პარანოიდულ-შიზოიდური და დეპრესიული პოზიციები

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პარანოიდულ-შიზოიდური და დეპრესიული პოზიციები — განვითარების ფსიქოლოგიაში მელანი კლაინმა შემოგვთავაზა „(ფსიქიკური) პოზიციების თეორია“ „(ფსიქიკური) ეტაპების თეორიის“ ნაცვლად.[1]

პარანოიდულ-შიზოიდური პოზიცია

რედაქტირება

ობიექტთა-ურთიერთობის თეორიაში პარანოიდულ-შიზოიდური პოზიცია არის ბავშვის ფსიქიკური მდგომარეობა დაბადებიდან ოთხ ან ექვს თვემდე.

მელანი კლაინმა ჩვილის ადრეული პერიოდების ფსიქიკური ცხოვრება აღწერა, როგორც განვითარების პროცესში განსაზღვრული პოზიციების წარმატებით გადალახვა. კლაინისთვის, პოზიცია არის ფსიქიკურ ფუნქციათა ერთობლიობა, რომელიც შეესაბამება განვითარების გარკვეულ ფაზას, ჩნდება ცხოვრების პირველი წლის განმავლობაში, მაგრამ შეიძლება წარმოდგენილი იყოს ყოველთვის და კვლავ გააქტიურდეს ნებისმიერ დროს. არსებობს ორი ძირითადი პოზიცია: პარანოიდულ-შიზოიდური და დეპრესიული პოზიცია. ადრეული და უფრო მეტად პრიმიტიული პოზიციაა პარანოიდულ-შიზოიდური და თუ კი ინდივიდის გარემოება და აღზრდა დამაკმაყოფილებელია, გადავა დეპრესიულ პოზიციაზე.

პარანოიდულ-შიზოიდური პოზიცია ითვლება, რომ ეს არის ბავშვის ფსიქიკური მდგომარეობა დაბადებიდან ოთხ ან ექვს თვემდე. მიუხედავად იმისა, რომ ეს პოზიცია ვითარდება და შემდეგ ჩნდება ახალი პოზიცია, ნორმალურია ამ ორ პოზიციას შორის წინ და უკან გადანაცვლება, ასევეე ზოგიერთი ინდივიდი შეიძლება უფრო დიდხანს შეყოვნდეს პარანოიდულ-შიზოიდურ პოზიციაზე. ობიექტთა-ურთიერთობის თეორიის როგორც ერთ-ერთი დამფუძნებელი, მელანი კლაინი მიიჩნევს, რომ ემოციები ყოველთვის დაკავშირებულია სხვა ადამიანებთან ან ემოციების ობიექტებთან. ურთიერთობა პირველ თვეებში დაკავშირებულია არა მთლიან ობიექტებთან, არამედ ნაწილობრივ ობიექტებთან, როგორებიცაა მკერდი, დედის ხელები, მისი სახე და ა.შ.

პარანოიდული დაკავშირებულია ცენტრალურ პარანოიდულ შფოთვასთან, უსიამოვნო ინვაზიის შიშთან. ეს განიცდება, როგორც გარედან მომავალი, მაგრამ რეალურად ჩნდება სიკვდილის ინსტინქტის პროექციით. პარანოიდული შფოთვა შეიძლება გავიგოთ, როგორც მოსალოდნელი განადგურების შიში, რომელიც ჩნდება ბავშვის დესტრუქციული ან სიკვდილის ინსტინქტისაგან. ამ პოზიციაზე, ეგოს დაცვის მიზნით სანამ მოხდება კარგი ობექტის უსაფრთხო გაშინაგანება (ინტერნალიზება), მოუმწიფებელი ეგო შფოთვასთან გასამკლავებლად მოიხლეჩს ცუდ გრძნობებს და პროექციას გაუკეთებს გარეთ. ამრიგად, წარმოიქმნება პარანოია. შიზოიდური დაკავშირებულია ცენტრალურ დაცვის მექანიზმთან: გახლეჩვასთან, რაც გულისხმობს კარგი ობიექტის გამოცალკევებას ცუდი ობიექტისაგან.

