა თავისი პირველი სამეცნიერო შრომა (1843, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ბიულეტენი; განმეორებით გამოვიდა ლონდონსა და პარიზში 1845). ამ ნაშრომში იხილავდა გალვანოპლასტიკასა და გალვანურ ელემენტში მიმდინარე პროცესებს. ბაგრატიონმა პირველმა აღმოაჩინა ლითონური ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის ხსნადობა ტუტე ლითონთა ციანიდების წყალხსნარებში, რაც საფუძვლად დაედო დაციანების მეთოდს. 1847 წელს აღმოაჩინა მინერალ ორტიტის სახელობა, რომელსაც "ბაგრატიონი" უწოდეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- პარკაძე ვ., პეტრე რომანის ძე ბაგრატიონი, თბ., 1956;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 131.
- პარკაძე ვ., ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 320, თბ., 1997