პაულის პრინციპი
პაულის პრინციპი — აკრძალვის პრინციპი, ბუნების ფუნდამენტური კანონი, რომლის თანახმად მთელნახევარი სპინის ( ერთეულებით გამოსახული) მქონე ორი იგივეობრივი ნაწილაკი არ შეიძლება ერთდროულად ერთ მდგომარეობაშ იყოს. ეს პრინციპი ჩამოაყალიბა 1925 წელს ვ. პაულიმ ატომთა ელექტრონებისათვის, შემდეგ გაავრცელა მთელნახევარი სპინის მქონე (ფერმიონები) ნებისმიერ ნაწილაკზე (ელემენტარული ნაწილაკები, ბირთვები, ატომები, მოლეკულები). პაულიმ დაამტკიცა, რომ აკრძალვის პრინციპი რელატივისტურ კვანტურ მექანიკაში სპინსა და სტატისტიკას შორის არსებული კავშირის შედეგია: მთელნახევარი სპინის მქონე ნაწილაკები ემორჩილება ფერმი დირაკის სტატისტიკას. კერძოდ, ერთნაირი ფერმიონების სისტემის ტალღური ფუნქცია ანტისიმეტრიული უნდა იყოს ნებისმიერი ორი ფერმიონის გადასმის მიმართ. აქედან გამომდინარე, ერთ მდგომარეობაში შეიძლება იყოს არაუმეტეს ერთი ფერმიონისა. პაულის პრინციპმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ატომის ელექტრონული გარსების შევსების კანონზომიერების არსის გაგებაში, აგრეთვე ატომური და მოლეკულური სპექტრების ახსნაში. ფუნდამენტურია პაულის პრინციპის როლი მყარი სხეულის კვანტურ თეორიაში და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 714.