კლაინის პოსტულატი იმაში მდგომარეობს, რომ ნორმალური განვითარება გულისხმობს ჩვილის მიერ გარე სამყაროს, მისი ობიექტებისა და საკუთარი თავის გახლეჩვას ორ კატეგორიად: კარგი (სასიამოვნო, საყვარელი, სანდო) და ცუდი (მაფრუსტრირებელი, საძულველი, მდევნელი). ეს გახლეჩვა შესაძლებელს ხდის, რომ ინტროექცირდეს და იდენტიფიცირდეს კარგ ობიექტთან. სხვა სიტყვებით: გახლეჩვა ამ ეტაპზე არის სასარგებლო, რადგან ის იცავს კარგ ობიექტს ცუდი ობიექტის მიერ განადგურებისაგან. მოგვიანებით, როდესაც ეგო საკმარისად განვითარდება, ცუდი ობიექტი შეიძლება ინტეგრირდეს და ამბივალენტობა და კონფლიქტი გახდეს ასატანი.

მოგვიანებით, უფრო მეტი მომწიფებისა და დეპრესიული პოზიციის გადალახვის შემდგომ, ეგოს შეუძლია გააერთიანოს კარგი და ცუდი ობიექტები, რომელიც საფუძველს ჩაუყრის მთლიან ობიექტ-ურთიერთობებს. ამისთვის მიღწევა კი გულისხმობს დაკარგული იდეალიზებული ობიექტის გლოვას და დაკავშირებულია დეპრესიულ შფოთვასთან.

კლაინმა განვითარება აღწერა, როგორც ორი ფაზის გადალახვა: პარანოიდულ-შიზოიდული და დეპრესიული პოზიციის გავლით. პარანოიდულ-შიზოიდულ პოზიციაში მთავარი შფოთვა არის პარანოია და ჰიპოქონდრია და შიში ემსახურება თავის გადარჩენას.

როდესაც ყველაფერი კარგად მიმდინარეობს, დედა განიცდება, როგორც სასიამოვნო ფიგურა. თუმცა, როდესაც გადაუდებელ საჭიროებებს და სურვილებს დროულად არ პასუხობს, იმიტომ რომ აქ არ არის რათა შეასრულოს ეს პირობები, კარგი ობიექტი განიცდება, როგორც ცუდი ობიექტი.

შემდგომ, ცუდი ობიექტი ხდება საძულველი და თავს ესხმის ფანტაზიებში. საძულველი მაფრუსტრირებელი ობიექტი სწრაფად გადაიქცევა მდევნელად, რადგან წარმოდგენაში ჩნდება შურისძიების მოლოდინი იმ გზით, რა გზითაც მას მოექცნენ. ამიტომ ხდება, რომ პატარა განიცდის დევნას, ამიერიდან კი „პარანოიას“ პარანოიდულ-შიზოიდურ პოზიციაზე.

როგორც კი სიკვდილის ინსტინქტიდან წარმოქმნილი თვითის ცუდი (აგრესიული, საძულველი) ნაწილები პროექცირდება ობიექტზე, კარგი ნაწილებიც ასევე პროექცირდება ობიექტზე. ადვილია იმის დანახვა თუ რატომ პროექცირდება ცუდი ნაწილები თვითის გარეთ, ვიდრე განიცდებოდეს შიგნით. უფრო რთულია იმის გაგება თუ რატომ პროექცირდება კარგი ნაწილებიც. ამის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც პიროვნება ფიქრობს ვერ შეძლებს კარგი ნაწილების შენარჩუნებას თვითონ, უფრო უსაფრთხოა თუ მას გადაიტანს ობიექტზე. ეს არის იდეალიზაციის საფუძველი, და ის შესაძლოა იყოს სასარგებლო გარკვეულ სიტუაციებში, მაგალითად, ქირურგის იდეალიზაცია, რომელიც ოპერაციას აკეთებს.

ცუდი ნაწილების პროექცია ობიექტზე არის საფუძველი რასიზმის, ჰომოფობიის ან ნებისმიერი სხვა ირაციონალური სიძულვილის სხვა ჯგუფის მიმართ, რომელიც აღიქმება როგორც (მაგრამ არ არის რეალურად) თვითისგან განსხვავებული, მაგალთად, უძრავი ქონების აგენტები, ლიბერალები, კონსერვატორები, ველოსიპედისტები, მანქანის მძღოლები, მარტოხელა დედები, ჩრდილოელები, სამხრეთელები, საგზაო ინსპექტორები და ა.შ.

მას შემდეგ, რაც უფრო შესაძლებელი ხდება ბავშვისთვის აიტანოს ფრუსტრაცია და შეჩერდება კარგ ობიექტზე ხანგრძლივი პერიოდით, მაშინ შეძლებს საკუთარი ცუდი იმპულსების ატანასაც იმ შიშის გარეშე, რომ ის დაანგრევს მას. ეს შესაძლებელს ხდის უფრო რეალურ შეხედულებას თვითზე და ობიექტზე, რომელიც ფლობს როგორც კარგ ისე ცუდ თვისებებს, და თავის მხრივ, ეს პროცესი საფუძველს უქმნის ინტეგრაციასა და დეპრესიული პოზიციის მომწიფებას.

კლაინი ხაზს უსვამს, რომ თვითის კარგი და ცუდი ნაწილები პროექცირდება ობიექტზე ან ობიექტში. ეს ასახავს სიცოცხლისა და სიკვდილის ლტოლვების, სიყვარულისა და სიძულვილის ზემოქმედებას.

დეპრესიული პოზიცია

რედაქტირება

კლაინი დეპრესიულ პოზიციას განვითარების მნიშვნელოვან საკვანძო მომენტად მიიჩნევდა, რომელიც განაგრძობს მომწიფებას მთელი ცხოვრების განმავლობაში. გახლეჩვა და ნაწილობრივი ობიექტის ურთიერთობა, რომელიც ხასიათდება ადრეულ ფაზაზე, იცვლება აღქმის შესაძლებლობით, რომ ის სხვა, რომელიც ფრუსტრაციის მიზეზია იგივიეა, ვინც სიამოვნებას ანიჭებს. შიზოიდური დაცვები კვლავ სახეზეა, მაგრამ დანაშაულის განცდა, მწუხარება და რეპარაციის სურვილი ხდება დომინანტური.

დეპრესიულ პოზიციაზე ჩვილს შეუძლია განიცადოს სხვა, როგორც მთლიანი, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ადრეული ფაზის ობიექტ ურთიერთობისაგან. „დეპრესიულ პოზიციამდე კარგი ობიექტი არ არის იგივე რაღაც, რაც ცუდი ობიექტი. მხოლოდ დეპრესიულ პოზიციაზე ხდება იმის დაშვება, რომ საწინააღმდეგო თვისებები შეიძლება იყოს ერთი და იგივე ობიექტის განსხვავებული ასპექტები“. კარგის და ცუდის ერთმანეთთან დაახლოების ზრდა წარმოშობს ეგოს შესაბამის ინტეგრაციას.

განვითარების პროცესში, რომელსაც ჯეიმზ გროტშტეინი აღწერს ტერმინით „პირველადი გახლეჩვა“,[2] ახალშობილისთვის გასაგები ხდება ფაქტი, რომ ის დედისგან განცალკევებულია. ეს საფუძველს უქმნის ჩვილის დანაშაულის განცდის წარმოქმნას მანამდე არსებული აგრესიული ფანტაზიების გამო, როდესაც ცუდი იყო მოხლეჩილი კარგისაგან. დედის პერიოდული არყოფნა ხელს უწყობს მისი „წარმოდგენითი ხატის“ უწყვეტ აღდგენას. იწყება სიმბოლური აზროვნების შესაძლებლობა და ჩნდება მხოლოდ მაშინ, როგორც კი დეპრესიულ პოზიციაზე შეაღწევს. „პირველადი გახლეჩვის“ შესახებ არსებული წარმოდგენა ქმნის სივრცეს, სადაც სიმბოლო, სიმბოლიზირებული და სუბიექტი თანაარსებობენ. ისტორია, სუბიექტურობა, შინაგანი სამყარო და ემპათია, ეს ყველაფერი შესაძლებელი ხდება ამიერიდან.

პარანოიდული შფოთვა, რომელიც გულისხმობს სხვებისგან მოსალოდნელი განადგურების შიშს, იცვლება დეპრესიული პოზიციისთვის დამახასიათებელი შფოთვით, რომელიც ჩნდება სხვების განადგურების შიშისგან. სინამდვილეში ან ფანტაზიაში, ამჯერად ხდება იმ შესაძლებლობის განხორციელება, რომ ზიანი მიაყენოს ან მიატოვოს ის პიროვნება, რომელიც ამბივალენტურად უყვარს. დეპრესიული პოზიციისთვის დამახასიათებელი დაცვის მექანიზმები მოიცავს მანიაკალურ დაცვებს, განდევნას და რეპარაციას. მანიაკალური დაცვები არის იგივე, რასაც პარანოიდულ-შიზოიდურ პოზიციაზე ვაწყდებით, მაგრამ ამჯერად მობილიზდება იმისათვის, რომ დაიცვას ფსიქიკა დეპრესიული შფოთვისგან. როგორც კი დეპრესიულ პოზიციაზე გაიზრდება ეგოს ინტეგრაციის ფაქტორი, ადრეული დაცვები თვისებრივად შეიცვლება, გახდება ნაკლებად ინტენსიური და საშუალებას ქმნის ფსიქიკური რეალობის შესახებ წარმოდგენის გასაზრდელად.

დეპრესიული შფოთვის დროს პროექციები უკან იხევს, სხვა უფრო ავტონომიური, რეალური და დამოუკიდებლად ხდება. ჩვილი, რომლის დესტრუქციული ფანტაზიები მიმართული იყო იმ ცუდი დედის მიმართ, რომელიც იწვევდა ფრუსტრაციას, ახლა იწყებს იმის გააზრებას, რომ ცუდი და კარგი, მაფრუსტრირებელი და სასიამოვნო, ეს ყოველთვის ერთი და იგივე დედაა. დესტრუქციული ფანტაზიების გამო წარმოქმნილი არაცნობიერი დანაშაულის განცდა ჩნდება იმ უწყვეტი სიყვარულისა და ყურადღების საპასუხოდ, რომელსაც მომვლელები უზრუნველყოფენ.

სიყვარულის ობიექტის დაკარგვის შიშის გააქტიურება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი განვითარების პროცესში. დანაშაულის განცდა და წუხილი ხდება სასიყვარულო ემოციის ახალი ელემენტი. ის გადაიქცევა სიყვარულის შემადგენელ ნაწილად და ზეგავლენას ახდენს როგორც თვისებრივად ისე ხარისხობრივად.[3]

განვითარების ამ მნიშვნელოვანი საკვანძო ეტაპიდან ჩნდება სხვების მიმართ სიმპათიის და პასუხისმგებლობის უნარი და შესაძლებლობა, რომ იდენტიფიცირდეს იმ ადამიანების სუბიექტურ გამოცდილებასთან, რომლებიც მათზე ზრუნავენ. დესტრუქციული პროექციების უკან დახევით, ადგილს იკავებს აგრესიული იმპულსების განდევნა. ბავშვი მზრუნველებს ანიჭებს უფრო მეტი სეპარაციული არსებობის უფლებას, რომელიც ხელს უწყობს განასხვაოს შინაგანი და გარეგანი რეალობა. ყოვლისშემძლეობა მცირდება, რომელიც შეესაბამება დანაშაულის განცდისა და დანაკარგის შიშის შემცირებას.

თუ ყველაფერი კარგად მიმდინარეობს, განვითარების პროცესში ბავშვს შეუძლია ჩაწვდეს იმ ფაქტს, რომ გარეთ არსებული სხვა ადამიანები არიან მისგან დამოუკიდებელნი, აქვთ თავიანთი მოთხოვნილებები და სუბიექტურობა.

ობიექტის (კარგი მკერდის, დედის) ხანგრძლივი არ ყოფნა მანამდე განიცდებოდა დევნად და არაცნობიერი ფანტაზიის თეორიის თანახმად ჩვილი, რომელიც განიცდის დევნას, ფანტაზიაში ანადგურებს ცუდ ობიექტს. კარგი ობიექტი, რომელიც მოგვიანებით ჩნდება აღარ არის იგივე ობიექტი, რომელიც არ გამოჩნდა. ანალოგიურად, ჩვილი, რომელიც ანადგურებს ცუდ ობიექტს, არ არის იგივე, ვისაც უყვარს კარგი ობიექტი.

კარგი შინაგანი დედა შეიძლება ფანტაზიაში ფიზიკურად განადგურდეს აგრესიული იმპულსების საშუალებით. გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ის, რომ რეალურმა მშობლებმა გააგრძელონ სიყვარულის გამოხატვა. ამ გზით ბავშვი იგებს, რომ რაც არ უნდა მოუვიდეს კარგ ობიექტს ფანტაზიაში, იგივე არ მოსდის რეალობაში. ფსიქიკურ რეალობას საშუალება ეძლევა განვითარდეს, როგორც ადგილი, რომელიც გამოცალკევებულია ფიზიკური სამყაროსაგან.

საკმარისად კარგი აღზრდის პირობებში ბავშვის შინაგანი ობიექტი იცვლება და ტრანსფორმირდება და ერთმანეთს ერწყმის კარგის და ცუდის გამოცდილება, რისი საშუალებითაც ობიექტი უფრო რეალურს ემსგავსება (მაგალითად, დედას, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს როგორც კარგი ისე ცუდი თვისებები). ფროიდიანული ტერმინებით, სიამოვნების პრინციპი იცვლება რეალობის პრინციპით.

მელანი კლაინი დეპრესიული პოზიციიდან ზედაპირზე ამოსვლას სოციალური ცხოვრების წინაპირობად მიიჩნევს. უფრო მეტიც, მიაჩნდა, რომ შინაგანი და გარეგანი სამყაროს წარმოქნით იწყება ინტერპერსონალური ურთიერთობები.

კლაინი ამტკიცებდა, რომ ადამიანები, რომლებმაც ვერ გადაამუშავეს დეპრესიული პოზიცია ბავშვობაში, შეექმნებათ პრობლემები ზრდასრულობის ასაკშიც. მაგალითად: შესაძლოა პიროვნება იტანჯებოდეს ძლიერი დანაშაულის გრძნობით საყვარელი ადამიანის გარდაცვალების გამო. დანაშაულის განცდა ჩნდება იმის გამო, რომ არ არსებობს ფანტაზიასა და რეალობას შორის განსხვავება. ეს აგრეთვე ფუნქციონირებს, როგორც დაცვითი მექანიზმი, რომ დაიცვას თვითი აუტანელი სევდისა და მწუხარებისაგან და კარგი შინაგანი ობიექტი თვითის აუტანელი მრისხანებისაგან, რომელიც შინაგანი ობიექტის სამუდამო განადგურებით იმუქრება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Klein, M. (1921–1945). Love, Guilt and Reparation: And Other Works, London: Hogarth Press
  • Klein, M. (1946). Notes on Some Schizoid Mechanisms. Int. J. Psycho-Anal., 27:99-110.
  • Segal, H. (1988). Introduction to the Work of Melanie Klein. Karnac: London.

რესურსებ ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Steven J. Ellman, When Theories Touch: A Historical and Theoretical Integration of Psychoanalytic Thought, Karnac Books, 2010, p. 233.
  2. Grotstein, James S. (1981). Splitting and projective identification. New York, NY: Jason Aronson. ISBN 978-0-87668-348-4.
  3. Klein, Mélanie; Riviere, Joan (1964). "Love, guilt, and reparation". In link; link (eds.). Love, Hate, and Reparation. New York, NY: Norton. ISBN 978-0-393-00260-7.